
გია ბურჯანაძემ სტამბოლის ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრში, 8 ოქტომბერს, მეხუთე ოპერაცია გაიკეთა. მძიმე სენთან მებრძოლი 63 წლის მსახიობი კლინიკიდან უკვე გაწერეს და ახლა ექიმს კონსულტაციებზე სტუმრობს. მალე თურქეთს დატოვებს და მეუღლესთან ერთად სამშობლოს დაუბრუნდება.
ოპერაციის შემდგომი სამი დღე კრიტიკული მქონდა. ვჭიდაობ, რა. მოძრაობა მიჭირს, მუცელზე მაქვს დიდი ჭრილობა. მალე გადაწყდება, როდის გამომიშვებენ თურქეთიდან სახლში. საქართველოში სამი კვირის შემდეგ მსუბუქ ქიმია თერაპიას დავიწყებ. თებერვლამდე თავისუფალი ხარ, სახლში მკურნალობა გააგრძელეო, აქ მეუბნებიან.
აქაურ ექიმებს დავტოვებ და ჩავბარდები თბილისში ჩემს ექიმებს. გადასარევი ექიმი მყავს, ძლიერი ონკოლოგი - რომან სრესელი და ასევე ქეთი ძინძიბაძე. რამდენიმე თვე მათ ხელში ვიქნები და მერე, თებერვლის ბოლოსკენ ისევ გადამოწმებაზე ჩამოვალ თურქეთში, ჯონ ჰოპკინსის ცენტრში. ეს ცნობილი კლინიკათა ქსელია. ძლიერი ექიმები ჰყავთ. ჩემი თურქი ექიმი, აბდულ ჯაფარ ქარტალი, ისეა შეშინებული, რადგან ოპერაციების შემდეგ სულ გართულებები მაქვს. ახლა მითხრა, მოდი, შევთხოვოთ უფალს, რომ გართულებების გარეშე გადაიტანოთ ეს ოპერაციაო. მე ამ სიტყვებზე პირჯვარი გადავიწერე და ამ მუსულმანმა ექიმმა, აჰა, მეც გადავიწერ პირჯვარსო და მანაც გადაიწერა! წარმოიდგინეთ! ოღონდ შენ გართულებები არ გქონდესო და ადგა და მანაც გადაიწერა პირჯვარი. ახალგაზრდა კაცია, 45 წლის იქნება. ძალიან მეფერება. ძალიან ყურადღებიანი ხალხი აღმოჩნდა ამ საავადმყოფოში. დიდი სიკეთეები დავინახე მათგან.
მსახიობი რომ ვარ, ხომ გაიგეს და უხარიათ. თურქები თავიანთ მსახიობებს ასე ვერ ნახულობენ ქუჩაში და სუპერმარკეტებში ჩანთებით. მხოლოდ ტელევიზორში ხედავენ. ამიტომ თავისებურად პატივს მცემენ.
ექიმებმა მითხრეს, თუ ბოლომდე გამოგვყვები და იჭიდავებ, არ გარდაიცვლებიო. დროა საჭირო. გამაფრთხილეს, როგორც ცხოვრობდი, იმ ცხოვრებით ვეღარ იცხოვრებ, ჩათვალე, რომ მთელი ცხოვრება ასე, ამ რეჟიმით იქნებიო", - განუცხადა "პრაიმტაიმს" გია ბურჯანაძემ.
"პრაიმტიამი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე