სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    20.05.2013

    აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე (ფიზიკოსი)

    აკადემიკოსი ლადო პაპავა (ეკონომისტი)

    ამ წერილის ძირითადი ტექსტი ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწერა მისი ერთ-ერთი ავტორის გიორგი ჯაფარიძის მიერ და გამოქვეყნდა 28 ნოემბერს ჟურნალ "კვალში". სტატია მეცნიერებათა აკადემიის რეფორმის ძირითად კონცეპტუალურ საკითხებს შეეხებოდა და აკადემიაში შექმნილი რეფორმის ჯგუფის საქმიანობის შედეგებს აჯამებდა. აკადემია იმჟამინდელ ხელისუფლებას ერთი წლის ვადას სთხოვდა, რათა ეს კონცეფცია სრულფასოვან გეგმად გადაექცია.

    მას შემდეგ რვა წელზე მეტი გავიდა და სიტუაცია განათლებისა და მეცნიერების სფეროში კიდევ უფრო დამძიმდა. რვა წლის წინ გამოქვეყნებული წერილი, სამწუხაროდ, დღესაც არ კარგავს აქტუალობას. დღეს, როცა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების რეფორმის საკითხის განხილვა კვლავ გააქტიურებულია, ჩვენ, როგორც აკადემიის რეფორმის კომისიის წევრებმა, გადავწყვიტეთ, ერთობლივად "გადაგვეხალისებინა" ადრე ნაფიქრალი და ჩვენი საზოგადოების სამჯავროზე კვლავ გამოგვეტანა იმის ხედვა, თუ რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს და რას უნდა ნიშნავდეს ეს რეფორმა.

    რა გვქონდა და რა დაგვრჩა

    თანამედროვე სამყაროში მეცნიერება, როგორც კულტურის ფენომენი, წარმოადგენს საზოგადოების უმაღლეს ფასეულობათა სისტემის ფორმირების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. მაღალი ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელ ეტაპზე, როდესაც ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა საზოგადოებრივი წარმოებისა და ეკონომიკური განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორია, მეცნიერება როგორც მაღალორგანიზებული ცოდნის სისტემა, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი წარმმართველი ძალა გახლავთ.

    ყყ| საუკუნეში მხოლოდ მაღალი განათლებითი სტატუსის მქონე ქვეყანა თუ მოახერხებს მოიპოვოს თავისი ადგილი წარმატებულ ერთა შორის და არ აღმოჩნდეს უკიდურესად გაჭირვებულ და არსებითად მეორეხარისხოვან სახელმწიფოთა რიგებში. სამეცნიერო და საუნივერსიტეტო საქმიანობა, როგორც კაცობრიობის მიერ გამომუშავებული ცოდნის გააზრების, გათავისების, შენახვისა და გადაცემის ინსტიტუტი, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის სტრატეგიული მნიშვნელობის შემადგენელი ნაწილია.

    მსოფლიოში მიმდინარე სრული გლობალიზაციის პირობებში, არსებითად უნიფიცირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კომპონენტის ფონზე, ეროვნული დამოუკიდებლობის კულტურული, ინტელექტუალური და ტექნოლოგიური შემადგენლები განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს იძენს, როგორც ერის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის ძირეული გარანტი.

    სახელმწიფოში სრულფასოვანი უმაღალესი განათლების სისტემის არსებობის ერთადერთ ობიექტურ საზომს ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალი წარმოადგენს. ქმედითი და მრავალსახოვანი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის გარეშე ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა განწირულია დეგრადაციაზე, ანდა სხვა ქვეყნების ინტელექტუალური პოტენციალის მომსახურებაზე. მხოლოდ მჭიდროდ გადაჯაჭვული უმაღლესი სკოლის და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ერთიანი სისტემა არის ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის სრულფასოვანი განვითარების გარანტი.

