
ქართული მუსიკალური სამყარო უკვე წლებია ახალი სიმღერებით ნაკლებად არის განებივრებული. მომღერალ თიკა ჯამბურიასა და თედო გოგოლაძის დუეტმა "აურა", დღის სინათლე აპრილის ბოლოს იხილა. სიმღერა ძალიან მელოდიურია, მაყურებელმა ადვილად დაიმახსოვრა და აიტაცა, თუმცა საკამათო ტექსტის ნაწილი გახდა, განსაკუთრებულად სიმღერაში გამეორებული ფრაზა "ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა", - სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა ეს მძიმე განცხადებად აღიქვა, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ბედის უკუღმართობის მსხვერპლია.
საზოგადოების მწვავე რეაქციის საპასუხოდ, თიკა ჯამბურიამ "ამბებთან" ინტერვიუში განმარტა სიმღერის ნამდვილი შინაარსი და გამოთქვა საკუთარი მოსაზრებები ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით.
„ვინმეს ჰგონია, რომ ამ ტექსტში შეიძლება იგულისხმებოდეს, რომ შვილმკვდარი დედები ან ლეიკემიანი ბავშვები იმსახურებენ სიკვდილს?
ადამიანი როგორც ცხოვრობს, როგორ ენერგიასაც უშვებს სამყაროში, როგორც ცდილობს რომ წაიყვანოს თავისი ცხოვრება, ისე შეუძლია წაიყვანოს, მაგრამ განგება ღმერთი მომავალი რას უწინასწარმეტყველებს, ამას ჩვენ ვერ ვგეგმავთ.
"რასაცა დასთეს იმას მოიმკი“, "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“, "კარმა იზ ე ბიჩ“ - ეს ანდაზები, რატომ არ არის ამხელა ამბის გამომწვევი, რეალურად ზუსტად იგივე შინაარსი აქვს.
ის რომ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ თავად განვაგებთ, ამაში რა არის გაურკვეველი. იმას ხომ არ ვმღერით, ვიღაც რომ მოკვდა დაიმსახურაო. როგორც ახლა ამ მომენტში ჩვენ ვცხოვრობთ, რა ფიქრებიც გვაქვს, ისეთი იქნება ჩვენი ცხოვრებაც. სიმღერა ძალიან გავარდა, გატრენდდა და ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს თემა ნეგატიურად გაეშალა და ბევრი მოწონება დაეგროვებინა სოციალურ ქსელში, ხალხსაც მეტი რა უნდოდა აჰყვა.
ამის გამო ისე მლანძღავდნენ და ისეთ რამეებს მიქექავდნენ. არავის საქმე არ არის ჩემი წარსული, მე რამდენი ხანი ვიყავი დეპრესიაში ან რა დაავადება დავამარცხე და ვიმსახურებ თუ არა ამას. მე ხომ არასოდეს არავისთან შევვარდნილვარ და ბოროტება არ მისურვებია. დამანებონ მეც თავი, მაცხოვრონ ჩემი ცხოვრებით. ვიმღერებ, რატომ მღერი, არ ვმღერი, რატომ არ მღერი, გავსუქდი, რატომ გასუქდი, გავხდი, რატომ გახდი. ზუსტად ცხოვრებაში კიდევ ბევრი კარგი რამ დამემართება და დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისე ვცხოვრობ, როგორც დავიმსახურე", - განაცხადა მომღერალმა.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე