ნაზი ბერიძე
17.08.2023

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად, მხოლოდ დადასტურებული მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის 1236 მაცხოვრებელი დაიღუპა, მათგან ყველაზე მეტი დაღესტნელია, მეორეზე კი მსხვერპლის რაოდენობით ჩრდილოეთ ოსეთია. ოფიციალური ცნობები, რამდენი სამხრეთელი ოსი და აფხაზი შეეწირა პუტინის ავანტიურას ან იბრძვის უკრაინაში, არ არის.

როგორც „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, ოკუპირებულ რეგიონებში ომი არაა პოპულარული და ნაკლები დანაკარგები შეინიშნება ამ კუთხით. სულ, მისი მონაცემებით, სამხრეთ ოსეთიდან დაახლოებით 300, აფხაზეთიდან კი 60-მდე კაცი იბრძვის უკრაინის კონფლიქტში. თუმცა რეალური მონაცემები დაღუპულების შესახებ, შესაძლებელია მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეიძლება გახდეს ცნობილი.

როგორც გამოცემა „კავკაზ უზელი" იუწყება, 3 აგვისტოსთვის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურად თქვეს, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციაში ჩრდილოეთ კავკასიისა და სამხრეთ ფედერალური ოლქებიდან მინიმუმ 2350 მებრძოლი დაიღუპა, აქედან 1236 ჩრდილოკავკასიელია. გამოცემა მათი სახელების სიას ფლობს, რომელიც ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ოფიციალურად გამოცხადებული მონაცემების საფუძველზეა შედგენილი.

მათგან 595 დაღესტნელია, 203 ჩრდილოეთ ოსეთის მაცხოვრებელი, 163 სტავროპოლის ტერიტორიიდან, 117 ჩეჩნეთიდან, 98 ყაბარდო-ბალყარეთიდან, 39 ინგუშეთიდან და 21 ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან. ამას გარდა აღიღედან, რომელიც სხვა, სამხრეთ ფედერალური ოლქის ნაწილია, 33 ადამიანი დაიღუპა, ამავე ოლქის კიდევ ერთი რესპუბლიკიდან, ყალმუხეთიდან კი 29.

ანალიტიკოსები დაღესტნელებს შორის ასეთ მსხვერპლს იმ გარემოებას უკავშირებს, რომ ღარიბი რეგიონების მაცხოვრებლები ყველაზე ხშირად მიდიან სამხედრო სამსახურში.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ კავკასიელები რუსეთ-უკრაინის ომში ყველაზე მეტი იღუპება, იმიტომ რომ მათი გაწვევა, უზრუნველყოფა და რჩენა რუსეთის ხელისუფლებას უფრო იაფი უჯდება. თუმცა ომის დასრულებამდე კონკრეტული ციფრების დასახელება სავსებით შორს არის რეალობისგან. რაც შეეხება აფხაზებს და ოსებს, ისინი ჯერჯერობით უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებად ითვლებიან, რომლებზეც რუსეთის კანონმდებლობა არ ვრცელდება

„რა თქმა უნდა ზუსტი სტატისტიკის დადგენა შეუძლებელია, ვიდრე ომი არ დასრულდება, რადგან, როგორცწესი, ომში მონაწილე მხარეები ზუსტ სტატისტიკას არ ავრცელებენ. მაგრამ არის ორგანიზაციები, რომლებიც ითვლიან მაინც სასაფლაოების რაოდენობით თუ სხვადასხვა მონაცემებით, მტკიცდება გარკვეული დაღუპულთა რაოდენობა.

„ამბობენ-ხოლმე რომ მაგალითად, მთლიანად რუსეთის მხრიდან დაიღუპა 200 ათასი ჯარისკაცი. რამდენად დამაჯერებელია, არავინ არ იცის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ციფრია, თვითონ რუსები არაფერს არ ამბობენ, მაგრამ თუ ამბობენ, ძალიან დაბალ ციფრებს.

„აშკარად ჩანს შემდეგი, რომ რუსეთიდან იწვევენ თავის მოქალაქეებს როგორც წესი რეგიონებიდან. დიდი ქალაქებიდან, მოსკოვიდან და სანკტ პეტერბურგიდან ცდილობენ არ გაიწვიონ, მხოლოდ რეგიონებიდან.

„კავკასია თუ შეიძლება ითქვას ერთ-ერთი დეპრესიული რეგიონია, აქ ძალიან მაღალია უმუშევრობა, სიღარიბე და შობადობაც მაღალია. შესაბამისად, კავკასიიდან, ჩრდილოეთ კავკასია იგულისხმება, გაწვევა შედარებით იაფია, იოლია და ფულზე ხალხი მიდის ბევრი. ჩეჩნეთიდან მიდის ძალიან ბევრი განსაკუთრებით.

„ამიტომ, ასეთი რეგიონებიდან, როგორც წესი, დიდი რაოდენობით ადამიანები იღუპებიან. შესაბამისად რა ინფორმაციაც ვრცელდება, ეს არის ძალიან შორს რეალობიდან. მე მგონი, მნიშვნელოვნად, სამჯერ-ოთხჯერ უნდა გაიზარდოს ეს რცხვი, აშკარად შემცირებულია. ზუსტად 10 ათასი კაცი მაინცაა დაღუპული ჩრდილოეთ კავკასიიდან, მაგრამ ამის დათვლას ახლა აზრი არა აქვს, ვიდრე ომი არ დასრულდება.

„სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს მეტ-ნაკლებად უტყუარი ინფორმაცია რა ხდება საქართველოს ტერიტორიებიდან, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. აქ გვაქვს ისეთი შემთხვევა, რომ რუსეთი არ ეხება უცხო ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთს აღიარებული აქვს დამოუკიდებლად, ამიტომ მათთვის ითვლება უცხო სახელმწიფოებად. შესაბამისად, რუსეთის კანონმდებლობა ამ მიმართულებით არ ვრცელდება ჯერჯერობით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. რუსეთი ვერ გაიწვევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებსმ, იმიტომ რომ ისინი სხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ.

„ამასთან, რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ სხვა ლეგიტიმურ მსოფლიო დონის სახელმწიფოებში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი თუ გაერთიანებული სამეფო. იქიდანაც ვერ გაიწვევს რუსეთი მათ. თუმცა, ახლა იღებენ კანონს, რომლითაც შეიძლება მოუწიოთ მოქალაქეებს პასპორტთან ერთად ჩააბარონ გაწვევის ბარათიც. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, რუსეთში ამას უახლოეს მომავალში აპირებენ.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ასეა თუ ისეა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები არ ექვემდებარებიან დღევანდელი წესით გაწვევას. მაგრამ მაინც იბრძვიან აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან მეომრები, ყველანი ესენი არიან ნებაყოფლობით, მოხალისეები, თავისი ნებით მიდიან. არის მოხალისეების ბატალიონები როგორც აფხაზეთიდან ისე სამხრეთ ოსეთიდან. მაგალითად სამხრეთ ოსეთიდან 200-300 კაცია. სამხრეთ ოსეთში უფრო პოპულარულია უკრაინის ომი, იმიტომ რომ სამხრეთ ოსები ერთმანეთს აღიქვამენ ერთიან ერად , როგორც სამხრეთ ისე ჩრდილოეთ ოსები, ამიტომ არსებობს გარკვეული პროპაგანდა ჩრდილოეთ ოსეთიდან და ამიტომ ოსები უფრო მეტნი მონაწილეობენ საბრძოლო მოქმდებებში რუსეთის მხრიდან.

„აფხაზეთში ძალიან არაპოპულარულია უკრაინის ომი და მე მგონია რომ 60 კაცზე მეტი არ იბრძვის დღეს უკრაინაში, რუსეთის სასარგებლოდ. აფხაზეთში დაიღუპა 7-8 ადამიანი და არ გამოუწვევია დიდი აჟიოტაჟი და განსაკუთრებული გლოვა და განსაკუთრებული ვნებათაღელვები. ყველანი იყვნენ მოხალისეები და აფხაზურმა საზოგადოებამ ეს ტრაგედიები გაატარა გვერდზე," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×