რეზონანსი
19.08.2024

ბოლო წლებში საქართველოში გველის ნაკბენით ადამიანის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში გერმანელი ტურისტი სწორედ ამ მიზეზით გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივები ადასტურებენ. მათი თქმით, 44 წლის მამაკაცი რამდენიმე წუთში, ადგილზე გარდაიცვალა.

ჰერპეტოლოგი (ქვეწარმავლების სპეციალისტი) შოთა ზანდუკელი ამბობს, რომ გველის შხამი ადამიანს ასე სწრაფად არ მოკლავდა:

„პირველ რიგში, მწუხარება მინდა გამოვხატო ტურისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ის გველების მოყვარული და მოგზაური იყო, აკვირდებოდა ბუნებას, იღებდა სურათებს. ითქვა, თითქოს მას ჰყავდა გველი და იმან უკბინა, ეს არასწორი ინფორმაციაა, არანაირი გველი არ ჰყოლია. ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას, დასტურდება თუ არა გველის ნაკბენი... ვთქვათ, გველგესლას რომ ეკბინა, სუსტი შხამის დროს იოლად იკურნება ადამიანი; მეორე ვარიანტია, როცა ხდება ანაფილაქსია, რომელიც შეიძლება როგორც გველის, ასევე ნებისმიერი შხამიანი მწერის (კრაზანა, ფუტკარი, მორიელი...) ნაკბენის დროს განვითარდეს, რაც ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გარდაცვალებითაც დასრულდეს. თუმცა მგონია, ეს ადამიანი ამისთვისაც მზად იქნებოდა. როცა ამ საკითხებზე მუშაობ, აუცილებლად ექნებოდა შესაბამისი პრეპარატები, ეცოდინებოდა ალერგია ჰქონდა თუ არა შხამზე... რა ვიცი, წესით სიფრთხილე უნდა გამოეჩინა.

როცა შხამიანი გველი უკბენს ადამიანს, სიმპტომები, რომლითაც შეიძლება გართულდეს მდგომარეობა, ხანგრძლივი პროცესია, ასე სწრაფად გველის ნაკბენით გარდაცვალება მსოფლიოშიც კი არ დაფიქსირებულა. ექსპერტიზით გაირკვევა მიზეზი.

არის სახეობები, რომელიც არ ბინადრობს საქართველოში და იმ სახეობების შემოყვანა, ბუნებაში გაშვება სასტიკად აკრძალულია, ვინაიდან ეს იწვევს ეკოლოგიაში სერიოზულ დარღვევებს და ვერც გველები გაძლებენ, ის სახეობები კონკრეტულ ადგილს არიან შეჩვეულები, მაშინ უნდა მოერგონ აქაურ კლიმატს, უნდა გადარჩნენ. ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და ყოვლად წარმოუდგენელია. არ არსებობს ასეთი ადამიანი, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს, რომ სადღაც გველი გაამრავლოს. არც მოთხოვნაა ამის, არც სურვილი, არც შესაძლებლობა და არც ბუნება უწყობს ამას ხელს. გველებთან დაკავშირებით ნებისმიერი ჭორის გავრცელება ინტერესს იწვევს, რადგან მისი ყველას ეშინია და იოლად იღებენ ამ ჭორს. ეს უბრალოდ მითებია...

 საქართველოში ადამიანისთვის მხოლოდ ერთია საშიში - ეს არის გიურზა, რომელიც მხოლოდ კახეთში და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ბინადრობს, იქაც ყველგან - არა. არის სხვა სახეობის შხამიანი გველგესლებიც, მაგრამ თუ ადამიანი ამ კონკრეტული გველის შხამის მიმართ ალერგიული არ არის, რომც გიკბინოს, ეს სიკვდილს არ გამოიწვევს. საქართველოში სულ 24 სახეობის გველია, მათგან 8 შხამიანი გველგესლაა, რომელთაგან სიცოცხლისთვის სახიფათო მხოლოდ გიურზაა. შხამიანი იყო თუ არა გველი, ამას ნაკბენითაც მიხვდებით, თუკი ორი კბილის კვალი გეტყობათ, დიდი ალბათობით, გველი შხამიანი იყო", - აცხადებს ჰერპენტოლოგი.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×