
პარამკლავჭიდელი მარინე ფუტკარაძე საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატიდან ოქროს მედლით დაბრუნდა. იგი 18-გზის მსოფლიოს ჩემპიონია, 17-ჯერ კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ამჯერად მოლდავეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო ჩასული და +70 კგ წონით კატეგორიაში იასპარაზე.
მარინე ფუტკარაძე წლებია, სპორტის ამ სახეობაშია ჩართული და ის ორივე ხელით ერთნაირი წარმატებით ასპარეზობს. მარინე აჭარაში, ბავშვთა სახლში გაიზარდა. ბავშვთა სახლში გაიზარდა მისი ორი დაც, თუმცა მისგან მოშორებით, ქუთაისში და დებმა ერთმანეთი ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ გაიცნეს"
"სმენის პრობლემების მქონე მარინე ფუტკარაძის შესაძლებლობები ბათუმის ბავშვთა სახლში, მკლავჭიდის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა გოჩა შავაძემ აღმოაჩინა და ამის შემდეგ გოგონას სხვა ინტერესები გაუჩნდა.
როგორც ჩანს, ძალიან პატარა მიმიყვანეს მახინჯაურის ბავშვთა სახლში და იქ დამტოვეს, ამიტომ მშობლები არ მახსოვს. ძალიან კარგ პირობებში ვიზრდებოდი. როცა წამოვიზარდე, მახინჯაურიდან ბათუმის ბავშვთა სახლში გადამიყვანეს. 12 წლის განმავლობაში ჩემთვის არავის მოუკითხავს. სმენა დაქვეითებული მქონდა. ერთხელ ქუჩაში მიმავალს მანქანა დამეჯახა, რადგან ყურში არ მესმოდა. მაშინ გადავრჩი. ბავშვთა სახლის პედაგოგმა, ჩემმა აღმზრდელმა გიული თავბერიძემ აღმოაჩინა, რომ სმენის პრობლემა მქონდა.
სმენადაქვეითებულის დიაგნოზი დამისვეს და აპარატიც მაჩუქეს. ახლაც მახსოვს ის რეაქცია, რაც მაშინ მქონდა. მანამდე არაფერი მესმოდა, აპარატს რომ ვიკეთებდი, უკვე რაღაც ხმები "მოდიოდა". ამით შანსი მომეცა, ლაპარაკი მესწავლა. ჩვენი დირექტორი, ბატონი გია ვერძაძე მართლა ყველაფერს აკეთებდა, ბავშვებს კარგი განათლება რომ მიგვეღო. ჩვენ გვერდით ბევრი კეთილი ადამიანი იყო და მადლიერი ვარ მათი. მანამდე ლაპარაკიც კი არ ვიცოდი, შემდეგ დავიწყე გაკვეთილებზე სიარული. მართლა ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა როგორც ბავშვთა სახლში, ასევე საჯარო სკოლაში: ბათუმის მე-20 სკოლა დავამთავრე.
ბავშვთა სახლში ვიღაც კაცი მოვიდა მკლავჭიდის ფედერაციიდან, მასთან ერთად იყვნენ ამერიკელებიც. მაგიდა გაშალეს და მკლავის გადაწევაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ბავშვი ვიყავი, 14 წლის. მივედი, მეც გადავწევ-მეთქი და ყველას მოვუგე. მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა წამიყვანა შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც უფასო იყო დარბაზში სიარული. სწორედ იქ გამაცნო აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი თემურ ლიპარტიშვილი. მას ჩააბარა ჩემი თავი. ვივარჯიშე, მოვემზადე. მახსოვს ბიჭები ბევრნი იყვნენ და მარტო მე რომ ვიყავი გოგო, მრცხვენოდა. მაშინ საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე. ახლაც მახსოვს ის ემოციები.
ამბობენ, რომ დედაჩემი გარდაიცვალა. მერე გავიგე, რომ მყავს ორი და, ისინი ქუთაისის ბავშვთა სახლში გაიზარდნენ. ახლა დაოჯახებულები არიან. ჩვენ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ხშირი ურთიერთობა არ გვაქვს. ისინი ყრუ-მუნჯები არიან. ახლა ჩემს დისშვილს, 16 წლის ბიჭსაც ვამზადებ მკლავჭიდის ჩემპიონობისთვის... ჯერ აჭარის ჩემპიონი გავხდი მკლავჭიდში, მერე საქართველოს ჩემპიონი, იმავე წელს ევროპის ჩემპიონატში მეორე ადგილი მოვიპოვე. ანტალიაში ჩატარდა მაშინ ევროპის ჩემპიონატი და 55 კილომდე წონით კატეგორიაში 16 წლამდე ასაკის გოგონების ნაკრებში 24 ქვეყნის მკლავჭიდელი მონაწილეობდა. ეს გამარჯვება ისეთი ბედნიერება იყო, რომელსაც სიტყვებით ვერასდროს აღვწერ. ამ მიღწევებმა დიდი სტიმული მომცა.
ექვსი წელი ვაგროვებდი ბინისთვის ფულს, რადგან მინდოდა ჩემი ჭერი მქონოდა. მაშინ სოციალური დახმარება 100 ლარი მქონდა, შეზღუდული შესაძლებლობის პენსიაც 100 ლარი იყო. სპორტში რომ გავიმარჯვე, პრემიები ჩამირიცხეს და ასე შევაგროვე 5000 დოლარი. ჩემმა მასწავლებელმა მომცა საცხოვრებელი ბინაც. უფასოდ, თავის სახლში შემიშვა, ერთი პატარა ოთახი მქონდა და იქ ვცხოვრობდი. 6 წელი მართლა ბევრი ვიწვალე, ბევრჯერ გავხდი ჩემპიონი, ასე ვამატებდი ყველა თანხას ერთმანეთს, რომ ჩემი ოცნებისთვის მიმეღწია. ბათუმში ჯერ შავი კარკასი ვიყიდე, მერე ნელ-ნელა რემონტი გავაკეთე და ახლა ჩემი ბინა მაქვს და ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა ბატონ თემურს გვერდში დგომისთვის. ჩემი ბინა რომ მოვაწყვე, მერე წამოვედი მისი სახლიდან.
ბინის ყიდვის შემდეგ ახალი მიზანი დავისახე. გადავწყვიტე მწვრთნელის დიპლომი ამეღო. ამისთვის თბილისში წავედი მეგობართან. ვისწავლე და დიპლომიც ავიღე. ახლა ლიცენზირებული მწვრთნელი ვარ და ვისაც არა აქვს საშუალება, შემიძლია უფასოდ ვავარჯიშო“ - განუცხა ჟურნალ "გზას" მარინემ.
წყარო: "გზა"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე