ნატალია ჯვარიძე
25.03.2024

მას შემდეგ, რაც მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე" შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, საფრანგეთმა საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. „იმის გათვალისწინებით, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და ასევე, ჩვენს ქვეყანაში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, იმის შესახებ, რომ ჩვენზე ხორციელდება მუქარები, გადავწყვიტეთ, ეროვნული უსაფრთხოების განგაშის სისტემა უმაღეს დონეზე ავწიოთ". - წერს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი.

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ ტერორისტების სამიზნე ნებისმიერი სახელმწიფოა, რომელსაც იმპერიული ამბიცია აქვს, ეს იქნება ჩინეთი, რუსეთი, აშშ თუ დიდი ბრიტანეთი, მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ, მათი გაჩერება შეუძლებელია.

„დღეს ტერორისტული აქტები სულ ხდება და ერთი წამით არ შემცირებულა. მაგრამ, თუ ეს ისლამურ სახელმწიფოებში ხდება, სამწუხაროდ, ეს მაინც და მაინც დიდ რეზონანსს არ იწვევს. რამდენიმე დღის წინ უზარმაზარი ტერორისტული აქტი ავღანეთში მოხდა, რასაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასევე, ცოტა ხნის წინ ირანშიც მოხდა. მაინც და მაინც პარიზის ან მოსკოვის ცენტრში უნდა მოხდეს, რომ საზოგადოება შეჯანჯღარდეს?! ასე რომ, კიდევ მოხდება და მასშტაბიც რასაკვირველია გაიზრდება.

„მათი მტერი ნებისმიერი სახელმწიფოა, რომელსაც იმპერიული ამბიცია აქვს, ეს იქნება ჩინეთი, რუსეთი, აშშ თუ დიდი ბრიტანეთი, მნიშვნელობა არ აქვს. იმათ წინააღმდეგ გამოდიან, ვისზეც თვლიან, რომ შეუძლიათ მსოფლიო წესრიგის შექმნა. გარდა ამისა მათი სამიზნე ისეთი სახელმწიფოებია, რომლებსაც მათი აზრით არასწორი რელიგია აქვთ. მათი იდეოლოგიიდან გამომდინრე, ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არადროს არ შეწყდება.

„რუსეთში ლაპარაკი იყო, რომ 22 მარტს მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი მოლში"განხორციელებული ტერაქტი უკრაინელების მოწყობილი იყო, რადგან რუსეთს ისლამურ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა აქვს. აი ასეთი იდიოტიზმის პროპაგანდა როცა შეუძლიათ, მათი საქმე დასრულებულია. თითქოს ჩრდილოეთ ოსეთში ბესლანის ტერაქტი არ მომხდარა და არც მოსკოვის აფეთქებები" - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

25 მარტს, აზერბაიჯანში დააკავებს პირი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ქალაქ მურმანსკში სხვა პირებთან თანამშრომლობით ტერორისტულ აქტს გეგმავდა. იგი 1988 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე, ბაჰრუზ ასკაროვია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ასკაროვმა რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები პირები საიდუმლო კომუნიკაციაში ჩართო და მათ მითითებები მისცა, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ლენქორანის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური უნდა მოეკლათ. ასევე, ისიც დადგინდა, რომ ბაჰრუზ ასკაროვმა მასთან კონტაქტში მყოფ პირებს უცხო ქვეყნის მოქალაქის მკველობა დაავალა, რომელიც აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა.

ამასთან, აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ასკაროვი თავის თანამონაწილეებთან ერთად უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების მოწყობას გეგმავდა, თუმცა შესაბამისმა სტრუქტურებმა მალევე მოახერხეს ხელისშეშლა და მათ ეს ვერ შეძლეს. ასკაროვი ჯერჯერობით წინასწარ პატიმრობაშია, იქამდე სანამ გამოძიება სრულად არ დასრულდება.

არეშიძის თქმით, ადრე ისლამური დაჯგუფებების მთავარი სამიზნე ერაყის და სირიის ტერიტორიები იყო, ახლა ისევ დაბრუნდნენ იმ ძველ ფორმატში, რომელშიც ამდენი წლის განმავლობაში არსებობდნენ.

„თუ აქამდე, ისლამური დაჯგუფებების მთავარი სამიზნე ერაყის და სირიის ტერიტორიები იყო, ახლა ისევ დაბრუნდნენ იმ ძველ ფორმატში, რომელშიც ამდენი წლის განმავლობაში არსებობდნენ. ასე რომ, ეს ძალიან ცვალებადი პროცესია, მაგრამ, მთელი მსოფლიო ყოველთვის დაძაბულობაში უნდა იყოს, ვიდრე ეს იდეოლოგიური ნარატივი არ ჩამოიშლება.

„ძალიან ბევრი ტერაქტი ხდებოდა საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-ში და ა.შ. შესაძლოა, ამხელა მსხვერპლი, რაც მოსკოვში მოხდა იშვიათი შემთხვევაა" - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×