
ქუთაისში 14 წლის სკოლის მოსწავლის, ნინო სარალიძის თვითმკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. ამ დრომდე არ არის ცნობილი, რატომ მივიდა გოგონა ამ მძიმე გადაწყვეტილებამდე. როგორც ცნობილია, შემთხვევა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში აღმზრდელის ოჯახში იზრდებოდა დასთან ერთად. როგორც ამბობენ, გოგონა ღამის საათებში ჩუმად სახლიდან გავიდა და ტრაგედია დატრიალდა. მომხდარის მიზეზებს იმედია სამართალდამცავები დაადგენენ. ერთ- ერთი ვერსიით, 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა. ცნობილია ისიც, რომ ძალოვნებმა საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღძრეს.
გოგონა მინდობით აღზრდაში თავის დასთან ერთად იყო. თურმე ამ ტრაგედიის შემდეგ ის მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია.
"ვიცნობდი ნინოს, მაგრამ მომხდარზე ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან განვიცდი ამ ფაქტს. ძალიან საყვარელი და კარგი გოგონა იყო, 14 წლის. სამწუხაროდ, ამხელა ტრაგედია დატრიალდა და არ ვიცი მიზეზი. ყველანი განვიცდით. ულამაზესი ბავშვი იყო. ცოტა გულჩათხრობილი, თავის თავში ჩაკეტილი ბავშვი კი იყო, ამიტომ მასთან დიდად არ მქონია ურთიერთობა. რამდენჯერმე მყავს ნანახი, დიალოგში არ შემოდიოდა. ჰყავს და, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა მინდობით აღზრდაში. ვიცი, რომ ძალიან კარგ ოჯახში იყვნენ, იქ კარგად ექცეოდნენ და არ ვფიქრობ რომ იქ პრობლემა ჰქონოდა. ვიცნობ მაგ ოჯახს და საკმაოდ კარგი ხალხია, საშინელ დღეში არიან და განიცდიან. მათაც არ აქვთ პასუხი რატომ ჩაიდინა ბავშვმა ეს. მხოლოდ ის ვიცი, რომ სხვა ადგილას წასულა და ეს საშინელება იქ ჩაიდინა. მისმა დამაც არაფერი იცის, გაგიჟებულია ის ბავშვი, იმედი მაქვს გამოძიებით ყველაფერი გაირკვევა, ყველაზე მძიმე ფაქტი ისაა, რომ ბავშვი აღარ არის ცოცხალი", - ამბობს ადგილობრივი.
"კვირის პალიტრა" სკოლის დირექტორსაც ესაუბრა, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
"სკოლაში ჩვეულებრივად კონტაქტური იყო, რაიმე ისეთს არ ჰქონია ადგილი, ჰყავს დამრიგებელი ჩვეულებრივ. სკოლა ნაკლებად დაგეხმარებით იმ ნაწილში, რა მოხდა რეალურად. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დეტალებზე, ისედაც არ გვაქვს უფლება ჩვენ პერსონალური ინფორმაციის გავრცელების, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, ამიტომ აღვნიშნე, რომ ბავშვი იღებდა მედიკამენტებს. ფაქტი დაგიდასტურეთ, სხვას ვერაფერს გეტყვით. ჩვენც არ გვაქვს უფლება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბროთ. ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემები ჰქონდა და ეს საზოგადოებამ იცის შესაძლოა მიღებული არ ჰქონდა წამალი, დიდი გოგონა იყო უკვე და ძალით არავინ მიაღებინებდა წამალს. შესაძლოა რამე გამორჩა. ან ჰქონდა ამ დროს სტრესული მომენტი, სამწუხაროდ სხვა დეტალები არ ვიცი", - განაცხადა ქუთაისის 24-ე სკოლის დირექტორმა.
"კვირის პალიტრა"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე