ელზა პაპოშვილი
24.08.2023

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში დესანტი გადასხეს. მანამდე კი ასევე ყირიმში, დრონებისა და რაკეტების კომბინირებული შეტევით, რუსების უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „ს-400“-ის დივიზიონი გაანადგურეს. ამალიტიკოსთა შეფასებით, ეს პირველ რიგში მძიმე მორალური დარტყმაა ოფიციალური მოსკოვისათვის.

უკრაინელთა ოფიციალური ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე კონცხ ტარხანკუტზე საზღვაო დესანტის გადასხმა გამთენიისას 4 საათზე მოხდა. დაახლოებით ერთ საათში კი ადგილობრივებმა შეტაკების ხმა გაიგეს. მათი ინფორმაციით, ბრძოლა ნავებისა და თვითმფრინავების მონაწილეობით მიმდინარეობდა. დაპირისპირების მთავარი ადგილი კი სოფელ მაიაკთან იყო.

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ სროლები ისმოდა ილენოვკაში მდებარე ბანაკშიც, მაიაკის მახლობლად. როცა ხალხი იმის გასარკვევად გავიდა, თუ რა ხდებოდა, ნაპირიდან 10 მეტრში მათ დაინახეს ორი რეზინის ნავი, რომლებშიც დაახლოებით 10 ადამიანი იმყოფებოდა. შემდეგ კიდევ რამდენიმე გასროლა მოხდა ავტომატური იარაღიდან და ნავებში მყოფებმა ადგილი დატოვეს. ისინი მიხვდნენ, რომ ნავით უკრაინელი  ჯარისკაცები იყვნენ.  

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ოფიციალური ცნობით კი, ეს იყო მათ მიერ ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია.

უწყების ცნობით, 24 აგვისტოს ღამით, უკრაინელი მზვერავები და სამხედრო საზღვაო ძალების ჯარისკაცები ოლენოვკას და მაიაკის რაიონში ნაპირზე გადასხდნენ. საბრძოლო დავალების შესრულების დროს, უკრაინელებსა და რუსებს შორის შეტაკება მოხდა. ოკუპანტებს აქვთ როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის დანაკარგები. 

სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით,  უკრაინელებმა ყირიმში უკრაინული დროშა აღმართეს ყირიმი უდანაკარგოდ დატოვეს. ამავე უწყებამ ამ სპეცოპერაციის მცირე ვიდეო გამოაქვეყნა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაიაკთან ბრძოლის შესახებ არაფერი უთქვამს. ცნობილია, რომ მაიაკში მდებარეობს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მე-3 რადიოტექნიკური პოლკის ბაზა.

მანამდე კი უკრაინელებმა ყირიმში კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს. 23 აგვისტოს, შუადღისას,  უკრაინის სამხედრო დაზვერვის წყაროებმა გამოაქვეყნეს ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო დრონებისა და სარაკეტო დარტმების კომბინირებით რუსების „ს-400 ტრიუმფის“ საზენიტო სარაკეტო დივიზიის პოზიციებზე განახორციელეს შეტევა. შედეგად პრაქტიკულად სრულად განადგურდა „ს-400“-ის დივიზიონი, რომელიც ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე, სოფელ ოლენევკაში იყო განლაგებული.

თავად რუსი სამხედრო ბლოგერები უაღრესად შეშფოთებული არიან მომხდარით. მათი შეფასებით, დაიმსხვრა „ს-400“-ების უძლეველობის მითი და ეს ყირიმში მისი განადგურების შთამბეჭდავი კადრები, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ყველაფერთან ერთად  რუსეთის, როგორც იარაღის მწარმოებელი ქვეყნის რეპუტაციაზეც ნეგატიურად აისახება.     

უკრაინის დროშა ოკუპირებულ ყირიმში

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინელები ბოლო დროს მოწინააღმდეგის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე სადესანტო და სადაზვერვო ღონისძიებებს წარმატებით ახორციელებენ და ეს ყირიმის მაგალითიდანაც კარგად ჩანს.  მისივე თქმით, ყირიმში არსებობს  წინააღმდეგობის მოძრაობა, რაც  უკრაინელებს ეხმარება იმაში, რომ მსგავსი ოპერაციები წარმატებით ჩაატარონ.

„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხია რუსებზე და პირიქით, სტიმული, როგორც აღვნიშნე, იქ (ყირიმში) მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც რუსების წინააღმდეგი არიან. უკრაინელებს ყირიმელი თათრებისგან ძალან დიდი მხარადჭერა აქვთ და დიდი ალბათობით, ამ დივერსიული ჯგუფის თუ ჯგუფების მეშვეობით, წარმატებულ ოპერაციებს ახერხებენ. 

„თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყირიმი დაუცველია და ის ადვილად მოწყვლადია. ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტია განლაგებული. ასევე აქ არის სევასტოპოლი. ამიტომ მისი დაუცველობაზე საუბარი გადაჭარბებული იქნება. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთს თავად ყირიმში არსებულ წინააღმდეგობის მოძრაობის გაკონტროლება უჭირს. 

„რა თქმა უნდა, ამ ხალხს უკრაინის დაზვერვა ეხმარება და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ვხედავთ, რომ უკარინელები სწორედ ყირიმში ძალიან მოწყვლად სამხედრო ინფრასტრუქტრაზე დარტყმებს ადვილად ახორციელებენ. ლუგანსკისა და დონეცკისაგან განსხვავებით, ყირიმში მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსებთან წინააღმდეგობაში არიან. ამიტომ ეს დემონსტრაციული სპეცოპერაცია, დესანტის გადასხმა და დროშის აღმართვა, ამ ხალხის გამხნევებადაც შეიძლება ჩავთვალოთ“, - ამბობს გენერალი კაპანაძე „რეზონანსთან“. 

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ყირიმი ახლა ყველაზე დაცული ნახევარკუნძულია, მაინც არვინ იცის საბოლოო ჯამში აქ მოვლენები როგორ განვითარდება. 

„ძალიან მეეჭვება, რომ უკრაინელებმა ყირიმის გათავისუფლება უახლოეს მომავალში შეძლონ. მათ არ ჰყავთ საზღვაო ძალები, რომლებიც ნახევარკუნძულის ბლოკირებას შეძლებს, ან იგივე ოპერატიული საზღვაო დესანტის გადასხმას. ეს მხოლოდ ხმელეთიდან უნდა მოახერხონ ან ჰაერიდან. თუმცა, სანამ ამ ზემოქმედებას შეძლებენ, უკრაინელებმა ხერსონისა და ზაპროჟიეს ოლქები უნდა გაათავისუფლონ. სხვანაირად ყირიმს  ვერ მიუდგებიან. 

„შესაძლებელია ჰაერიდან ზემოქმედება, მაგრამ მისი აღება ამ გზით შეუძლებელია. ამ ეტაპზე უკარინელები ამაზე კონცეტრირებულები არც უნდა იყვნენ. ახლა მთავარია გაწყვირონ ის სახმელეთო დერეფანი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს და აზოვის ზღვაზე გავიდნენ. ამის შემდგომ შესაძლებელია უკვე ყირიმის ზემოქმედებაზე და იქ საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე იფიქრონ“, - ამბობს გენერალი კაპანაძე „რეზონანსთან“.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი ფიქრობს, რომ ყირიმში ჩატარებული სპეცოპერაცია უფრო ფსიქოლოგიური ომის ნაწილია. სამხედრო თვალსაზრისით ამას რაიმე მნიშვნელობა არ ჰქონია და უკრაინელებმა რუსებს და ყირიმში მცხოვრებ მოსახლოებას აჩვენეს, რომ მათთვის ყირიმში შესვლა პრობლემა არ არის და ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდება.   

„ყირიმში უკრაინელებს საკამოდ ბევრი მოკავშირე ჰყავთ და ისინი ამის დახმარებით ახერხებენ წარმატებული ოპერაციების ჩატარებას. ასევე ყირიმის კორუმპირებული ხელმძღვანელობის მეშვეობით ხალხში უკმაყოფილება რუსების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. ეს არის კრიმინალური ავტორტეტი აქსიონოვი (ყირიმის პრორუსული ადმინისტრაციის გუბერნატორი), რომელიც მოსახლეობაში დიდი პოპულარობით ვერ საგრებლობს. ამიტომ უკრაინელები მოსახლეობის ამ განწყობებს შესანიშნავად იყენებენ და ფაქტი სახეზეა - ისინი მოკავშირეების გარეშე ამხელა სპეცოპერაციას და დესანტის გადასხმას ვერ შეძლებდნენ. 

„ამ ეტაპზე უკრანელები ყირიმს წვდებიან ოდესის საზღვაო აკვატორიუმიდან. ნიკოლაევში კი არსებობს საზღვაო დივერსიული ცენტრი და ჰყავთ საზღვაო დაჯგუფება, რომლის მეშვეობითაც წარმატებები სახეზეა. ასევე ხდება თავდასხმები დრონების მეშვეობითაც. სახმელეთო გზით კი, ხერსონისა და ზაპროჟიეს ოლქების გათავისუფლებამდე, ყირიმს ვერ მიუახლოვდებიან“, - აცხადებს მაისაია. 

რას ნიშნავს „ს-400“-ის დივიზიონის განადგურება

გენერალი ვახტაგ კაპანაძე ამბობს, რომ ჯერ არ ვიცით რეალურად რა მასშტაბის ზიანზეა საუბარი, რადგან „ს-400“-ის დივიზიონი მთელს ბატალიონს ნიშნავს. ამიტომ ამ სისტემის რა კონკრეტული ნაწილია  განადგურებული, ამის თქმა კონკრეტული ინფორმაციის გარეშე რთულია. თუმცა ეს ფაქტი, უკვე ნიშანდობლივია, რადგან ყირიმში მსგავსი ქმედებებისგან რუსები დაცულები არ არიან.

„ეს-400“ არის ყველაზე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება და თუკი მის განადგურებას უკარინელები ახრეხებენ, შესაძლოა ითქვას, რომ სხვა ობიექტებიც მოწყვალდი არიან. ზუსტად რთულია თქმა, რომ ეს მთელი დივიზიონი იყო, რადგან ეს არის 3 ბატალიონი. ამიტომ ამხელა ერთულის განადგურება ცოტა წარმოუდგენელია. ალბათ რაღაცა კომპენენტი დააზიანეს, რაც ასევე პატარა ამბავი არ არის და მნიშვნელოვანია როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მორალური და სამხედრო თვალსაზრისით“, - ამბობს  კაპანაძე „რეზონანსთან“.

ვახტანგ მაისაიას შეფასებით, „ს-400“-ის განადგურება ეს ძალიან წარმატებული ოპერაციაა. რუსებს „ს-400“ ყველაზე ძლიერ და დაცულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემად ჰქონდათ წარმოდგენილი. ამ თავდასხმის შემდეგ კი მის ირგვლივ შექმნილ მითებს უკრაინელებმა წყალი შეუყენეს. 

მაისაიას აზრით, ამ შემთხვევაშიც უკრაინელებმა თავდასხმა სწორედ ყირიმში არსებული დივერსიული ჯგუფის მეშვეობით შეძლეს, რომლისგანაც „ს-400“-ის ზუსტი კორდინატებიც მიიღეს. 

სამხედრო ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ თავდასხმა დრონის მეშვებით მოხდა, რომელზეც სწორედ ტაქტიკური რაკეტები „შტორმ  შედოუ“ დაამაგრეს. მისი გაშვების შედეგად კი, ამ სისტემების აფეთქება მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×