რეზონანსი
24.10.2024

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული, „გაღმა ნაპირის“ მსახიობი, თედო ბექაური ჟურნალ „თბილისელებთან“ შეჭირვებულ ყოფაზე საუბრობს. იხსენებს, რა გზა გამოიარა და პასუხობს კითხვას, რატომ არ ყიდის პროექტში მოგებულ ბინას იმისთვის, რომ თბილისში საცხოვრებელი ჰქონდეს…

"ცოლი რომ მოვიყვანე, არც ბინა მქონდა და არც სტაბილური შემოსავალი. ორბეთში, ჩემს სოფელში ვცხოვრობდით, რთულ პირობებში, განსაკუთრებით ცივ სეზიონზე. მერე ჩამოვედით, ვიქირავეთ ბინა და მეც მუშაობა დავიწყე. მძიმე სამუშაო მქონდა, ელიავაზე გათბობის მაღაზიაში, მერე – მშენებლობაზე. ფიზიკურად ძალიან მიჭირდა, მაგრამ ძალიან ვცდილობდი, ოჯახისთვის არაფერი მომეკლო. ზაფხულის პერიოდში სოფელში ვიყავით, ზამთარში კი ჩემი მშობლები მეხმარებოდნენ. ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომით გადავლახეთ ის პერიოდი. 

ახლაც ქირით ვართ. თბილისში ბინა ახლაც არ მაქვს და ვერც სამსახური ვიშოვე. მცხეთის დრამატულ თეატრში ვარ, მინიმალური, მაგრამ ხელფასი მაქვს, ჩემი საყვარელი საქმეა, მაგრამ კიდევ ვეძებ სამსახურს, მინდა, დამატებით ვიმუშაო. კი მინდა, სახლის ყიდვა, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არ მაქვს. თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ორბეთში მაქვს მიწა, 2 500 კვადრატული მეტრი, რომლის გაყიდვაც მინდა და მერე ვიფიქრებ ყიდვაზე. ძალიან კარგი მიწის ნაკვეთია, თბილისთან ახლოს, ოცი წუთის სავალზე, საუცხოო ხედებითა და ადგილმდებარეობით. ვინც იყიდის და სახლს ააშენებს, ქალაქთან ახლოს სასწაული აგარაკი ექნება. არ გავყიდიდი, კი მენანება გაყიდვა, მაგრამ სხვა გაზა არ მაქვს.

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ კი მოვიგე ბინა, მაგრამ ბაკურიანშია. იქ ვერ ვიცხოვრებ, თუმცა ძალიან საყვარელი ბინაა და სეზონურად ვაქირავებ.

არავითარ შემთხვევაში არ გავყიდი. ეს სახლი მოგებულია, უბრალოდ ნაჩუქარი რომ იყოს, შეიძლებოდა გამეყიდა. ხალხმა, თავად მოიკლო და ესემესები მე მიგზავნა, მათი დახმარებით გავიმარჯვე, ბინა მოვიგე და ამას ვერანაირად ვერ გავყიდი. ჯვარი მეწეროს და რა უნდა გამიჭირდეს ისეთი, ხალხის გვერდით დგომით, მათი სიყვარულით ნაჩუქარი ბინა გავყიდო. ეს ბინა ჩემთვის შეუფასებელია" - აღნიშნა თედო ბექაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×