
გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ბოლო ხუთწლიანი პროგნოზი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, წინაზე უფრო პესიმისტური გამოვიდა. 98%-იანი ალბათობით, ის გვპირდება, რომ 2023-2027 წლებში საშუალო ტემპერატურა გასული ხუთი წლის მაჩვენებელზე მკვეთრად მაღალი იქნება და 2016 წლის რეკორდი - რეკორდულად ყველაზე ცხელი წელი - მოიხსნება.
Skynews-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს ამ თემაზე და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურა ამჟამად ესპანეთში იგრძნობა, სადაც უახლოეს კვირებში შესაძლოა 40 გრადუსიც კი დაფიქსირდეს, ამ შემთხვევაში კი 2011 წლის რეკორდი - 37.4 გრადუსი მოიხსნება.
ისეთი სანაპირო ზონები, როგორიც არის, მაგალითად, გიბრალტარი, ნორმაზე 10 გრადუსით თბილი იქნება.
Euronews travel-ი წერს, რომ უჩვეულოდ თბილი იყო ევროპაში ზამთარიც. მაგალითად, ბილბაოში იანვარში 29 გრადუსიც კი დაფიქსირდა.
ახალ წელს რეკორდულად მაღალი ტემპერატურით შეხვდნენ ჩეხეთი, დანია, გერმანია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვეიცარია.
როგორც 2022 წელს, ეს ზამთარიც მცირე თოვლიანი და მშრალი აღმოჩნდა. არც მაშინ და არც ამჯერად წვიმა თითქმის არ იყო. ალპებში თოვლი ისტორიულ ნორმებს ჩამოცდა, რაც აუცილებლად გამოიწვევს გვალვას.
"ასეთი პროგნოზი აქამდე არასდროს მინახავს. არასოდეს“, - დაწერა NASA-ს კლიმატოლოგმა რაიან სტაუფერმა და დასძინა, რომ კლიმატის შედეგების იგნირირება შეუძლებელია.
კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მეცნიერები ხედავენ 60%-ზე მეტ ალბათობას, რომ ტემპერატურა ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში საშუალოზე მაღალი იქნება ივნისიდან აგვისტომდე.
მეცნიერები დიდი ხანია აფრთხილებდნენ, რომ პლანეტის დათბობა არღვევს კლიმატის ბალანსს და იწვევს ამინდის "რყევებს" - წყალდიდობა, ქარიშხალი და ყინვები სულ უფრო ხშირია ზამთარში, ხოლო ზაფხულში გვალვა და სიცხე.
ტემპერატურის გამუდმებული ცვალებადობის გამო, 2100 წლისთვის დედამიწის ნახევარზე მეტი მშრალი იქნება. ამის შესახებ დასკვნა ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე