"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ადვოკატი ადასტურებს, რომ ბანკში შეჭრის მიზეზი დაკავებულის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ციცინო ბაბუნაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მძევლების აყვანა დაგეგმილი არ ჰქონდა.
"მოტივთან დაკავშირებით, ბავშვის ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. მისი ერთდაერთი შვილი გულის მანკითაა დაავადებული, რომელიც 6 თვიდან მკურნალობს და ახლა 14 წლისაა. სარეაბილიტაციო კურსს ჟვანიას კლინიკაში გადის, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გულზე შუნტირება 6 თვის ასაკში აქვს გაკეთებული და ჟვანიას კლინიკაში ყოველწლიურად გადის სარეაბილიტაციო კურსს. მას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ ჰქონია.
ნარსიას მძევლების აყვანა დაგეგმილი არ ჰქონია, უბრალოდ გარემოებიდან გამომდინარე მოხდა“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ბაბუნაშვილმა.
მისივე თქმით, ნარსია წარსულში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონტროლიორად მუშაობდა. დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო, შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - გეგუთის მე-14 დაწესებულებაში კონტროლიორი გახლდათ. იქ, 2010 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა.
"იარაღთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სათამაშო იყო და ნამდვილი ასაფეთქებელი არ ყოფილა. რაც შეეხება ხელყუმბარას, შესაძლოა, ის სპორტული იყო. რაც შეეხება იარაღს, საიდანაც გაისროლა, „სტარტოვკა“ იყო, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს. ხელყუმბარაზე განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურიდან წამოიღო და სარდაფში ჰქონდა დიდი ხანი და შესაძლოა, სპორტული იყოსო, თვითონაც არაა დარწმუნებული, საბრძოლო არის, თუ არა.
გრიგოლი ამბობს, მძევლები თავისუფლად მყავდა, რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ და პირიქით, 3 ადამიანი გამეპარა უკანა კარიდანო.
ნარსიას თქმით, მისი განზრახვის შესახებ, არავინ არაფერი იცოდა. ჩვენებაში მას დანაშაულის მოსამზადებლად 2 დღე აქვს მითითებული. დიდი არც არაფერი მომზადება უნდოდა იმიტომ, რომ ასაფეთქებლები გადაჭრილი პლასტმასის მილებითაა გაკეთებული. გრიგოლ ნარსიას წლებია არსად უმუშავია." - განაცხადა ადვოკატმა.