რეზონანსი
22.11.2024

გასულ თვეს, ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულისთვის, ხაშურის მე-5 საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა „მწვანე ნაკვალევი“ საქველმოქმედო ღონისძიება „კულინარიის დღე“ გამართა. 

როგორც ხაშურის მეხუთე სკოლის ეკოკლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი კულინარიული ნაწარმი სკოლაში მიიტანეს და გაყიდეს.

 „საქველმოქმედო ღონისძიება ჩვენი სკოლის მოსწავლეების თათულისა და ნიაკოს დასახმარებლად შედგა. ნიაკო და თათული ავტოსაგზაო შემთხვევით დაზიანდნენ, გოგონებს რეაბილიტაცია საზღვარგარეთ ესაჭიროებათ ჩვენი კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს, მცირედი წვლილი შეეტანათ გოგონების გამოჯანმრთელებაში.

მოსწავლეებმა თავისი ხელით შექმნილი კულინარიული ნაწარმი: სხვადასხვა სახის ტკბილეული, ნამცხვრები, წვენები სკოლაში მოიტანეს და გაყიდეს. სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, აღებული თანხა გოგონების დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე გადარიცხეს.

დღევანდელი ღონისძიების მიმდინარეობისას ბავშვებმა განსაკუთრებული სიყვარული და თანადგომა გამოავლინეს ჩვენი გოგონებისათვის. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ასეთი მოსწავლეები ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან, მათი სახით ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს ვხედავ“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ საქველმოქმედო აქტივობას სოციალურ ქსელში ეხმიანება ნიაკოს და თათულის დედა – სოფიო ხარშილაძეც და წერს: „ვამაყობ თქვენით“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×