ნაზი ბერიძე
17.08.2023

უკვე რამდენიმე თვეა, რაც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი პუნქტი - ლაჩინის კორიდორი - აზერბაიჯანმა მხარემ დაკეტა, რამაც ყარაბაღის სომხურ სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული სიტუაცია შექმნა. ეს საკითხი, სომხური მხარის თხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა და აზერბაიჯანს „წითელი ჯვრის" ჰუმანიტარული ტვირთების გატარება დაავალა.

აღსანიშნავია, რომ ამ თემის ინიცირებას ხელი შეუწყო უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, საფრანგეთმა. აშკარაა, რომ ყარაბაღის საკითხი, რაც ადრე რუსეთის უპირობო „ვოტჩინა" იყო, ახლა ინტერნაციონალიზაციას განიცდის, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის გაძევების ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება გახდეს.

გაეროს უშიშროების საბჭოზე თქვა, რომ რეგიონში პირველადი მოხმარების საგნები თითქმის ამოწურულია, მოსახლეობაში კი შიმშილის ზღვარზეა. მეტიც, არის ცნობები შიმშილით ადამიანების გარდაცვალებაზე. შეხვედრა სომხეთის ინიციატივით მას შემდეგ გაიმართა, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ბლოკადა შესაძლოა შეიცავდეს ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის გენოციდის ნიშნებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რეგიონში კატასტროფის პრევენცია გაეროს მთავარი პასუხისმგებლობაა. თავის მხრივ, გაეროში აზერბაიჯანის წარმომადგენელმა იაშარ ალიევმა მირზოიანის განცხადებას უსაფუძვლო ბრალდება უწოდა. ამასთან, მან ერევანი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღის მეორე ომმა არსებითად შეცვალა მანამდე არსებული ვითარება. ამ ომში აზერბაიჯანმა მოახერხა კონტროლის აღდგენა, როგორც ყარაბაღის ნაწილზე, ისე იმ აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა. მერე მხრივ, ისედაც პასიური ეუთოს მინსკის ჯგუფი, სრულიად უმოქმედო გახდა, რადგან მხოლოდ რუსეთის მონაწილეობით (და თურქეთის არაპირდაპირი ჩართულობით) გაფორმდა 2020 წლის 10 ნოემბერს ახალი სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ახლა ყველა მხარე თავისი ნაბიჯების გამართლებასა და ინტერესების დაცვას ცდილობს, რომელიც ხელმოწერილია დოკუმენტის სახით.

„ის, რომ ყველაფერი სუფთად არ არის ლაჩინის კორიდორთან დაკავშირებით, ესეც ფაქტია. თავისი წვლილი დანაშაული აქვს როგორც სომხურ, ისე აზერბაიჯანულ მხარეს. სხვათაშორის რუსული მხარეც ცოდავს ამასთან დაკავშირებით. თავიდან რომ შევხედოთ კონფლიქტს, რუსული მხარე არ ელოდებოდა, რომ 2020 წელს აზერბაიჯანი ასე აქტიურად იმოქმედებდა.

„ახლა ყველა მხარე ცდილობს თავისი დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. აზერბაიჯანი ცდილობს იმ გეგმის რეალიზაციას, რომელზეც ხელი მოაწერინა მხარეებს.სომხეთი ცდილობს რომ იმ ხელმოწერილი დოკუმენტის რეალიზაცია არ მოახდინოს, და ეს არის ყველაფერი. მაგალითად სომხური მხარის ინტერესებში არ შედის ზანგეზურის კორიდორის ამუშავება. აზერბაიჯანის ინეტერესებში არ შედის, რომ იქ დარჩნენ რუსი სამშვიდობოები. რატომ? აზერბაიჯანის უკან მდგომი თურქეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიური პოლიტიკიდან საერთოდ ამოაგდონ რუსეთი, რაც განსაკუთრებით თურქეთის პოზიციაა. თანაც მყარი პოზიციაა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ოფიციალურად არ ცხადდება - ეს არის, ასე ვთქვათ, თურქეთის მუდმივა. ტრადიციაა თურქული პოლიტიკისა, რომ კავკასიას ის უნდა აკონტროლებდეს, და რუსეთმა თავისი ბრიყვული შეცდომებით, იმდენი გააკეთა, რომ 100 წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სამხედრო თვალსაზრისით დააბრუნა. საბოლოო ჯამში, უბრალო მოსახლეობაზე ტყდება ჯოხი.

„რაც შეეხება გაეროს, რა მექანიზმების ჩართვა შეუძლია, რასაკვირველია, ეს არის გაეროს სასამართლო. ამ სასამართლომ ერთხელ უკვე გამოიტანა დადგენილება იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანმა ლაჩინის კორიდორის ბლოკადა უნდა მოხსნას, მაგრამ არც არაფერი არ გამოვიდა აქედან, იმიტომ რომ ეს სასამართლო იმ უფლებამოსილების არ არის, რომ მერე თავისი გადაწყვეტილების შესრულება იძულების წესით მოახდინოს. მას ერთგვარი რეკომენდაციის სახე აქვს.

„თუმცა, გაეროს ბევრი რამ შეუძლია, ბოლოს და ბოლოს აზერბაიჯანის გარიცხვაც შეუძლია თავისი რიგებიდან, მაგრამ საკითხავია, რამდენად აწყობს ეს მას. პრინციპში ეს არის კლასიკური პოლიტიკური იწილო-ბიწილო, რომელსაც მსოფლიოში ბოლო წლებია განსაკუთრებით აქტიურად ვხვდებით, როდესაც მოშლილია მსოფლიო წესრიგი. ასე რომ, მე ვერ ვხედავ, ასეთი გადამწყვეტი წარმატების მიღწევას შეძლებს გაერო იქნება ეს თუ სომხური მხარე, თუნდაც იმიტომ, რომ აზერბაიჯანს თავისი ლობისტები ჰყავს, თურქები იქნება ეს თუ სხვა მუსლიმანური სახელმწიფოები," - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×