ელზა პაპოშვილი
21.08.2023

უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ და გასული კვირის განმავლობაში კიდევ სამი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. ამ მიმართულებით გათავისუფლებული მთლიანი ტერიტორიის ფართობი 43 კვადრატულ კილომეტრამდე გაიზარდა. აღმოსავლეთ უკრაინაში კი მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და სიტუაცია განსაკუთრებით რთული ქალაქ კუპიანსკის მახლობლად არის. ოკუპანტები წინსვლის გეგმას და დამატებითი ძალების მობილიზებას ახორციელებენ. 

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კი დაშავებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჩერნიგოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა. როგორც ოლქის ადმინისტრაციაში ამბობენ, 41 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

19 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ჩერნიგოვის ცენტრსა და დრამატულ თეატრზე მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი. დაზიანდა 500-მდე შენობა.    

ამის პარალლეურად კი უკრაინული დორნებით მოკოვზე თავდასხმები გრძელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი დრონი რუზსკის რაიონის პოკროვსკოეს დასახლებასთან ჩამოვარდა, მეორე კი ისტრას რაიონის ტერიტორიაზე. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს გამოეხმაურა რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი. მისი თქმით, ერთ-ერთი დრონი მის სახლთან ჩამოვარდა.  

რუსული ბოროტება ტკივილითა და სიკვდილით ესხმის თავს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს. ისინი ღიად ამბობენ, რომ უკრაინა საკმარისი არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება.

„მოგვიანებით, ჩვენი ქვეყნის შემდეგ, მათ სურთ ტანჯვა ევროპასა და მსოფლიოში გადაიტანონ. დარწმუნებული ვარ, გესმით ეს მოსკოვიდან. რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს. მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები - თითოეული მათგანი შეიძლება გახდეს სამიზნე რაკეტებისთვის, ან დაქირავებული მებრძოლებისთვის ან დესტაბილიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას გრძნობთ, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს! მინდა, რომ ნახოთ, გესმოდეთ, იგრძნოთ - უკრაინა გაიმარჯვებს!“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, როდესაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას მხოლოდ ჯავშანტექნიკის კოლონების სიგრძის, სისასტიკის და ძალადობის სჯეროდა, ამიტომაც არის ის სუსტი.

„როდესაც პუტინმა უკრაინაში შემოჭრა, მას მხოლოდ მისი ჯავშანტექნიკის კოლონების სიგრძის სჯეროდა, რუსული რაკეტების აფეთქების ძალის სჯეროდა, სჯეროდა, რომ სისასტიკეს შეუძლია გადაწეროს მთელი კონტინენტის ისტორია, შეუძლია ამ ისტორიის წაშლა. მხოლოდ ძალის სჯეროდა, ძალის ადამიანობის გარეშე, ენდობოდა ძალადობას და ამიტომაც არის უფრო სუსტი. ჩვენ გვჯერა რაღაც სრულიად განსხვავებულის და ამიტომაც ვძლიერდებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.     

ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ უკრაინა, პილოტებისა და ინჟინრების მომზადების დასრულების შემდეგ, 42 ამერიკულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მარკ რუტე და მე შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომელიც გადაეცემა უკრაინას ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ - 42 თვითმფრინავი და ეს მხოლოდ დასაწყისია. გმადლობთ, ნიდერლანდელებო!" - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, F-16-ებს უკრაინა გამოიყენებს იმისთვის, რომ რუსი ტერორისტები უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს ახლოს ვერ გაეკარონ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. 

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის არგუმენტაცია უკრაინაში შეჭრის შესახებ „სასაცილოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია.

CNN-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება ჯო ბაიდენმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„რუსეთმა უკვე წააგო. რუსულ აგრესიაზე რეაქციის არარსებობა ჩინეთისთვის ტაივანის მიმართებაში სიგნალიც გახდებოდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, არაფერი, რომ არ გაგვეკეთებინა?“ - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ ევროპული პრობლემა არ არის, ასეთი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში არ ყოფილა. 

რაც შეეხება მოლაპარკარების მაგიდასთან დაჯდომას, „უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის იქნება სწორი პირობები ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის რუსეთის შეჭრის შემდეგ“, - ასე პასუხობს ნატო-ს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგმა დაშმულ კითხვას მოლაპარაკებბეის დაწყების შესახებ. 

„უკრაინელების და მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის არის მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი პირობები და ვის შეუძლია, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტოს, რა არის მისაღები გამოსავალი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადება მოჰყვა ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.

„მისი (იენსენის) გზავნილი, რომელიც არის ჩემი მთავარი გზავნილი და რომელიც არის ნატოს მთავარი გზავნილი, არის, პირველ რიგში, რომ ნატო-ს პოლიტიკა უცვლელია - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.   

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფორის და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ფრონტის ხაზი ძირითადდა ახლა საბრძოლო ხელოვნების სამ თეატრად  იყოფა. ეს არის, უკრაინის აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთის მიმართულება. გენერლის თქმით, ჩრდილოეთით კუპიანსკის მიმართულებაზე რუსები შეტევას ახროციელებენ. რაც უკრანელების მხრიდან ხერსონიდან და ზაპროჟიედან რეზერვების გადასროლას იწვევს, რათა რუსების შეტევის შეჩერება მოხდეს.

„ბახმუტის მიმართულებაზე, ცენტრალურ ნაწილზე,  უკრაინელებს გარკვეული წინსვლა აქვთ. თუმცა ხდება შემხვედრი ბრძოლები, რუსები დაკარგული ტერიტორიის ისევ დაკავებას ციდლობენ. უნდათ, რომ კონტრშეტევებით უკრანელების წინსვლა შეანელონ და შეაფერხონ. 

„ზაპროჟიეს მიმართულებაზე ძირითადად მაინც დარტყმები ვიწრო მიმართულებით მიდის. უკრაინელები ცდილობენ რუსების უზრუნველყოფის ხაზი გაარღვიან და პირველ ზონამდე გავიდნენ. ამის შემდეგ შეძლებენ მანევრი გააკეთონ და დნეპრს სამხრეთის მიმართულებიდან შემოუარონ. ჯერჯერობით ორივე მხრიდან მძიმე ბრძოლები აქ მიდის. დიდი მასშტაბები არ არის, მაგრამ ეს სისხლისღვრას არ გამორიცხავს ორივე მხრიდან. 

„რუსების ამოცანაა რომ უკრაინელების  წინსვლა არ დაუშვან და რამენაირად შეძლონ დაკარგული ტერიტორიების აღდგენა. უკრაინელები კი ცდილბენ მოპოვებული ტერიტორიები გაამყარონ. ხერსონის მიმართულებით უკრაინელები ცდილობენ სარეიდო მანევრით, მდინარე დნეპრის გადალახვას და მარცხენა ნაპირზე არსებული კუნძულების დაკავება შეძლონ. ეს არის პლაცდარმის მომზადების მოქმედებები. ასევე რუსების ძალების ამ ადგილებზე მიჯაჭვა“,-ამბობს კაპანაძე. 

რაც შეეხება იმ ფაქტს, რა რესურსი აქვს ახლა რუსეთს იარაღის მარაგის შესავსებად და საიდან ახერხებს ის იარაღით ჯარის მომარაგებას, გენერალი ამბობს, რომ  ამ კუთხით სიახლეა,  რადგან ასპარეზზე ჩრდილო კორეა გამოჩნდა. ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია, რომ მასთან როგორმე საკვები და სასმელი შევიდეს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული რუსებს ბარტერულად საკვებზე, ხორბალზე, სასმელზე იარაღი გაუცვალონ. 

„კორეელებს თავისი წარმოება გააჩნიათ. მართალია, არაეფექტურია, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობის. ასე რომ, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ რუსებმა თავისი სამრეწველო კომპლექსის აღდგენა შეძლეს და საბრძოლო მასალის გამოშვებას აგრძელებენ. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ომი ხანგრძლივი და გაჭიანურებული იქნება. 

„ორივე მხარე იმაზე იქნება ორიენტირებული, რომ ერთმანეთი გამოფიტონ. უკრაინელებმა, რა თქმა უნდა, გარკვეული საბრძოლო მასალის და ტექნიკის წარმოება უნდა დაიწყონ. თუმცა ევროპის და მსოფლიოს დახმარებას უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

„თუ დღეს უკრაინის 80%-შეიარაღების შემოდის დასავლეთიდან, უკრანელებმა უნდა ეცადონ, რომ ეს 40%-მდე შეამცირონ. მესმის, ძნელია,მაგრამ სხვა გზა არა აქვთ, რადგან ომი დიდხანს კიდევ თუ გაგრძელდა, დასავლეთი მუდმივად ამხელა დახმარებას ვერ შეძლებს“,-ამბობს კაპანაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×