    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოს მემკვიდრეობაში ერგო უმაღლესი სკოლის და მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტების ჩამოყალიბებული სისტემა. თავისი სტრუქტურით და შინაგანი ლოგიკით ეს სისტემა მოწოდებული იყო მომსახურებოდა დიდი და ტოტალიტარული სახელმწიფოს ინტერესებს და აგებულიც იყო როგორც ფართომასშტაბიანი დაფინანსების პირობებში მოქმედი მექანიზმი.

    საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წლებში სახელმწიფოს მიერ წარმოებული პოლიტიკა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დარგში ამ სისტემის კონსერვაციას ისახავდა მიზნად, რაც ალბათ სტრატეგიული შეცდომა იყო. ასეთმა პოლიტიკამ განაპირობა სამეცნიერო პოტენციალის სწრაფი დეგრადაცია, ხოლო უმაღლესი სკოლის პროვინციალიზაცია. ჩვენ მივიღეთ სტრუქტურულად კონსერვირებული, მოუქნელი, და რაც ყველაზე მთავარია, შინაგან ენერგეტიკას მოკლებული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სტრუქტურები. ასეთი პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ ორი თაობა ახალგაზრდა და აქტიური მკვლევარებისა და ამით არსებული აკადემიური სისტემა გავწირეთ თანდათანობით გაქრობაზე.

    აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ დღეს უმაღლესი სკოლისა და მეცნიერების რეფორმა სრულიად ობიექტური, აუცილებელი და გარდუვალი პროცესია და ყოველი საღად მოაზროვნე პიროვნება ამ რეფორმირების პროცესის პრინციპული მომხრე უნდა იყოს. კითხვა და დავის საგანი კი მხოლოდ ისაა თუ რა გზით მოვახდინოთ ეს რეფორმირება? არსებულ რთულ, ფაქტობრივად უსახსრებო პირობებში, როგორ შევქმნათ უმაღლესი სკოლის და მეცნიერების ეფექტიანი და ქვეყნის ინტერესების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული სისტემა?

    ამ მდგომარეობიდან გამოსვლის მცდელობა იყო რეფორმა, რომელიც დაიწყო "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. საუბედუროდ, რეფორმა ჩატარდა ნაჩქარევად და არათანმიმდევრულად, ერთიანი და კარგად შეჯერებული გეგმისა და საბოლოო კონცეფციის გარეშე. პარლამენტში მრავალრიცხოვანი ლობისტური ჯგუფების ურთიერთგამომრიცხავი ინტერესების გათვალისწინების ეკლექტურმა მცდელობებმა რეფორმის კანონმდებლობითი ბაზა საბოლოო ჩიხში შეიყვანა.

    როგორც შედეგი, განათლების და მეცნიერების სისტემის რეფორმის სახელით ბოლო წლებში გატარებულმა შოკურმა ღონისძიებებმა საქართველოს მეცნიერებას მხოლოდ ზიანი მიაყენა. მეცნიერებათა აკადემიას წაართვეს ინსტიტუტები, დროებით დაუქვემდებარეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბოლოს კი ხელოვნურად მიუერთეს უნივერსიტეტებს.

    ზოგ ინსტიტუტს დღემდე არ აქვს სტატუსი მინიჭებული, ხოლო ზოგს კი საერთოდ შეუწყდა დაფინანსება, ხოლო იქ, სადაც დაფინანსება ჯერჯერობით დატოვებულია, ხელფასები მიუღებლად დაბალ დონეზეა. დაიშალა ძველი, შეიძლება არაეფექტიანი, მაგრამ მოქმედი მეცნიერების ორგანიზაციის ერთიანი სისტემა, ახალი არ შეიქმნა და შედეგად მეცნიერებათა აკადემიის განცალკევებული და უფლებააყრილი ინსტიტუტები მიზანმიმართულად გაიწირა გასაქრობად.

    რას უნდა ეფუძნებოდეს რეფორმირების კონცეფცია

    მეცნიერების ორგანიზაციის და მართვის კონცეფცია უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს სტრატეგიული განვითარების ზოგად პრინციპებს, ხოლო თავისი არსით უნდა ემსახურებოდეს ამ სტრატეგიული მიზნების ყველაზე ქმედითი გზით განხორციელებას. დეტალურად ჩამოყალიბებული და საზოგადოების მიერ გათავისებული სახელმწიფო სტრატეგიის პროგრამის გარეშე, ნებისმიერი რეფორმა თავსმოხვეული ძალადობაა და განწირულია, დამთავრდეს უშედეგოდ (საუკეთესო შემთხვევაში) ანდა გაანადგუროს არსებული სისტემა.

    საქართველოს ევროპულ სისტემაში ინტეგრირება გახლავთ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების მიერ განცხადებული პრიორიტეტი. გაერთიანებულ ევროპაში სრულფასოვანი ინტეგრირება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი საგანმანათლებლო სტატუსის მქონე ქვეყნისათვის. ამ პრიორიტეტიდან გამომდინარე, საქართველოს მეცნიერების მართვის ახალი კონცეფცია უნდა ისახავდეს მიზნად არსებული სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურად შენარჩუნებას და მეცნიერების ორგანიზაციისა და მართვის ევროპული ტიპის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას.

    საქართველოში წარმოებული სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობის მთავარი ამოცანებია:

    - ახალი ცოდნის შექმნა;

    - ცოდნის ექსპორტი, აკუმულაცია და გათავისება, რაც ქვეყნის გარეთ წარმოებული ცოდნის ქვეყნის სამსახურში გამოყენებას ისახავს მიზნად;

    - დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, ტექნოლოგიური თუ სხვა წარმოშობის საფრთხეებისა თუ რისკების სწორი და პირუთვნელი შეფასება;

    - ცოდნის გადაცემა, ანუ იმ პიროვნებათა ახალი გენერაციის ჩამოყალიბება, რომელთა კვალიფიკაცია იძლევა საშუალებას, სამივე ზემოაღნიშნული საქმიანობა აწარმოო მომავალშიც.

    ყველა ეს კომპონენტი ძირეულად არის გადაჯაჭვული ერთმანეთში და ყოველი ჭეშმარიტი მეცნიერის საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ თითოეულ ინდივიდში ეს კომპონენტები სხვადასხვა პროპორციით არის წარმოდგენილი და მხოლოდ სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობის ორგანიზაციული და სტრუქტურული ერთიანობა და მრავალფეროვნება უზრუნველყოფს ამ სამივე შემადგენლის სრულფასოვან და კოორდინირებულ განვითარებას.

    როგორია ამ ერთიანობის შექმნის გზები? როგორ ხორციელდება იგი სხვაგან და ზემოქმედების რა ბერკეტებით მოქმედებს ხელისუფლება სტრატეგიულად ეგზომ მნიშვნელოვანი სფეროს მოსაწესრიგებლად?

    საერთაშორისო გამოცდილება

    ჩვენი რეალობიდან ყველაზე დაშორებული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე განვითარებული სამეცნიერო პოტენციალის მქონე ქვეყნის მაგალითია აშშ. ამ ქვეყანაში 3 000 მეტი უნივერსიტეტი თუ უმაღლესი სკოლაა. უმაღლესი სკოლის ასეთი ფართო და განვითარებული ქსელი ფაქტობრივად წარმოადგენს ერთიან საუნივერსიტეტო სისტემას, რომელშიც კონცენტრირებულია ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის უდიდესი ნაწილი.

    აშშ-ში მიღებული მეცნიერების და უმაღლესი სკოლის შეფასება და სათანადოდ მართვა გათვლილია სტუდენტთა და მეცნიერთა მრავალმილიონიან კომპლექსურ სისტემაზე. თავად მართვის იდეოლოგია ეფუძვნება დიდი სისტემებისათვის დამახასიათებელი კანონზომიერების გამოყენებას და ამ კანონზომიერებებიდან გამომდინარე მართვის მექანიზმებს. ასეთი დიდი სისტემებისათვის დამახასიათებელ კანონზომირებებზე გათვლილი შეფასებების და მართვის სისტემის გამოყენება მცირერიცხოვანი ადამიანისეული რესურსის მქონე ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ისეთივე ხასიათის პრინციპული შეცდომაა, როგორც ელევატორის გამოყენება რამდენიმე მილიგრამი ძვირფასი ფხვნილის შესანახად.

    როდესაც მეცნიერების რომელიმე დარგში აქტიურად მომუშავე მკვლევართა რაოდენობა ამ დარგით დაინტერესებულ კარგ სტუდენტთა რიცხვთან ერთად მხოლოდ რამდენიმე ათეულს თუ აღწევს, ასეთი სისტემის მართვა დიდი საუნივერსიტეტო სისტემებისათვის მორგებული მართვის მეთოდებით ისეთივე უაზრობაა, როგორც წითელ წიგნში შეტანილი ცხოველთა სახეობის გადარჩენა-გამოსაჯანმრთელებლად ბუნებრივი შერჩევის იდეოლოგიაზე აგებული მეთოდოლოგიით სარგებლობა. საუბედუროდ, ჩვენს სინამდვილეში ანალოგიური მიდგომის მაგალითები უკვე თვალნათლივ შეიმჩნევა.

    "ვარდების რევოლუციამდე" საქართველოში მოქმედი განათლებისა და მეცნიერების ორგანიზაციის საბჭოური სისტემა ტრადიციული გერმანული სისტემის ყაიდაზე იყო აგებული და, შესაბამისად, ევროპის უმეტეს ქვეყანაში მიღებული და მოქმედი სისტემების მსგავსი იყო. ევროპის გაერთიანების პროცესთან ერთად მიმდინარეობს საუნივერსიტეტო სისტემების დაახლოების (ბოლონიის) პროცესიც, რაც მიზნად ისახავს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას მისი ორგანიზაციული და სტრუქტურული მრავალსახეობის შენარჩუნებით.

    გერმანიაში ფუნდამენტური კვლევების ეროვნული ცენტრის როლს მაქს პლანკის საზოგადოება წარმოადგენს. დღევანდელ დღეს გერმანიაშიც მიდის დისკუსია უნივერსიტეტებისა და მაქს პლანკის საზოგადოების ინსტიტუტების დაახლოების თაობაზე. ასეთი, კარგად გააზრებული ინტეგრაციული ხედვის მაგალითი კი აღმოსავლეთ გერმანიის მიწებში წარმოებული სამეცნიერო პოლიტიკაა.

    აღმოსავლეთის უნივერსიტეტების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით ყველა თუნდაც პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში, დრეზდენში, ჰალეში, იენაში, გრეიფსვალდში, როსტოკში გერმანიის მთავრობამ მაქსპლანკის საზოგადოების ახალი ინსტიტუტები დააარსა. ტრადიციული გერმანული უნივერსიტეტებისა და საკვლევი ინსტიტუტების ასეთი ერთობა ესახება გერმანიის სამეცნიერო საზოგადოებას სამომავლო ინტეგრაციის კარგ საფუძვლად.

    საფრანგეთში ფუნდამენტური კვლევების ეროვნული ცენტრის უნივერსიტეტებთან ინტეგრაციის ასევე საინტერესო გზა აირჩიეს. ეს არის ცენტრში შემავალი ინსტიტუტების, ანდა ცალკეული ლაბორატორიების, ცალკეულ შემთხვევაში ცალკეული მკვლევარების ასოცირება უმაღლეს სკოლასთან. კვლევითი ლაბორატორიების ცალკეული წევრები უნივერსიტეტში მუშაობენ, ხოლო მთლიანი ჯგუფის სამეცნიერო საქმიანობა ფინანსდება და სამეცნიერო ექსპერტიზას გადის საფრანგეთის ფუნდამენტური კვლევების ეროვნული ცენტრის ფარგლებში.

