
ბოლო დროს ხშირად ხდება, როდესაც ავტომობილები მტკვარში ვარდებიან და იძირებიან.
როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილი წყალში იძირება" (თვითგადარჩენების წესები ექსპერტებისგან და საერთაშორისო რეკომენდაციებიდან):
წყალთან კონტაქტისას ავტომობილი ტივტივებს საშუალოდ 1-დან 8 წუთამდე (მინივენების ტიპის ავტომობილები, შესაძლოა, ცოტა მეტხანსაც);
ფანჯრების ჩაწევის ელექტრონული ფუნქცია წყალთან შეხების შემდეგ შენარჩუნებულია, საშუალოდ, 15-60 წამის განმავლობაში.
უნდა გახსოვდეს შემდეგი 4 ნაბიჯი და როგორც კი ავტომობილი შეეხება წყალს, დაუყოვნებლივ დაიწყე მათი შესრულება თანმიმდევრულად (დრო არ უნდა დაიხარჯოს სხვა არაფერზე!):
1. გაიხსენი ღვედები (თუ მარტო არ ხარ მანქანაში, პარალელურად დაიძახე ხმამაღლა, რომ ყველამ გაიხსნას ღვედები);
2. ჩაწიე/ჩაამსხვიე ფანჯარა;
3. გაათავისუფლე ბავშვები სავარძლიდან;
4. სასწრაფოდ დატოვეთ ავტომობილი ფანჯრიდან. პირველ რიგში უშვებთ ბავშვებს, შემდგომ გადიხართ თქვენ. ასაკით უფროსი ბავშვი მიდის წინ, შემდგომ მიჰყვებიან დანარჩენები).
მანქანიდან თავის დაღწევის შემდეგ:
ეცადე გამაგრდე სტაბილურ ადგილას. იდეალურ ვარიანტში, თუ ავტომობილი ახლოს არის ნაპირთან - ნაპირზე; სხვა შემთხვევაში - აძვერი ავტომობილის სახურავზე;
საკუთარი შესაძლებლობების, გარემოს, რისკისა და სარგებელის შეფასების შემდეგ, გადაწყვიტე - ჯობს გაცურვა და ნაპირთან მიახლოვება თუ არა;
დარეკე 112-ში, ითხოვე შველა.
რა არ უნდა გააკეთო?
არ დარეკო ავტომობილიდან. 112-ში რეკავ ავტომობილიდან თავის დაღწევის შემდეგ;
არ ეცადო კარების გაღებას, საუკეთესო და ყველაზე მარტივია ფანჯრიდან გამოსვლა. ავტომობილის კარის გაღებას ვცდილობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვერანაირად ვერ ჩავწიეთ/ჩავამტვრიეთ ფანჯარა და მანქანაში უკვე შემოსულია დიდი რაოდენობის წყალი, რომელიც სცდება ფანჯრის დონეს;
არ ეცადო საქარე მინის ("პარპრიზი") ჩამსხვრევას, საუკეთესო გამოსავალი არის გვერდითი ფანჯარა.
დამატებითი ინფორმაცია:
ავტომობილში იქონიე მინის ჩასამსხვრევი ხელსაწყო, მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას;
ხელსაწყოს არქონისას, ეცადე მინა ჩაამსხვრიო - ნებისმიერი მყარი საგნით, რაც მოსახერხებელია - ფეხით იდაყვით, მუშტით.
შეგვიძლია ვიხმაროთ სავარძლის საზურგის ზედა ნაწილი (თავის მისაყრდნობი ბალიში) - მოხსნის შემდეგ ვნახავთ, რომ მას აქვს მეტალის ორი, საკმაოდ მყარი ჯოხი;
გვერდითი ფანჯრის მინის ჩატეხვა ჯობს მინის კიდეში დარტყმით და არა ცენტრში;
რეგულარულად ივარჯიშე, წინა სავარძელზე ჯდომისას, დახუჭული თვალებით როგორ გახსნა უკანა (მათ შორის ბავშვის) სავარძლის ღვედები;
ისწავლეთ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
იდეალურ შემთხვევაში, მანქანიდან თავის დაღწევა უნდა მოხდეს ავტომობილის წყალთან შეხებიდან 1 წუთში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე