
ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ ბიოლოგიურ დედას მასთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს.
“ისტორია არის ასეთი - მე არ ვარ მოპარული ბავშვი. ჩემი ცხოვრებისა და ისტორიის გადასარჩენად, ვერ ვიტყვი იმას, რომ მე მომიპარეს სამშობიაროდან. მე რომ ვთქვა, რომ ვარ მოპარული ბავშვი, სიმართლე გასკდება და მერე იმ დედებს არ დაუჯერებენ, ვისაც ბავშვები მართლა მოჰპარეს. ამდენ ადამიანს საკუთარი ისტორიისთვის, ნამუსის მოსაწმენდად ვერ გავწირავ.
გამაშვილეს, მამა იყო ცოლიანი, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი, დედა არ იყო გათხოვილი, იყო 21 წლის და ნუ, მოხდა... მესმის მაშინდელი მდგომარეობა, ოჯახის განცდები იმიტომ, რომ 80-იან წლებში, საქართველოში ბავშვის უმამოდ გაჩენა იყო ოჯახისთვის ტრაგედიის ტოლფასი. ყველამ იცის ეს და ამიტომაც ამის მიმღებლობა მაქვს აბსოლუტურად.
დედასთან შეხვედრის ვიდეო ვერ დავდე იმიტომ, რომ არ სურს გამოჩენა. მას აქვს სიმსივნე, მძიმე ფორმებში. დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა, რას ვიზამთ, ყველას არ შეიძლება უნდოდე და მოსწონდე. ნუ, არიან ადამიანები, ვისაც არ უნდიხარ და არ მოსწონხარ... არ უნდა გამოჩენა და არც ჩემთან კონტაქტი.
ღმერთია მოწმე და ყველა ის ადამიანი, ვინც თავიდანვე სიმართლე იცოდა, რომ მაქსიმალურად ვეცადე კბილებით მომეტანა აქამდე ეს ამბავი. მაქსიმალურად ვეცადე, რომ არ გამემჟღავნებინა, მაგრამ ფაქტი არის ეს!
ძალიან გთხოვთ, არ დაწეროთ უარყოფითი კომენტარები არავის მიმართ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ზეგიდან დავიწყებ ასმაგად იმ ადამიანების დახმარებას, ვინც ეძებს საკუთარ შვილს.
სამჯერ ვესაუბრე სულ ჩემს ბიოლოგიურ მშობელს და უკვე მესამედ, გათენებამდე პეტრესავით თქვა ჩემზე უარი," - ამბობს თამუნა მუსერიძე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ჟურნალისტმა ბიოლოგიური მშობლები რვაწლიანი ძებნის შემდეგ იპოვა. მისი ბიოლოგიური მამა ცნობილი მეგრელი ქორეოგრაფი გურგენ ხორავაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე