
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა ამინდის პროგნოზი მკვეთრ ცვლილებაზე საუბრობს:
"19 ივლისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ნალექების რაოდენობა დასავლეთის მთიან რაიონებში შედარებით გააქტიურდება, განსაკუთრებით 19 ივლისს. ეს ძირითადად კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებსა და მიმდებარე რეგიონებს - სვანეთსა და რაჭის შემოგარენს შეეხება. თუმცა, დაბლობში დროგამოშვებითი წვიმის ალბათობა პროცენტულად დაბალია, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ნალექი შესაძლებელია. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ამ კვირის განმავლობაში დასავლეთის დაბლობ რაიონებში დიდი მატება არ არის მოსალოდნელი და მაქსიმუმი 28–29 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში გასულ დღეებში ტემპერატურა შედარებით დაბალი იყო (დაახლოებით 23 გრადუსი) და ახლაც მხოლოდ ერთი-ორი გრადუსით მოიმატებს.აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 17 ივლისს და ხვალ 18 ივლისს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სეტყვის ალბათობა დიდი არ არის, თუმცა პროცესი უფრო ელჭექით გამოიხატება. გასულ დღეებში აქაც დაიკლო ტემპერატურამ, არ ყოფილა ძალიან მაღალი - დაახლოებით 30–32 გრადუსი ფიქსირდებოდა. მაგალითად, გუშინ, 16 ივლისს, დედაქალაქში მხოლოდ 28 გრადუსი იყო, სამხრეთ რაიონებში კი - 30 გრადუსი.
აქამდე არსებული 10-დღიანი პროგნოზით ჩანდა, რომ 23 ივლისიდან ტემპერატურის მკვეთრი მატება უნდა დაწყებულიყო და სიცხეს შესაძლოა, 40 გრადუსისთვისაც კი მიეღწია. მაგრამ გლობალური მოდელების მონაცემები ყოველდღიურად იცვლება და დღევანდელი სურათი ამ პროგნოზს აღარ ადასტურებს. ორი დღის წინ რომ გეკითხათ, დაზუსტებით გეტყოდით, რომ 23 ივლისიდან სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასების შემოჭრის გამო 40-გრადუსიანი სიცხეები დაიწყებოდა.
თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, კვლავ აქტიურია ატლანტიკის ჩრდილოეთიდან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში შემოჭრილი შედარებით გრილი ჰაერის მასები, რომლებიც სამხრეთისკენ ძალიან ღრმად ეშვება. ეს იწვევს არამდგრადობას. არის წვიმები. ამ ორ მასას - ჩრდილოეთიდან წამოსულ შედარებით გრილ და სამხრეთის ცხელ ჰაერს შორის დაპირისპირება იწვევს მოღრუბლულობას შავი ზღვის სანაპიროსა და დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (სამეგრელოსა და იმერეთში), რის გამოც ტემპერატურა ვერ იმატებს. მიუხედავად ამისა, ტენდენცია მაინც იქით მიდის, რომ 22-23 ივლისიდან ტემპერატურის მატება მაინც დაფიქსირდება იმ დაბალ მაჩვენებლებთან შედარებით, რაც ბოლო დღეებში გვქონდა", - განუცხადა "ამბებს" დოდო გვაზავამ.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე