
ხაშურში, 5 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. დილის 8 საათზე სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ მამას, ლევან ბარბაქაძეს საშინელი სურათი დახვდა, მისი 9 წლის შვილი, ლუკა ბარბაქაძე გარდაცვლილი იყო, ხოლო მისი მეუღლე, ნანა ხიხაძე - უგონოდ და კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ქალი ჯერ ხაშურის რეფერალურ კლინიკაში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
ნანა ამ დრომდე მკურნალობის პროცესს გადის. ექიმების მკურნალობა შედეგიანი აღმოჩნდა. ქალის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და მისი მდგომარეობა უკვე სტაბილურია, ის გონზე მოვიდა, თუმცა უჭირს გაიხსენოს, რა მოხდა ტრაგედიის დღეს.
"ამბები" ნანა ხიხაძის დას ესაუბრა:
"ჩემი და ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან, არის ანტიდეპრესანტებზე, აქვს დაზიანებები ტვინზე და იღებს წამლებს. ვერ იაზრებს რა ხდება, ბოლო დღეებს ვერ იხსენებს კარგად. ტვინის მკვებავებს იღებს და იქნებ გამოვიდეს მდგომარეობიდან.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, არ ვიცი ვინ და რატომ ავრცელებს. დაკავებით არ დაუკავებიათ დედამთილი, უბრალოდ ბოლოს (ტრაგედიის დღეს) ერთად იყვნენ და წაიყვანეს დასაკითხად. ჩემი და 12 წელია, გათხოვილია და მსგავსი სიტუაცია ჯერ არ ქონია ოჯახთან. დედამთილზეც რაც ითქვა მე ვერ დავიჯერებ მაგას. ყველა შოკშია, მსგავსი ტრაგედია არ მსმენია არსად, ჩემი სიძე განადგურებულია, ის ყველაზე მეტად მეცოდება, რომ შეესწრო ამ ყველაფერს".
ოჯახი კატეგორიულად უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ბავშვის ბებიასთან დაკავშირებით. დამატებით დეტალებზე გარდაცვლილი ბავშვის მამიდა საუბრობს:
"ბავშვზე ვიტიროთ თუ ასეც ჭორებზე, აღარ ვიცით, თან ჰყვებოდნენ ოჯახის წევრები ლუკაჩოს. რა ტრაგედია დაგვატყდა თავს და ღმერთმა მიხედოს ყველას, ვინც ეს ჭორი გაავრცელა. დედაჩემი ტირის საქვეყნოდ, მომჭრეს თავიო. კვირას გვაქვს ორმოცი. ალბათ ამის მერე მალევე გაირკვევა სიმართლე.
რომელი დედამთილი გაიმეტებს ბიჭის ოჯახს. დედაჩემს ჩემს რძალთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ცემში გვიშვებდა დედა, სკოლის არდადეგებს ველოდებოდით და დედაც ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყო, ჩემი ბავშვი და ლუკა ერთად ატარებდნენ ზაფხულის არდადეგებს.
ლუკას დაკრძალვის მეორე დღეს ოჯახის წევრები დასაკითხად წაიყვანეს და ბებია დაიჭირესო, გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, არადა სახლშია ქალი, ტირის არ ვიცი, როგორ გადაიტანს. მთელი ცხოვრება წვალებით გაგვზარდა. რაც შეეხება ჩემს რძალს, გონს მოვიდა, მაგრამ ვერაფერს იხსენებს" - განუცხადა "ამბებს" ლალი ბარბაქაძემ.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე