
თელავის რაიონის სოფელ ჯუგაანში მომხდარი ფემიციდის დეტალებს ახლა სამართალდამცველები არკვევენ. ძალოვნებმა ცხელ კვალზე დააკავეს 73 წლის მამაკაცი, ალბერტ დავითელაშვილი, რომელსაც მეუღლის, თამარ დენტოშვილის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. უკვე ცნობილია, რომ მკვლელობა მათ საცხოვრებელი სახლში მოხდა, ქმარმა ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებს, თუმცა ჩვენთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ მოკლული ქალი ძალადობის მსხვერპლი ადრეც არაერთხელ ყოფილა - ბრალდებული მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ხშირად ძალადობდა.
"ალბერტ დავითელაშვილია მისი მკვლელი. დანით ჰყავს მოკლული, რატომ გაიმეტა ასე, არ ვიცი. მეზობლებს იმ დღეს ხმაური არ გაუგიათ, როგორც ვიცი, მკვლელობის შემდეგ იმ საქონელს, მკვლელს, დაუძახია ერთ-ერთი მეზობლისთვის და უთქვამს, გამოხედეთ, მგონი მოვკალიო. როდესაც გასულა მეზობელი, მას უნახავს მოკლული თამრო, მაშინვე დაურეკავს სასწრაფოში, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ადგილზე იყო გარდაცვლილი. ვერ გეტყვით, რატომ მოკლა, უცნაური კაცი იყო.
ამ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ისედაც მარტო ცხოვრობდნენ სახლში ისინი და ალბათ თვითონ იტყვის, რატომ მოკლა. ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! ამ კაცის ხელში ასე ცხოვრობდა. არავინ ჰყავს ერთი ძმის გარდა. მხოლოდ ჩვენ, მეზობლები და უფალი.
ოჯახში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ცოტა ხნით ადრე. ალბერტ დავითელაშვილი საკუთარმა შვილმა სცემა, ამის გამო შვილი დაჭერილია და როგორც ვიცი, მას ორი წელი მიუსაჯეს. მაშინაც რატომ იჩხუბა მამა შვილმა, ესეც თამრომ იცოდა, მამასთან ფიზიკური დაპირისპირების გამოა შვილი დაკავებული. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, როგორ შეიძლება შვილმა მამაზე ხელი ასწიოს, მაგრამ ეს ისეთი გარეწარი კაცია, ეს ის შემთხვევაა, როცა ამ სიტყვებს არ ვიტყვი, ეტყობა, ამოუყვანა თავისი საქციელებით და ამიტომ სცემა. ისე ორივე მამა შვილი უვარგისია, თუმცა შვილი კიდევ სჯობია მამას", - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.
კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე