ნაზი ბერიძე
24.08.2023

ოთხშაბათს ღამით, როსავიაციით ინფორმაციით, ტვერის ოლქში კერძო სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის მგზავრთა სიაშიც იყვნენ ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი და მეთაური დმიტრი უტკინი. ოფოციალური ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი (7 მგზავრი და 3 ეკიპაჟის წევრი) დაიღუპა, თუმცა ცხედრების ამოცნობა ჯერ არ მომხდარა და პრიგოჟინის დაღუპვა ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ანალიტიკოსთა უმრავლესობა იმისკენ იხრება, რომ პეიგოჟინი მოკლულია და ეს პირადად პუტინის ბრძანებით მოხდა. მათი შეფასებით, მოსალოდნელიც იყო, რომ 24 ივნისის ცნობილი ამბოხის წამომწყები დაახლოებით ასე დაასრულებდა სიცოცხლეს. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ეს მხოლოდ პრიგოჟინის დაღუპვის ინსცენირება იყოს.

აღსანიშნავია, რომ 2 დღით ადრე გავრცელდა პრიგოჟინის ვიდეომიმართვა, სადაც ის აცხადებდა, რომ თავის მებრძოლებთან ერთად აფრიკაში იმყოფება და იქ იცავს რუსეთის ინტერესებს.

რაც შეეხება უშუალოდ ავიაკატასტროფას, ინტერნეტში თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრები გავრცელდა, რაც გარკვეული დასკვნის საფუძველს იძლევა. სპეციალისტთა თქმით, კარებში ჩანს, რომ თვითმფრინავი ჰაერშივე დაიშალა ნაწილებად და ისე დაეცა მიწაზე. ეს კი მხოლოდ აფეთქების შედეგად შეიძლება მომხდარიყო. გასაკრვევი კი მხოლოდ ისაა, აფეთქება უშუალოდ თვითმფრინავის შგნით მოხდა, თუ გარედა, ვთქვათ, რაკეტის გასროლის შედეგად.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრთა სრული სია ასე გამოიყურება: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალეკსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი.

გარდა ამისა, „როსავიაციის" ცნობით, ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის სამი წევრიც: მეთაური, ალეკსეი ლევშინი, მეორე პილოტი რუსტამ კარიმოვი და ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილას ბორტზე მყოფი 10-ივე პირის ცხედარი იპოვეს, თუმცა ჯერ-ჯერობით ოფიციალურად მათი იდენტიფიცირება არ მომხდარა.

თვითმფრინავი ტვერის ოლქში ოთხშაბათს, 23 აგვისტოს საღამოს ჩამოვარდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა მისი ჩამოვარდნილის კადრებიც.

„ვაგნერის" ჯგუფთან კავშირში მყოფ „ტელეგრამ" არხი „გრეი ზონზე" ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავი, რომელიც პრიგოჟინს ეკუთვნოდა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს. ამ ვერსიას ემხრობა ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც".

„რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, თითქმის დანამდვილებით, რუსეთის სამხედრო სარდლობას პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება უბრძანა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუს სამხედრო ელემენტებს, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს გენერალ ვალერი გერასიმოვს, პუტინის ბრძანების გარეშე პრიგოჟინის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიეღოთ", - ნთქვამია მათ ანგარიშში.

ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პუტინის ბრძანება, სავარაუდოდ, არის საჯარო მცდელობა, აღადგინოს მისი დომინირება და შური იძიოს იმ დამცირებისთვის, რაც მან და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 ივნისს „ვაგნერის" ჯგუფის შეიარაღებული აჯანყების გამო განიცადეს.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშში აღნიშნულია, რომ პუტინს პრიგოჟინზე საჯარო შურისძიება სჭირდებოდა არა მხოლოდ იმის დასამტკიცებლად, რომ ის არ არის სუსტი ლიდერი, არამედ მისი სამხედროების მხარდასაჭერადაც, რომლებიც, ბევრი რუსის აზრით, ვერ ხედავენ, რომ 24 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მართლმსაჯულება აღსრულდა.

ტვერის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნას, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი მოკვდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს. რუსეთში არ ხდება ბევრი რამ, რის უკანაც პუტინი არ დგას", - თქვა მან ჟურნალისტებისთვის მიცემულ მოკლე კომენტარში.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაიასაია „რეზონანსთან" პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სამ ვერსიას გვთავაზობს და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი რუსეთის სპეცსამსახურების მიერაა ინსცენირებული.

„ეს ძალიან დიდი იდუმალებით მოცული ისტორიაა. მე გამოვთქვამ სამ ვერსიას ამასთან დაკავშირებით:

„პირველი - პრიგოჟინი და „ვაგნერის" მთელი გუნდი ლიკვიდრებული და ამის უკან დგანან პუტინი და შოიგუ.

„მეორე ვარიანტია, რომ ეს ინსცენირებაა და თვითმფრინავში სხვა ადამიანები იყვნენ. შესაძლოა ეს კრემლის მიერ კარგად ჩატარებული სპეცოპერაცია იყო. შესაძლოა, პრიგოჟინი და მისი გუნდი ახლა ასრულებს სხვა დავალებას აფრიკაში ან სხვაგან, დროებით და ეს იყო გეგმის ერთერთი ნაწილი.

„მესამე ვარიანტია, რომ პრიგოჟინის ორი ბორტი იყო და შეიძლება მეორე ბორტზე იყო პრიგოჟინი და არა იმ ბორტზე, რომელიც ჩამოვარდა. ეს არ არის გამორიცხული იმიტომ, რომ ორი ბორტი აფრინდა ერთდროულად. მეორე ბორტი მიდიოდა ბაქოში და ბაქოდან როგორც კი მიიღეს ინფორმაცია, მერე დაბრუნდა მოსკოვში. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული რომ პრიგოჟინი შეიძლება მეორე ბორტზეც იყოს.

„მაგრამ პრიგოჟინი ცოცალია თუ მკვდარი, მაგას ვერ გეტყვით. ეს არის ჩემი სამი ვერსია, იმიტომ, რომ პრიგოჟინის გვამის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა და ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, რომ პრიგოჟინი გარდაცვლილია.

„სოციალურ სივრცესა და რუსულ მედიაში დიდი მითქმა-მოთქმაა და გაურკვეველი ტიპის მესიჯების გავრცელება. ერთერთმა რუსულმა მედიამ თქვა, რომ თითქოს პრიგოჟინი მკვდარიაო, თუმცა მერე გააკეთა უარყოფა. ცოტა უცნაურია, როცა რუსეთის ოფიციალურ პირებს ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ.

„შეთქმულების თეორიის მეორე ვარიანტი უფრო მიმაჩნია სწორად. იმიტომ, რომ პრიგოჟინი არაერთხელ „მოკლეს". ეს იყო 2019 წელს, რომ თითქოს პრიგოჟინი ააფეთქეს თვითმფრინავში თუ მანქანაში და მერე აღმოჩნდა, რომ ცოცხალია. ასე რომ, ბევრი ნიუანსია.

„პრიგოჟინის პრესსამსახურს ოფიციალურად არც დაუდასტურებია პრიგოჟინის გვამის ამოცნობა, დოქტოსკოპიური ანალიზი, ანუ თითის ანაბეჭდები, დნმ და ა.შ. და სანამ ოფიციალურად არ გააჟღერებენ, რომ პრიგოჟინი არის მკვდარი, ჯერჯერობით საუბარი ცოტა ნაადრევია.

„რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმისგან ასეთი ინსცენირებების გაკეთება სრულიად მოსალოდნელია. აფრიკაში ახლა იწყება ახალი ტიპის გადათამაშება და ეს, შესაბამისად, ალბათ მოხდა კვალის ასარევად. ამასთან, პრიგოჟინი ორი დღით ადრე აფრიკაში იმყოფებოდა, საიდანაც გააკეთა ვიდეო მიმართვა, რომ იგი იქნებოდა აფრიკაში და დაიცავდა რუსეთის ინტერესებს. მერე უცებ გამოფრინდა სანკტ პეტერბურგში და იქ მოხდა აფეთქება. ცოტა საეჭვო მომენტია, ხომ გესმით...

„მეოთხე ვარიანტი არის ის, რომ რუსეთი აბრალებს ამერიკელებს, რომ მკვლელობა ნატოს სპეცსამსახურებმა მოაწყვეს. ასე რომ, რუსებმა უკვე დაიწყეს საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის ელემენტების გამოყენება", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×