
22 ივნისს, მოსკოვში გამართულ წვეულებას, რომელსაც საქართველოდან ჩასული მომღერლები ესწრებოდნენ, სოციალურ ქსელში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებულ ვიდეოებში, რომელიც ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული ჩანს, რომ წვეულებას ესწრებიან მომღერლები ნუცა ბუზალაძე, მეგი გოგიტიძე, დათო ხუჯაძე, მიშა სულუხია, ხვიჩა მაღლაკელიძე. საღამოს ესწრება ასევე სოსო პავლიაშვილიც, რომელიც სხვა ქართველებთან ერთად "სამშობლოს“ მღერის.
ბანერზე, რომლის ფონზეც ქართველები მღერიან წერია Happy birthday Nia. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს ქართველი კანონიერი ქურდის ბადრი კოღუაშვილის (კუტაისკის) ქალიშვილი, ნია კოღუაშვილი აღნიშნავდა.
მომღერალი მიშა სულუხია სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსკოვში 6 წლის უნახავი მეგობრის დაბადების დღეზე ჩავიდა.
"უიჰ, როგორც იქნა მეც გავეხვიე ერთ ნორმალურ სკანდალში. კი ოკუპანტ ქვეყანაში 6 წლის უნახავი დის სანახავად და მეგობრის დაბადების დღეზე ჩავედი, ჩემი მეგობრის. სცენაზეც ავედი. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს კონცერტი იყო და ამაში ფული ავიღე? - არა, არ არის მართალი.
საზოგადოების მოტყუება ცუდი საქმეა, არ ვიცი, ეს ვინ გააკეთა, მაგრამ იცოდეთ რომ ეს არც კონცერტი და არც არანაირი მნიშვნელობის მქონე ღონისძიება არ ყოფილა. ქართველი გოგონას დაბადების დღე იყო და იქ შეკრებილი ადამიანებიც ქართველები იყვნენ...
საჯარო შეფასებების დროს სწორი ინფორმაციის ცოდნა და უფრო მეტი ინტელექტის გამოვლენაა საჭირო, ვიდრე სოსო პავლიაშვილის გვერდით დადგომა სამშობლოს ღალატად ფორმულირებაა..."
ბადრი კოღუაშვილი (ქუთაისკი) ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდია. რუსულ მედიაში მას კრიმინალურ სამყაროში პირველ ნომერსაც კი უწოდებენ.
კოღუაშვილი პირველად 20 წლის ასაკში 1984 ქურდობისთვის დააკავეს, სასამართლომ 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ დიდხანს არ დარჩენილა თავისუფალი. 1991 წელს კიდევ ერთხელ დააკავეს იარაღის უკანონო რეალიზაციისთვის, თუმცა მალე ციხე დატოვა. 1999 წელს ის უკვე მოსკოვში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. კრიმალური ავტორიტეტი სხვადასხვა დროს გასამართლებული იყო შვიდ ეპიზოდზე.
კოღუაშვილი რუსეთის დამნაშავეთა სამყაროს ლიდერის კალაშოვის (შაქრო მალადოი) მოსკოველ მემკვიდრედ ითვლება. ბადრი კოღუაშვილი საქართველოში წლებია არ ჩამოსულა. ბოლო წლებში ის რუსეთში, უკრაინაში, თურქეთსა და ბელარუსში გადაადგილდებოდა.
ნია კოღუაშვილი ბადრი კოღუაშვილისა და ენდი ძიძავას საერთო ქალიშვილია. ქალბატონ ენდის ქართული საზოგადოება კარგად იცნობს, ის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია, თამაშობდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში,“ სადაც ჩიკას დედას ასახიერებდა.
Ambebi.ge ენდის ძიძავას, კომენტარზე დაუკავშირდა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ნია მამას იშვიათად ნახულობს და სწორედ მამის სურვილი იყო, რომ ოქროს იუბილე შვილთან ერთად გაეტარებინა. თავად კი მოსკოვში არ ყოფილა, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის და მისი შვილის მამა კარგა ხანია არ ცხოვრობენ ერთად.
"რაც შეეხება დაბადების დღეს, ნია მამას უიშვიათესად ნახულობს. ახლა ოქროს დაბადების დღე ჰქონდა და მამამ სთხოვა მასთან გაეტარებინა სულ რაღაც ორი დღე. სიურპრიზი გაუკეთა და მის დაბადების დღეზე უახლოესი ადამიანები შეკრიბა. ეს იყო და ეს. ახლა უკვე საქართველოშია. გუშინ დილით ჩამოფრინდა", - განაცხადა ძიძავამ.
ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე