რეზონანსი
06.08.2024

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები მიიწურა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შედეგები უკვე გამოაქვეყნა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე ასობით ახალგაზრდა ცხოვრების ახალი ეტაპს, სტუდენტობის გზას დაადგება.

აბიტურიენტობა რთული და სტრესული რომაა, ეს ახალი არავისთვისაა, მაღალი საგამოცდო შედეგების მისაღწევად დიდი შრომის გაწევა და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო, რაც გარდა პერსონალური მონდომებისა, კარგ მასწავლებელზეც არის დამოკიდებული.

წარმატებული აბიტურიენტის მიღმა, მეტწილად, შემდგარი, პროფესიონალი რეპეტიტორი დგას, რომელიც ამ რთულ, სტრესულ სამუშაო გარემოს მთელი წელი მასთან ერთად გადის და გამოცდების შედეგებსაც მოუთმენლად ელის.

თუმცა, ამბავი, რომელსაც გიყვებით, შემდგარ პედაგოგს არ ეხება, ჩვენი სტატიის მთავარი გმირი 21 წლის სტუდენტი, გუგა ტაბატაძეა, რომელიც უკვე 2 წელია, აბიტურიენტებისთვის თავად გახდა მოტივაციის წყარო და სამაგალითო მასწავლებელი.

საქართველოს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ამზადებს და შესანიშნავ შედეგებსაც იღებს, მისი მოსწავლეების უმრავლესობამ საგრანტო ქულები მოიპოვა.

გამონაკლისი არც წლევანდელი გამოცდები ყოფილა, როგორც თავად გვითხრა, ბედნიერია, რომ მისმა აბიტურიენტებმა წელსაც უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს.

წარმატებული სტუდენტი მოსწავლეებთან ურთიერთობასა და სასწავლო პროცესს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება და ამბობს, რომ ამაში სიმკაცრესთან ერთად, მეგობრული დამოკიდებულებაც ეხმარება.

თავად კი, ამ ეტაპზე, ზუსტად იცის, რომ წერა, ლიტერატურის კითხვა და მსჯელობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მომავალშიც მასწავლებლობა, უფრო შორეულ პერსპექტივაში კი, ლექტორობა სურს.

გარდა ამისა, გუგა მუდმივად ცდილობს პროფესიულად გაიზარდოს, ამიტომ ყველა თემატურ კონფერენციებში მონაწილეობს. ასევე, აქტიურადაა ჩართული უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლებში.

უნდა აღნიშნოს, რომ ახალგაზრდა მასწავლებელი ასევე გამოირჩევა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში აქტიური ჩართულობა, სურვილთან ერთად, მისი, როგორც თაობის შემადგენელი ნაწილის ვალდებულებაცაა.

როგორ გაიარა სტუდენტობის პარალელურად, 21 წლის ასაკში მასწავლებლობამდე მისასვლელი გზა, რა მიზნები და სამომავლო გეგმები აქვს - ამ თემებზე, ნიჭიერმა ახალგაზრდამ - გუგა ტაბატაძემ „ფორტუნასთან" ისაუბრა.

„თავდაპირველად მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ერთი წელი ვისწავლე, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მთელი ცხოვრება ამის კეთება არ მინდოდა, ამიტომ მობილობაზე ვფიქრობდი, განვიხილავდი რამდენიმე გზას, თუმცა ქართულ ფილოლოგიაზე არ მიფიქრია.

მოხდა ისე, რომ ერთი მოსწავლე ავიყვანე, რომელსაც ქართულად საუბარი უჭირდა, ვეხმარებოდი ენის დახვეწაში, მასთან მუშაობა იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე მობილობით ქართულ ფილოლოგიაზე გადავსულიყავი.

გარდა ამისა, ყოველთვის მიყვარდა წერა და კითხვა, განსაკუთრებით წაკითხულზე მსჯელობა და განხილვა. რაც შეეხება ლიტერატურის სიყვარულს, ლიტერატურა ძალიან მიყვარს, რადგან აქვს უამრავი გზა და გაძლევს ფიქრის საშუალებას, გაძლევს იმ რეალობას, რომელსაც შენ დაინახავ.

ორი წელია, რაც აბიტურიენტებს ვამზადებ, სულ 18 აბიტურიენტი მყავდა. შედეგებით კმაყოფილი ვარ, უმრავლესობა საგრანტო ქულას იღებს. ამ ქულების უკან უდიდესი შრომაა, როგორც ჩემი, ისე მოსწავლეების, სწორედ ამიტომ, როცა სასურველ შედეგს ვიღებთ, ორმაგად სასიხარულოა და ეს გრძნობა ენით აღუწერელია.

მეც ახლო წარსულში გავხდი სტუდენტი და ზუსტად ვიცი რას ნიშნავს სტუდენტობა, სასიხარულოა და ამაღელვებელია, როცა მოსწავლე შენი დახმარებით აღწევს ამ საფეხურს და ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გენდობა", - გვითხრა გუგამ.

წარმატებულ ახალგაზრდა მასწავლებელს ვკითხეთ, როგორ მოახერხა მოსწავლეებისა და განსაკუთრებით, მათი მშობლების ნდობის მოპოვება იმ პირობებში, როდესაც უმრავლესობა არჩევანს შემდგარ, პროფესიონალ რეპეტიტორზე აკეთებს:

„პირველ წელს მოსწავლეები ძირითადად რეგიონებიდან მოვიდნენ, რაც ჩემი მეგობრის დამსახურებაა, რომელმაც მათთან რეკომენდაცია გამიწია.

