ელზა პაპოშვილი
15.08.2023

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელთა კონტრშეტევა ნელი ტემპით მიმდნინარეობს, მათ გარკვეული წინსვლა ბახმუტის მიმართულებით აქვთ და ბოლო 24 საათში 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიით წინ წაიწიეს. საერთო ჯამში კი ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული. რუსული არმია კი ბოლო დღეებში ცდილობდა დაებრუნებინა დაკარგული პოზიციები კლეშეევკას, ანდრეევკასა და კურდიუმოვკას მიმართულებებით, თუმცა ვერ შეძლო, რადგან უკრაინელებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. 

ამას გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა წარმატებას მიაღწიეს უროჟაინოეში, სამხრეთ ფრონტზე და წინ მიიწევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებითაც.  

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, მართალია უკრაინელების შეტევა ნელა მიმდინარეობს, მაგრამ ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. მათი შეფასებით, უკრაინელებს რუსების მიერ მჭიდროდ დანაღმულ ტერიტორიებზე საჰაერო თავდაცვის გარეშე გადაადგილება უჭირთ. ამიტომ სწრაფი შეტევისთვის დასავლეთიდან უფრო მეტი და სწრაფი დახმარებაა საჭირო. 

რაც შეეხება უშუალოდ ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინელებმა ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს და ცდილობენ შეტევა უფრო მოკლე მანძილზე და იტენსიური გახადონ, რაც რუსეთის თავდაცვის რაღაც კონკრეტულ ნაწილში რღვევას გამოიწვევს. 

რა ხდება ფრონტის ხაზზე

იერიშები  დნეპროპეტროვსკის, ლვოვის და ჩერკასის რაიონებში რუსებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ლვოვში დაიბომბა საცხოვრებელი სახლები. სარაკეტო თავდასხმის შედეგად ლუცკში სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები. ასევე დაიბომბა კრამატორსკი, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. 

ამის პარალლეურად კი უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე შეტევით ოპერაციას, ხოლო ავდეევკასა და მარიინკას მიმართულებებზე - რუსული ჯარის შეტევების მოგერიებას აგრძელებენ.

უკრაინელთა ტავრიის მიმართულების თავდაცვის ძალების პრესცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ 4 სარაკეტო და 20 საავიაციო დარტყმა განახორციელა; ფრონტზე კი 16 საბრძოლო შეტაკება მოხდა ტანკების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და არტილერიის გამოყენებით.

„სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსი სამხედროების მხრიდან სარაკეტო შეიარაღებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების რისკი კვლავ მაღალი რჩება უკრაინის მთელს ტერიტორიაზე“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.

უკრაინის პრეიზდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი სამშაბათს დონეცკის ოლქში ჩავიდა საბრძოლო პოზიციები მოინახულა.

„დღეს დილიდან დონეცკის ოლქში, ჩვენი საბრძოლო ბრიგადების პოზიციებზე ვიყავი. ვესაუბრე მათ ფრონტის საჭიროებებზე. მნიშვნელოვანია უშუალოდ მეომრებთან ომის გამოცდილების შესახებ საუბარი. დღეს ჩვენ გვქონდა დეტალური, გულწრფელი საუბრები. ვისაუბრეთ ჩვენს შეტევაზე, ჯარზე, მეთაურების შესაძლებლობებზე, დაჭრილების ევაკუაციაზე და გადაყვანის დროზე.

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სისტემის ყველა თანამდებობის პირმა სწორად აღიქვას სიტუაცია, რომელიც არის ფრონტის ხაზზე. თვითმფრინავები სახარჯო მასალაა და უნდა იყოს იმდენი, რამდენიც ჩვენს მეომრებს ჭირდებათ. ამ სფეროში ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ნაადრევია იმის თქმა, რომ საკმარისს ვაკეთებთ.

მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს ახალი საბრძოლო მასალებისთვის. მადლობა ყველას ვინც მუდმივად გვეხმარება," - განაცხადა ზელენსკიმ.   

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ კონტრშეტევის დროს უკრაინელი სამხედროები მეტად მჭდრო დანაღმულ ტერიტორიებზე უწევთ გადაადგილება.

„დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში. ასობით კილომეტრი დანაღმული ველი, მილიონობით ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფრონტის ზოგიერთ სექტორში კვადრატულ მეტრზე ხუთ ნაღმამდე.

„რუსების მიერ დანაღმული ველები სერიოზული დაბრკოლებაა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაგრამ არა გადაულახავი. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მესაზღვრეები და თანამედროვე აღჭურვილობა, მაგრამ ეს უკიდურესად არასაკმარისია ფრონტისთვის, რომელიც ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით“, - თქვა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა „გაფართოვონ და დააჩქარონ“ წვრთნა, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი, უკვე ატარებს უკრაინელი სამხედროებისათვის.

სად მიდის გადამწყვეტი ბრძოლები  

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ ახლა ყველაზე ცხელი წერტილი დონეცკის ოლქში, სამხრეთის მიმართულებაზეა, სადაც უკრაინულმა არმიამ თითქმის სრულად გაათავისუფლა დასახლებული პუნქტი უროჟაინოე. კობერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ შეტაკებები ახლა მხოლოდ ქალაქის გასასვლელში მიმდინარეობს, ხოლო რუსებმა გაქცევისას ბევრი ტექნიკა მიატოვეს. 

„ამის პარალლეურად უკრაინელები ძალიან ინტენსიურად უტევენ სტარომაიორსკოედან სამხრეთით, ზავიტნე ბაჟანნაიას უტევენ, სადაც უროჟაინოედან უკანდახეული რუსები აფარებენ თავს. უკრაინელებმა წმენდა ახლა ამ მიმართულებაზე დაიწყეს. კიდევ უფრო სამხრეთით, უკრაინული არტილერია უკვე ბომბავს სტარომალინივკას, სადაც სექტორის სამეთაურო პუნქტი აქვთ რუსებს მოწყობილი და აქაც საკამოდ რთულ სიტუციაში აღმოჩდნენ. ამიტომ უროჟაინოეს ცენტრისაკენ რუსებმა გადაადგილება ბოლო 48 საათში რამდენჯერმე სცადეს. ისინი პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ,  თუმცა, ცხადია, ეს სუიციდური კონტრშეტევა იყო და ისიც ძირითადად უფროსობისათვის საჩვენებლად, რომ დასახლებისათვის ბევრი ვიბრძოლეთო. ამ იერიშის შედეგად რუსებმა უფრო მეტი დანაკარგი მიიღეს, ვიდრე მანამდე.  

„ჯერჯერობით უკრაინული კონტრშეტევიდან ველიკა ნოვოსილკას მიმართულება ყველაზე წარმატებულად რჩება. აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთიდან გზა მარიუპოლისაკენ მიემართება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა“, - ამბობს კობერიძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, 10 კილომეტრით დასავლეთით, ზაპორიჟიეს ოლქში, უკრაინელები შეტევაზე გადავიდნენ პრიუტნეს მიმართულებით. პრაქტიკულად ბოლო სამი კვირაა მის ირგვლივ იკავებდნენ პოზიციებს და ახლა უკვე შეტევაზე გადასვლა დაიწყეს.

„უკრაინელებს წარმატებები ხერსონის ოლქშიც აქვთ, სადაც უკრაინული არტილერია ძალიან აქტიურად მუშაობს. ხერსონის ოლქში, აღმოსავლეთ სანაპიროზე, უკრაინელები რუსების პოზიციებს აქტიურად ბომბავენ. დაიბობმა ოლეშკი, სადაც რუსებს იარაღის საწყობი და ბაზა ჰქონდათ მოწყობილი. 

„უკრაინული არტილერია ყველა იდენტიფიცირებულ რუსულ პოზიციას როგორც ჭურვებით, ისე რაკეტებით ურტყამს. ამასთან, ფრონტის ამ მონაკვეთზე მყოფი რუსი მაიორი უკრაინელებს ტყვედ ჩაუვარდათ. 

„რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, უკრაინელებს აქაც წარმატებები აქვთ. ამიტომ სამხრეთით, კლიშჩიივკა-ანდრიივკასაკენ მიმართულებაზე რუსებმა მასირებული კონტრშეტევა სცადეს. საქმეში ასევე  მძიმე არტილერია და სატანკო ნაწილები ჩართეს. ამაში მონაწილეობდნენ შემორჩენილი ლუგანსკელი და დონეცკელი სეპარატისტებიც. მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ეს კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. ორივე დასახლების მისადგომებთან აფეთქებული რუსული ტექნიკაა მიმოფანტული. რუსების კონტრშეტევა ჩავარდა. ბახმუტის დასახლებების დიდი ნაწილი უკრაინელთა ხელშია, მეორე ნაწილი კი ე.წ. ნაცრისფერ ზონაში ხვდება, ანუ მას არავინ აკონტროლებს და სროლები გრძელდება, ოღონდ ძირითადად შორეული მანძილიდან. ასე რომ, უკრაინელების წინსვლა ნელა, მაგრამ წარმატებით გრძელდება“, - ამბობს კობერიძე „რეზონანსთან“.

რატომ გაიწელა კონტრშეტევა 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინელთა კონტრშეტევის ნელი ტემპის მიზეზი საჰაერო სივრცის დაუცველობაა, რადგან უკრაინას ამ დრომდე არ აქვს ავიაგამანადგურებელი „ეფ-16“-ები და ჰაერიდან თავისი შეიარაღებული ძალების დაცვას ვერ ახერხებს. ასევე დანაღმულია უკრაინის ტერიტორია და რთულია ამ პირობებში სწრაფად გადაადგილება.  

„დასავლურ მედიაში ნამდვილად გაჩნდა კითხვები და აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, არის თუ არა უკრაინის კონტრშეტევა დროში ძალიან გაწელილი. ნამდვილად ასეა, რადგან ყველას  გვქონდა მოლოდინი, რომ უფრო სწრაფი და წარმატებული კონტრშეტევა იქნებოდა. თუმცა, თუკი დასავლეთში ამაზე შეშფოთებულები არიან, ამის მიზეზების გაანალიზებაა საჭირო და ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რატომ გაიწელა ასე. 

„აქ არის რამდენიმე პრობლემა და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინელებს არ აქვთ ჰაერიდან დაცვა. უკრაინას „ეფ-16“-ები ჯერ კიდევ არ მიაწოდეს და დანაღმული ველების გადალახვა ასეთი ფორტიფიცირებული თავდაცვის პირობებში უჭირთ. წარმოუდგენელია საჰაერო თავდაცვის გარეშე მათი განნაღმვა დროში სწრაფად მოხდეს. 

„უკრაინელებს განნაღმვაც უჭირთ. ამიტომ დიდი დამრტყმელი მუშტის შექმნა და შემდეგ ამ დანაყოფის გადაადგილება, შეტევაზე წასვლა უჭირთ. შესაბამისად, ეს შეშფოთება უკრაინელების მხრიდანაც ისმის, რადგან ისინი საჰაერო თავდაცვის კუთხით უფრო მეტ დახმარებას ელოდნენ. 

„ვინაიდან იღებენ იმას რასაც იღებენ, ამის გამო უკრაინელებს ტაქტიკის შეცვლა უწევთ. ამის გამო იძულებული არიან ფართო მასშტაბის ნაცვლად, პატარა ლოკაციებზე მოახდინონ დარტყმები და რუსეთის თავდაცვა ამ ფორმით გაარღღიონ“, - ამბობს კაპანაძე „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×