ელზა პაპოშვილი
22.08.2023

უკრაინისათვის უახლესი ავიაგამანადგურებლების „ეფ-16“-ების გადაცემა უკვე გადაწყვეტილია, უკვე დასახელებულია პირველი პარტიის დაოდენობა და სამხედრო მფრინავების წვრთნაც მიმდინარეობს. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს დროში გაწელილი პროცესია და ეს შეიარაღება საბრძოლო მოქმედებებში მომავალი წლის გაზაფხულამდე ვერ ჩაერთვება, რაც ნიშნავს, რომ ომი ჭიანურდება.

გასულ დღეებში ცნობილი გახდა, რომ დანია და ნიდერლანდები უკრაინას ჯამში 43 ერთეულ „ეფ-16“-ებს გადასცემს. თუმცა  მიწოდება ერთიანად ვერ მოხდება და ეტაპობრივად განხორციელდება.  

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ამიერიდან უკრაინის თავზე სრული კონტოლის მოსაპოვებლად მთავარი პრობლემა პილოტების მომზადება და ინფრასტრუქტურის გამართვაა. მაგრამ ესეც  დროის საკითხია - დასავლეთი შეთანხმდა, რომ ყველაფერი მომავალი წლის გაზაფხულისთვის მზად იქნება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ცუდი ამ სასიხარულო ამბავში ისაა, რომ მათი მიწოდება დროში გაწელილია და ეს ნიშნავს იმას, რომ ომი მალე არ დასრულდება. 

მათი თქმით, ამერიკული რეაქტიული გამანადგურებლების გამოჩენა ფრონტის ხაზზე ვითარებას რადიკალურად შეცვლის და უკრაინელების კონტრშეტევის ტემპი გაიზრდება.  

ამ ყველაფრის პარალელურად კი უკრაინელებს წარმატებები აქვთ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინელი სამხედროები უკრაინის სოფელ რაბოტინოში შევიდნენ და სოფლიდან ადგილობრივების ევაკუაცია განახორციელეს. როგორც მალიარმა აღნიშნა, რუსები ადგილზე საარტილერიო დარტყმებს არ წყვეტენ და ბრძოლა გრძელდება.

„47-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა, რომლებიც რაბოტინოში ბრძოლით შევიდნენ, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლით“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ჩვენი მებრძოლები ასრულებენ გეგმიურ საბრძოლო სამუშაოს და ანადგურებენ მტერს. საპასუხოდ, რუსები არტილერიით შეუჩერებლად ბომბავენ რაბოტინოს“, - თქვა მალიარმა.

თავის მხრივ, რუსებს გარკვეული წარმატება აქვთ კუპიანსკის მიმართულებით. უკრაინული წყაროების ცნობით, ამ მიმართულებაზე რუსებმა 500-ზე მეტ ერთეულ საბრძოლო ტექნიკასა და 45 ათასიან კონტიგენტს მოუყარეს თავი. სამშაბათს გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინელებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს და ქალაქში არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი ააფეთქეს.

ანალიტიკსოების შეფასებით, ამ ქალაქს არცერთი მხარისათვის რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, როგოც ჩანს, უკრაინელები მის დათმობას არ აპირებენ და კუპიანსკი შესაძლოა ახალ ბახმუტად იქცეს.

როდის მიიღებს უკრაინა „ეფ-16“-ებს და რას შეცვლის ეს 

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ეფ-16“-ების გადაცემის გადაწყვეტილება ძალიან კარგი ნაბიჯია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ეს დროში გაწელილი პროცესია. 

„თავად ევროპელებს ყველა ავიაგამანადგურებელი მწყობრში არ ჰყაქვთ და ასევე მფრინავების წვრთნა ჯერ არ დასრულებულა მიუხედავად იმისა, რომ მათი წვრთნა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. საბოლოო ჯამში ეს მიანიშნებს, რომ უკრაინისთვის ამის მიწოდება გრძელვადიანად არის გათვლილი. 

„ეს ერთდროულად კარგი და ცუდი ამბავია. კარგია იმით, რომ ევროპელებმა საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს უკრაინას ამ ომში ბოლომდე გაჰყვნენ და მხარი დაუჭირონ. ცუდი კი ისაა, რომ ეს ომის გაჭიანურებას ნიშნავს. რა თქმა უნდა, უკრაინელებისთვის თუკი იარაღის სწრაფად მიწოდება და მისი ასევე სწრაფად გამოყენება არ მოხდა, მაშინ ომი კიდევ უფრო გაიწელება. ჯერ მისცემენ სადღაც 8 ერთეულს და მერე ნელ-ნელა მათი რაოდენობა გიაზრდება. 

„ეფ-16“-ების დახმარებით უკრაინელები მოახერხებენ, რომ კონტრშეტევის დროს უფრო სწრაფად გადაადგილდნენ, მოხდეს ჰაერიდან რუსეთის  შეიარაღებული ძალების დაბომბვა და იმ თავდაცვითი პოზიციების გარღვევა, რომელიც უკრაინელებმა ჯერ კიდევ ვერ გაარღვიეს. 

„ასევე ყველამ კარგად იცის, რომ უკრაინა მსოფლიოში ახლა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა. ჰაერიდან დაუცველების გამო კი, უკრაინელებს გადაადგილების დროს ტერიტორიების სწრაფად განნაღმვა უჭირთ. „ეფ-16“-ები ამ პრობლემასაც მოხსნიან. 

„სამწუხაროდ, არ ველი, რომ დასახელებულ დროზე სწრაფად მიიღებს უკრაინა „ეფ-16“-ებს, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ევროპას გამართულ მდგომარეობაში მყოფი ჯერ ყველა არ აქვს და მეორეც,  უკრაინელების გადამზადება მიმდინარეობს. თუ პილოტებს არ ასწავლეს მისი მართვა, მიცემას რა აზრი აქვს?!“, - ამბობს კობერიძე „რეზონანსთან“.

ორი მთავარი ცხელი წერტილი

რაც შეეხება ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, კობერიძე ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ზაპროჟიეს ოლქის უმნიშვნელოვანესი დასახლების რაბოტინოს საოკუპაციო ძალებისაგან გაწმენდა, ეს კი ამ მიმართლებაზე რუსების დაცვის გარღვევის შანს ზრდის. მეორეს მხრივ კი, კუპიანსკთან რუსების კონცენტრირებისა და მასირებული შეტევის მიზანიცა და შედედიც, კობერიძის შეფსაბით, ბუნდოვანია.

„რაბოტინოს დაკავება მნიშვნელოვანია, რადგან ამ სოფლის მეშვეობით უკრაინის მუდმივი წინსვლა ამ რაიონში გარდაუვალია. სავარაუდოდ, ეს მიზნად ისახავს ზაპროჟიეს ოლქში რუსული ძალების დასუსტებას, რაც უკრაინელებს მთელი ოლქის აღებისა და მოწინააღმდეგის დაცვითი ხაზის გარღვევის შანს აძლევს. ვგულისხმობ დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსების თავდაცვის გარღვევას და აღმოსავლეთ უკრაინაში კონტრშეტევის გაგრძელებას. 

„რაც შეეხება კუპიანსკს, აქ  უკრაინელებმა ევაკუაცია დაიწყეს. მიზანი მოსახლეობის დაბომბვებისაგან გარიდებაა. საბრძოლო მოქმედებები ქალაქიდან 8 კილომეტრში და მდინარე ოსკოლის დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარეობს. ძალიან მიკვირს რუსების დაწოლა ამ მიმართულებაზე, მით უფრო, რომ წინსვლას პრაქტიკულად არ აქვთ და ის, რასაც თავად პროპაგანდული არხებით აქვეყნებენ, რეალობას არ შეესაბამება. 

„რუსების რიგებში მსხვერპლი ძალიან დიდია, ხოლო შეტევის ამოცანა ძალიან ბუნდოვანია, გარდა იმისა, რომ უკრაინელების ყურადღება ამ სექტორზე რჩება და ამით მათ იქ შეკავებას ახერხებენ. სხვაგვარად ეს ქალაქი სტრატეგიულად რაში სჭირდებათ, მე მიზანი ვერ გავიგე“, - ამბობს კობერიძე „რეზონანსთან“.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კუპიანსკი შესაძლოა მეორე ბახმუტად იქცეს. ამ მიმართულებაზე რუსების აქტიურობას კი, მისი აზრით, მხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ უკრაინელებს ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან ნაწილების კუპიანსკისკენ გადასროლა აიძულონ.

გარდა ამისა, გენერალი კაპანაძე რუსების კიდევ ერთ წარმატებად აფასებს იმას, რომ მათ მოახერხეს ეკონომიკისა და მრეწველობის ომის რელსებზე გადაყვანა.

„იმის გამო, რომ კუპიანსკში რთული ვითარებაა, უკრაინელებმა დაიწყეს მოსახლეობის გახიზვნა კუპიანსკიდან და მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან. ასევე  სტრატეგიული ობიექტების დანაღმვა დაიწყეს. უკრაინელები, ვფიქრობ, კუპიანსკს ასე ადვილად არ დათმობენ და მას რუსებს მეორე ბახმუტად უქცევენ. 

„რუსები უფრო სამხრეთით, სვატოვეს მიმართულებაზე აქტიურობენ. სამწუხაროდ, ასევე წარმატებები აქვთ აღმოსავლეთ რაიონში, კუპიანსკის მიმართულებაზე. ალბათ ჩნდება კითხვა, თუ რაში სჭირდებათ რუსებს ეს ქალაქი. აქ უბრალოდ აიძულებენ უკრაინას, რომ რეზერვები გადაისროლოს ხერსონიდან კუპიანსკის მიმართულებაზე.  

„რუსეთის წარმატებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მათ შეძლეს თავდაცვითი მრეწველობის ადაპტირება. ომის პირობებთან ყველა ველოდით, რომ  დაუმთავრდებოდათ რაკეტები, საარტილერიო ჭურვები და ა.შ., მაგრამ ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, მათ მთელი ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანეს და სამხედრო მრეწველობის სრული განვითარება შეძლეს. ალბათ დახმარებას ჩინეთიდან იღებენ, რომელიც ამ საბრძოლო მასალებისთვის საჭირო ნაწილებს აწვდის“, - ამბობს კაპანაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×