ამავე წელს, ვიყავი აბიტურიენტების გვერდის მოდერატორი, მაქვს Instagram გვერდი, სადაც „ლაივებსა" და „ონლაინ" შეხვედრებს ვმართავდი, რითაც ისეთ მოსწავლეებს ვეხმარებოდი, რომლებსაც რეპეტიტორი არ ჰყავდათ ან უბრალოდ დამატებითი გაკვეთილები სურდათ, ეს ყველაფერი მეც დამეხმარა.

რა თქმა უნდა, როცა ასაკს იგებენ, ნდობა უჭირთ, განსაკუთრებით მშობლებს. პირველი წელი სწორედ ამიტომ იყო რთული, რადგან არ მქონდა გამოცდილება და არ შემეძლო მეჩვენებინა ჩემი მოსწავლეების შედეგები. შემდეგ წლებში ეს გამარტივდა, რადგან ხედავდნენ როგორი შედეგები ჰქონდათ ჩემს მოსწავლეებს და ნდობაც იზრდებოდა", - აღნიშნა „ფორტუნასთან" საუბრისას გუგამ.

გარდა მოსწავლეებისთვის საჭირო ლიტერატურისა, მომავალ ფილოლოგს ასევე ვკითხეთ, თავად რას კითხულობს და რა არის მისთვის პრიორიტეტული პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, რაზედაც მან გვიპასუხა:

„ჩემთვის პრიორიტეტულია ქართველი მწერლების შესწავლა. ვფიქრობ, ყველაზე დიდი ქართველი ილია ჭავჭავაძეა, რომელიც სამწერლობო ნიჭითაც გამოირჩევა, მან საკუთარი თავი ქვეყნისთვის გაწირა. თუმცა, ყველაზე მეტად ის მწერალი მომწონს, რომელსაც, სამწუხაროდ, აკაკი წერეთელმა ენა დაუწუნა, ვაჟა-ფშაველა თავისი სამწერლობო ნიჭით ყველასგან გამოირჩევა.

ყველაზე მეტად ვაჟა-ფშაველა შემიყვარდა, მისი ენა ჩემთვის განსაკუთრებულია, რომლის მსგავსიც არ მოიძებნება. მის შემოქმედებაში იგრძნობა ქართული სული, ყოველი სიტყვა გვახვედრებს, თუ როგორი პატრიოტი იყო. ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ახალგაზრდებს ბევრს რამე ასწავლის, მის შემოქმედებაში იგრძნობა, თუ რამხელა ადგილი უკავია ერთმანეთის პატივისცემასა და ურთიერთგაგებას...

გარდა ამისა, ვცდილობ ქართველი თანამედროვე მწერლებიც ახლოს გავიცნო, თუმცა თავისუფალ დროს უცხოელ ავტორებსაც ვეცნობი. პრიორიტეტი მაინც მხატვრული ლიტერატურაა", - უთხრა „ფორტუნას" გუგა ტაბატაძემ.

რაც შეეხება მის ინტერესებს, მიზნებსა და სამომავლო გეგმებს, როგორც ზემოთ აღინიშნა, გუგას ამ ეტაპზე მასწავლებლობის გაგრძელება სურს, უფრო შორეულ მომავალში კი უნდა, რომ ლექტორი გახდეს და მიღებული ცოდნა კვლავ ახალგაზრდებს გაუზიაროს:

„როგორც ვთქვი, პროფესია ერთხელ შევიცვალე, რამაც ერთი წელი დამაკარგვინა, თუმცა არ ვნანობ, რადგან ვიცი, რომ ქართული ფილოლოგია არის ის, რასთანაც მინდა მთელი ცხოვრება შეხება მქონდეს.

ვფიქრობ, რომ მოსწავლეები მთელი ცხოვრება მეყოლება, მსურს გარკვეული პერიოდი სკოლაში ვიმუშაო, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლექტორობაა. მიუხედავად ამისა, არ გამოვრიცხავ იმას, რომ მომავალში სხვა კუთხითაც დავსაქმდე, მომწონს ჟურნალისტიკა, სტატიების წერა, მომწონს ისეთი საქმიანობა, სადაც წერა, კითხვა ან საუბარია საჭირო.

რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ჩართული ვარ სპორტში. ვფიქრობ, რომ ეს ყველას ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, რადგან განტვირთვისთვის კარგი საშუალებაა და ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

ჩემი მთავარი გატაცება ფეხბურთია, უნივერსიტეტის გუნდში ვთამაშობდი, განტვირთვაში ყველაზე მეტად მეხმარებოდა. ასევე მიყვარს ქართული ცეკვა, რადგან ქართულ იდენტობას კარგად გამოხატავს.

რაც შეეხება კვლავ სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა, ჩემი მომავალი საქართველოს უკავშირდება, ვაპირებ სწავლა აქ გავაგრძელო, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამ ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წლით, უცხოეთშიც გავაგრძელო სწავლა, რადგან ეს უდიდესი გამოცდილება იქნება და პროფესიის დასწავლასთან ერთად, უცხო ენის გაუმჯობესებაში დამეხმარება." - გვითხრა გუგა ტაბატაძემ.

წყარო: fortuna.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×