ნაზი ბერიძე
20.08.2023

დასახლებულ პუნქტ უროჟაინეს აღებით უკრაინის არმია კიდევ უფრო მიუახლოვდა რუსების დაცვის მთავარ ხაზს, მაგრამ მისი გარღვევა პრაქტიკულად შეუძლებელია მანამდე, სანამ უკრაინა „ეფ-16"-ებს არ მიიღებს - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ანალიტიკოსები საუბრობენ. მათი შეფასებით, უკრაინელებს სწორედ ამ მიმართულებასა და ბახმუტთან აქვთ გარჯვეული წარმატებები, რუსებს კი - კუპიანსკთან.

უროჟაინეს მნიშნელობაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ რუსებმა შაბათს ღამით ამ სოფლის დასაბრუნებლად მასირებული კონტრშეტევა წამოიწყეს, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.

რაც შეეხება ბახმუტს, უკრაინელების მიერ სტრატეგიული სიმაღლეების დაკავების შემდეგ, რუსებს უკიდურესად გაუჭირდებათ ბახმუტის სამხრეთით მდებარე კლიშევკის დაცვა და შესაძლოა იგი დატოვონ. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის არმია უშუალოდ ბახმუტს მიადგება და დაიწყება ბახმუტის ბრძოლის ახალი ეპოპეა.

ამ ყველაფრის ფონზე შაბათ-კვირას კი ორივე მხარე ახორციელებდა ღრმა ზურგშ მდებარე მოწინააღმდეგის ქალაქებზე საჰაერო დარტყმებს.

„ფერისცვალების საჩუქარი" რუსებისაგან და უკრაინელთა პასუხი

შაბათს, 19 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 12-ის ნახევარზე რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით ჩერნგოვის ცენტს დაარტყა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა შვიდი და დაშავდა 148 ადამიანი. დარტყმა დრამატულ თეატრზე განხორციელდა, სადაც დრონების მწარმოებელთა და აეროდაზვერვის სასწავლებლების წარმომადგენელთა შეკრება იმართებოდა.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის ექვსი წლის გოგონა, მიდი დედა კი საავადმყოფოში იმყოფება და მძიმე მდგომარეობაშია.

იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაშ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ამაზე რუსეთის თავდასხმაზე საგრძნობ პასუხს გასცემენ.

„სარაკეტო დარტყმა ქალაქის ცენტრზე განხორციელდა და ეს ფერისცვალების დღესასწაულზე მოხდა, მართლმადიდებელ დღესასწაულზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეომრები რუსეთის ამ ტერაქტს პასუხს გასცემენ, საგრძნობ პასუხს", - განაცხადა ზელენსკიმ.

20 აგვისტოს კი უკრაინელებმა თვითმკვლელი დრონებით განახორციელეს შეტევა რუსეთის სიღრმეში. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა კურსკის სარკინიგზო სადგურს, რის შედეგადაც დაშავდა ხუთი ადამიანი.

„უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა კურსკში. წინასწარი ინფორმაციით, ის სარკინიგზო სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შედეგედაც სახურავზე გაჩნდა ხანძარი, ხუთმა ადამიანმა შიშების ნამსხვრევებისაგნ მსუბუქი დაზიანებები მიიღო", - განაცხადა კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა.

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ინფორმაციით კი, 20 აგვისტოს რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარტით შეტევა სცადეს, თუმცა, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ეს მცდელობა აღკვეთეს.

„ღამით, მოსკოვზე, სამხრეთის მიმართულებით, განხორციელდა თავდასხმის მცდელობა უპილოტო საფრენი აპარატებით. საჰაერო თვადცვის ძალებმა ეს თავდასხმა აღკვეთეს, მადლობა სამხედროებს გაწეული სამუშაოსათვის", - განაცხადა სობიანინმა.

ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის კონკრეტულად სად ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი.

მანამდე დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო რეისების მიღება შეწყვიტა მოსკოვის ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებმა.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

რუსულმა ძალებმა, 20 აგვისტოს გასული დღე-ღამის განმავლობაში, შეტევის რამდენიმე მცდელობა განახორციელეს, ისინი ცდილობდნენ წინსვლას ბახმუტთან, მარინკასთან და ახლახან გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინეს მიდამოებში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსებმა შეტევის წარუმატებელი მცდელობა განახორციელეს ბოგდანოვკას ჩრდილოეთით, ასევე კლეშჩიევკას ჩრდილოეთით და სამხრეთით. თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსი ოკუპანტების შეტევა ქალაქ მარინკას მახლობლად.

„შახტიორსკის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა დაკარგული პოზიციის აღდგენას სოფელ უროჟაინეს მიდამოში, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს", - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საერთო ჯამში, 32 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მთავარი მოვლენები ახლა ბახმუტის გარშემო ვითარდება, სადაც უკრაინელებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. იგი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა უკვე უშუალოდ ბახმუტისთვის დაიწყოს.

„მოცემული მომენტისთვის კრიტიკული ვითარებაა ბახმუტთან. უკრაინელებმა შეძლეს ბახმუტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტებში შესვლა, ფაქტიურად იქ არის რამოდენიმე სიმაღლე და იმ სიმაღლეების დაკავება, რაც მათ საშუალებას აძლევს ბახმუტის სამხრეთის გარეუბნებზე საცეცხლე ზემოქმედება მოახდინონ.

„იქ მდებარეობს ქალაქი კლიშევკა და მის მახლობლად მდებარე სიმაღლეები დაიკავეს უკრაინელებმა. კლიშევკის დაცვა კი რუსებისთვის ფაქტიურად უაზრო ხდება, ვინაიდან ეს არის ჩავარდნილი ადგილი და უკრაინელები მაღლობებიდან ახორციელებენ საცეცხლე დარტყმებს. არ არის გამორიცხული ეს ტერიტორია რუსებმა დატოვონ და მალე დაიწყოს ბრძოლა უშუალოდ ბახმუტისთვის.

„ასევე უკრაინელებმა ბოლოს და ბოლოს შეძლეს და აიღეს დასახლებული პუნქტი ურაჟეინოე. ეს უკვე არის ზაპოროჟიეს რაიონში, სამხრეთისკენ და ცდილობენ ახლა იქ რეზერვების შეყვანას, რათა განავითარონ შეტევა. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ეს საკმაოდ ნელა ვითარდება.

„უკრაინელებმა ტაქტიკა შეცვალეს და დიდი ძალებით არ უტევენ. შეტევისას დასაწყისში წინა ხაზზე არის ქვეითები და მათ ჯავშანტექნიკა უწევს საცეცხლე მხარდაჭერას. მას შემდეგ კი, რაც გაათავისუფლებენ გარკვეულ ტერიტორიას, ჯავშანტექნიკა მერე მიდის სწორედ იმ ტერიტორიაზე. მცირე ზომის დანაყოფებით - ალბათ ოცეულის ტაქტიკური ჯგუფის და ასეულის ტაქტიკური ჯგუფის დონეზე მოქმდებენ.

„რუსებმა კი შეძლეს წინ წაწევა 4 კილომეტრით კუპიანსკის მიმართულებაზე, ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთი მონაკვეთი, და აგრძელებენ შეტევას. უკრაინელები იძულებული არიან რეზერვი გადაისროლონ ამ მიმართულებაზე, რათა შეაჩერონ რუსების წინსვლა. ასე რომ, დიდი აქტიურობა ამჯერად ძირითადად ბახმუტის მიმართულებაზეა", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი მიიჩნევს, რომ კუპიანსკის მიმართულება რუსების შემოგდებული სატყუარეე და ცდილობენ უკრაინელებს ყურადღება აქეთ გადაატანინონ.

„უკრაინელები აგრძელებენ სამხრეთის მიმართულებაზე შეტევას, მაგრამ ამ ეტაპისთვის განსაკუთრებულ წინსვლას ვერ ვხედავ, უნდა დაველოდოთ.

„რაც შეეხება რუსებს, მათ მასირებული პროპაგანდისტული კამპანია ჰქონდათ კუპიანსკის მიმართულებაზე, თითქოს შეეტევას დაიწყებდნენ, მაგრამ რეალურად ცდილობდნენ ამ მიმართულებისკენ უკრაინელთა ყურადღების გადატანას. არც რუსეთის აქტიური მოქმედებები არ ჩანს. თავდაცვაზე არიან გადასული და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეს დაკავებული ტერიტორიები შეინარჩუნონ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

რას ნიშნავს უროჟანოეს აღება

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" უროჟაინოზე საუბარისას აღნიშნავს, რომ უკრაინელები რუსების დაცვის ხაზთან მხოლოდ მიუახლოვდნენ. ამასთან, იგი დეტალურად აღწერს ზოგადად როგორაა მოწყობილი დაცვის ხაზი და ამ კონკრეტულ მიმართულებაზე რომელი დასახლებული პუნქტის გათავისუფლება ჩაითვლება ხაზის გარღვევად.

„დაცვის მთავარ ხაზთან უკრაინელები მისულები არ არიან. მხოლოდ მიუახლოვდნენ მოწინააღმდეგის დაცვის პირველ ხაზს. ზოგადად, როცა ხდება თავდაცვის ორგანიზება, იქ არის პირველი ხაზი, მეორე ხაზი, მომკვეთი პოზიციები და ა.შ. მაგრამ ამავე დროს არის უზრუნველყოფის ზონა. სანამ ამ პირველ ხაზამდე მიხვალ, იქ შეიძლება იყოს განთავსებული ბატალიონიც, ბრიგადაც, რომელიც იცავს ძირითად ძალებს უშუალო ზემოქმედებისაგან. ჯერჯერობით უკრაინელები იმყოფებიან ამ უზრუნველყოფის ზონაში და იქ მიდის ბრძოლები, რათა შეძლონ უკრაინელებმა გავიდნენ ძირითად თავდაცვის ხაზზე.

„რაბოტინოც იქვე არის. ეს არის უზრუნველყოფის ზოლი, რომლის სიღრმეც, როგორც წესი, 15-20 კმ-ია და აი ამაში გასვლას ცდილობენ უკრაინელები. იქიდან შეძლებენ უკვე ტოკმაკის მიმართულებაზე შეტევის განხორციელებას, მაგრამ ჯერჯერობით უნდა აიღონ ეს მიმართულებები, დაიმკვიდრონ და შემოიყვანონ ძირითადი ძალები.

„რაბოტინო-უროჟაინეს მიმართულებაზე ბრძოლა ეხმარება უკრაინელებს გავიდნენ ტოკმაკის მიმართულებაზე, რომელიც არის რუსების ძირითადი თავდაცვის ზღუდის ერთ-ერთი მთავარი კვანძი. უკრაინელებისთვის თითოეული გოჯი მიწის გათავისუფლება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ სწორედ ესაა ის მთავარი მიმართულება, რომელზეც უკრაინელებს აქვთ აქცენტი გაკეთებული", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი ასევე მიიჩნევს, რომ უროჟაინეს აღება უკრაინელების მიერ მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის გარღვევას არ ნიშნავს. მისი აზრით, უკრაინელთა მთავარი სამიზნე ამ მიმართულებაზე ქალაქი მელიტოპოლია, რომლის ასაღებადაც მათ ჯერ უროჟაინე უნდა გაათავისუფლონ და შემდეგ - ტოკმაკი. ზოგადად კი, ბერიძის აზრით, რუსების დაცვის ხაზის გარღვევა პრაქტიკულად შეუძლებელია, სანამ უკრაინელები დასავლელი მოკავშირეებისაგან შესაბამისად აღჭურვილ ავიაგამანადგურებელ „ეფ-16"-ებს არ მიიღებენ, რაც უკვე დაწყებულია.

„ურაჟოინოე უკვე გაათავისუფლეს უკრაინელებმა. როგორც ინფორმაცია გავრცელდა, რუსებმა სცადეს მისი უკან დაბრუნება და სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობდა შაბათს ღამით, მაგრამ, როგორც ჩანს, ურაჟოინოე ისევ უკრაინის ხელში რჩება.

„უკრაინელებს მისი მოპოვებით რუსების დაცვის ხაზი არ გაურღვევიათ. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ასეთი რამ - დაცვის ხაზის გარღვევა - არც მოხდება ამ ბრძოლაში. აქ არის უბრალოდ ძალიან ნელი, თანმიმდევრული წინსვლა და ერთი მორიგი სოფელი დაიკავეს.

„როდესაც უკრაინას გადაეცემა „ეფ-16"-ები, რაზეც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ ხაზის გარღვევაზე, დანაღმული ველების იოლად გადალახვაზე, მოწინააღდეგის ზურგში დარტყმების მიყენებაზე და ა.შ.

„ყველა დასახლებულ პუნქტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. რაბოტინო უბრალოდ არის შემდეგი პუნქტი, რომლის აღებაც საჭროა იმისთვის, რათა გაათავისუფლონ ტოკმაკი და გავიდნენ მელიტოპოლისკენ. რამდენჯერმე ვისაუბრეთ, რომ ბრძოლა ძირითადად დასახლებულ პუნქტებთან და მის გარშემო მიმდინარეობს და ეს არის ასეთი მნიშვნელოვანი პუნქტი - რაბოტინო.

„მელიტოპოლის აღება უკვე შეიძლება ჩაითვალოს გარღვევად, ტოპმაკის მაინც, მელიტოპოლი თუ არა", - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×