რეზონანსი
15.08.2025

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ხშირად აქვეყნებს პოსტებს სოციალურ ქსელში და ხადახან მისი მცდელობები, მითები დაამსხვრიოს, კრიტიკის ობიექტი ხდება. ამჯერად აჟიოტაჟი ერთ პატარა სტატუსს მოჰყვა:

"ადამიანებისგან რაღაცეები რომ მიკვირს, მერე მახსენდება, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ზოგიერთებს ჯერ კიდევ სჯერათ, ბახმაროში 21 დღეს თუ იქნები, “სისხლის ფორმულა გაიწმინდება”. აი, ამაზე საერთოდ რა კომენტარი უნდა გააკეთოს ადამიანმა?"

აჟიოტაჟს ინფექციონისტი უფრო მოზრდილი წერილით გამოეხმაურა:

"მოკლედ, ჩემს წინა პოსტზე ზოგიერთი კომენტარი მაფიქრებინებს, რომ არაფერი არ გვეშველება.

ხან ნაცი მიძახეს, ხან არაპატრიოტი, ბახმაროს როგორ შეეხეო, და რა ვიცი, აშკარად ვიღაცეებს ეროვნული ღირსება შეელახათ..

ჰოდა, ახლა კიდევ უფრო მეტ მკრეხელობას ვიტყვი - ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს. ბაკურიანში ნამყოფებს და არანამყოფებს ზამთარში რესპირატორული ინფექციების რისკი თანაბრად აქვთ.

ვისაც წაკითხულის გააზრება გაუჭირდა, კიდევ ერთხელ ავუხსნი, რომ სუფთა ჰაერი, გამონაბოლქვისგან თავისუფალი, ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ჟანგბადის მოლეკულა (O2) სხვადასხვა დასახლებაში სხვადასხვანაირი ვერ იქნება. ჩვეულებრივ სოფლებშიც იგივე ჰაერია.

ასე რომ, ყბადაღებულ კურორტებზე ბანკის ვალებით სიარულს აზრი არა აქვს.

სწორედ ამ კურორტებიდან ჩამოდიან მერე დიარეით და ღებინებით და მთელი წლის ნანატრი შვებულება ჩაუშხამდებათ ხოლმე. ამის მეტს რას ვუყურებ, ჩემი პროფესიაა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×