რეზონანსი
21.07.2024

ონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვეას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. საბედისწერო შემთხვევა გუშინ სოფელ ხიდეშლებთან, კერძოდ ბოდოურას ხეობასთან მოხდა. ავტომანქანა, სადაც 5 ადამიანი იჯდა, ხიდიდან მდინარეში გადავარდა და ადგილზე დაიღუპა სამი ახალგაზრდა, ორი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდები რაჭაში თბილისიდან იყვნენ ჩასულები. ბიჭები ერთმანეთის მეგობრები და უბნელები არიან.

„გაგვანადგურა ამ ამბავმა, ჩემს თვალწინ, ჩემს ხელში გაზრდილი ბიჭები არიან, ორი 23 წლის არის, ვინც საჭესთან იჯდა ის გვარად გრიგოლიაა. მათზე უფროსი იყო. სამივეს ვიცნობდი და ძალიან განვიცდი ამ ამბავს. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ნახალოვკაში, სააკაძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. არ ვიცი როგორ უნდა შევეგუოთ ამ საშინელ ამბავს. გავრცელდა ინფორმაცია არასრულწლოვნის დაღუპვაზე, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად არის მართალი, ჩემი ინფორმაციით, ის დამტვრეულია და ცოცხალია, კლინიკაშია. სამივე გარდაცვლილს პირადად ვიცნობდი და ძალიან ცუდად ვარ ამ ამბის გაგების შემდეგ. სიტყვები უძლურია ამ დროს. დაღუპულებიდან ერთი ლუკა ჯიქურაძეა, მეორე ჯიმშერ გრიგოლია, მესამე კი ლევან ბაკურაძეა. როგორც ამბობენ, გრიგოლია იჯდა საჭესთან, საწყალს შვილი შარშან გარდაეცვალა და ამ ტკივილით ცხოვრობდა ეს ერთი წელი. ახლა თვითონაც დაიღუპა. უკარგესი ბიჭები და ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ სამივე. ძალიან დიდი ტრაგედიაა მომხდარი", - ამბობს ბიჭების მეზობელი.

მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ არ იცნობს გარდაცვლილებს, რადგან ისინი ადგილობრივები არ იყვნენ. როცა შემთხვევის ადგილზე თავად მოვიდა, უკვე ამოსვენებული იყო ცხედრები.

ბიჭებს ემშვიდობებიან მეგობრები და სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით.

„რა ვთქვა ლუკი, არ მყოფნის სიტყვები. ან რა უნდა ვთქვა, გაგვყინე ყველა. მუდამ ჩემს გულში იქნები, სანამ ცოცხალი ვიქნებით",- წერს მეგობარი.

კიდევ ერთი მეგობარი ბიჭების ფოტოებს აზიარებს და ასეთ წარწერას უკეთებს:

„თქვენს სულებს ვენაცვალე ძმებო, მაგრად დაგვწყვიტეთ ყველას გული. გაანათლოს უფალმა თქვენი ლამაზი სულები. მუდამ გულში იქნებით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×