ნაზი ბერიძე
08.11.2023

დასავლეთი ცდილობს მოახდინოს გარკვეული გავლენა ისრაელის პოზიციაზე და ღაზაში ჰუმანიტარული სახის დახმარების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ქმედებებზე დაითანხმოს, რაც შესაბამისი უსაფრთხო დერეფნების შექმნაში უნდა გამოიხატოს.

„დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები და აშშ მხარს უჭერს ჰუმანიტარულ პაუზასა და დერეფანს ისრაელ-ჰამასის ომში.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი: „თუ არ შეწყდა ცეცხლი, ვერავითარი ჰუმანიტარული დერეფანი ვერ იმუშავებს, არსებითად ეს ერთი მეორესთან დაკავშირებულია.

„რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას - „ჰუმანიტარული დახმარება რამდენიმე ეტაპისგან შედგება - პირველი ეს არის დახმარების მობილიზაცია-დონორ ქვეყანაში, ანუ შეგროვება, მეორე ეს არის მისი გადატანა, ამას სჭირდება ტრანსპორტირების მშვიდობიანი ხაზი, იმიტომ, რომ ვერავინ ვერც ავტომობილს და ვერც ჯარისკაცს ვერ გაგზავნის ცეცხლის ქვეშ, ამისათვის საჭიროა ცეცხლის თუნდაც დროებით შეწყვეტა", - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშილმა

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ისრაელი ჰუმანიტარულ პაუზებზე წავა - ცეცხლის შეწყვეტაზე არა.

„ ისრაელი არ არის მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის, ცალსახად ამბობს, რომ ცეცხლს არ შეწყვეტს, მაგრამ თუ მოსთხოვენ არა ცეცხლის შეწყვეტას, არამედ ჰუმანიტარულ პაუზებს, მე მგონი ისრაელი ამაზე წავა.

„ისრაელი ამბობს რომ „ჰამასი" უნდა დამარცხდეს, მაგრამ, ამ ბრძოლაში ჰუმანიტარული პროცესები რომ არ დაირღვეს, საჭიროა მოხდეს პაუზებით მაინც რაღაცა დახმარების გაწევა მოსახლეობისათვის",-განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

„დიდი შვიდეულის" მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც იაპონიაში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულია რომ: „ხაზს ვუსვამთ სასწრაფო ქმედების აუცილებლობას ღაზაში გაუარესებული ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარულ პაუზებსა და დერეფნებს გადაუდებელი დახმარების მიწოდებისა და მძევლების გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით".

განცხადებაში ასევე წერია, რომ მინისტრები ხაზს უსვამენ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რადგან ის ცდილობს თავიდან აიცილოს ისრაელზე „ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდახმის განმეორება.

„მოვუწოდებთ ირანს, თავი შიკავოს „ჰამასის" მხარდაჭერისგან და იმ ქმედებების განხორციელებისგან, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენენ, მათ შორის ლიბანური „ჰეზბოლას" და სხვა არასახელმწიფო აქტორების მხარდაჭერა და ამ ჯგუფებზე თავისი ზეგავლენის გამოყენება,"-აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზა" სთხოვა.

„დღეს არ მქონია მასთან საუბრის საშუალება. გუშინ მე მას პაუზა ვთხოვე,"- ბაიდენმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ბაიდენს დაუსვეს შეკითხვა, შესთავაზა თუ არა მან ნეთანიაჰუს სამდღიანი პაუზა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტს ჰუმანიტარული პაუზის ხანგრძლივობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს დროებითი ხასიათის პაუზებს ბრძოლაში კონკრეტული მიზნებისთვის, მათ შორის ღაზაში „ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×