    ქართული გზის შესახებ

    საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ მეცნიერებისა და განათლების სისტემის რეფორმისა და ინტეგრირების საკუთარი გზა უნდა გამოვნახოთ. რეფორმის საბოლოო სტრატეგიული მიზანი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთიანი ევროპის სამეცნიერო სივრცეში საქართველოს სამეცნიერო და საგანმათლებლო პოტენციალის ინტეგრირება უნდა იყოს. ვინაიდან ქვეყანაში არსებული განათლებისა და მეცნიერების ორგანიზაციის ტრადიცია და ნაციონალების მიერ მის დანგრევამდე მიყვანილი სისტემა კლასიკური ევროპული სტრუქტურების ასლს წარმოადგენს, ევროპის გამოცდილებაზე დაყრდნობილი გარდაქმნები ბევრად უფრო ადვილად განსახორციელებლად გვესახება, ვიდრე ჩვენთვის არსებითად უცხო და იმავდროულად ფინანსურად ხელმიუწვდომელი ანგლო-ამერიკული საუნივერსიტეტო ტრადიციების დამკვიდრება საქართველოში.

    ქვეყანაში არსებული ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე, მეცნიერების და განათლების მწირი დაფინანსების პირობებში, მხოლოდ თანმიმდევრული რეფორმირების პროცესი, რომელიც დეტალურად შემუშავებულ გრძელვადიან გეგმას დაეფუძნება, შეიძლება გახდეს საბოლოო წარმატების საფუძველი. შოკური მეთოდებით ჩატარებული რეფორმის შედეგად, არსებული სამეცნიერო პოტენციალის შეუქცევადი განადგურების ალბათობა გაიზარდა, რამაც აჩვენა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიული პრინციპებიდან გამომდინარე, რეფორმის ეს გზა დამღუპველია.

    შოკურმა რეფორმამ არსებული სტრუქტურები ადვილად დაანგრია, მაგრამ უსახსრობის გამო მოკლე ვადებში ახალი, ქმედითუნარიანი ინსტიტუციური სისტემა ვერ შექმნა. ღარიბ ქვეყანას კი ამ სამეცნიერო ასპარეზზე აქტიური მოქმედებისთვის ზუსტადაც რომ ეფექტიანი, კარგად ორგანიზებული, ეროვნული მასშტაბით ერთიანი სისტემა სჭირდება. რეფორმირებული, დახვეწილი, ქმედითუნარიანი, უმაღლეს სკოლასთან გადაჯაჭვული ევროპულ სტანდარტებს მისადაგებული.

    მეცნიერების მართვის სისტემის თანმიმდევრული რეფორმის ჩატარებისას ყოველი ცვლილება უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერების ორგანიზაციის საერთაშორისოდ აღიარებულ შემდეგ ნორმებს:

    ცოდნის აკუმულაციის პრინციპს და, შესაბამისად, მეცნიერების ორგანიზაციის არსებული ინსტიტუციური მოწყობის ეტაპობრივი ტრანსფორმაციის აუცილებლობას;

    აკადემიური თავისუფლების პრინციპს, რომელიც გულისხმობს მეცნიერთა ერთობის საკმაოდ დიდ ავტონომიას მათი სამეცნიერო საქმიანობის ორგანიზაციის და, შესაბამისად, მეცნიერების აკადემიური მხარის მართვის საქმეში;

    ექსპერტიზის პრინციპს, რომელიც აღიარებს მეცნიერების მართვის უმთავრეს კომპონენტად სამეცნიერო პროდუქციიის შეფასებას თავად მეცნიერთა ერთობიდან გამოყოფილი მაღალი ავტორიტეტის მქონე ექსპერტების მიერ;

    კოორდინაციის პრინციპს, რომლის თანახმად, რომ მხოლოდ ყველა ბაზური სამეცნიერო მიმართულებების კოორდინირებული განვითარებაა აუცილებელი სრულფასოვანი მეცნიერული საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის.

    მეცნიერების ცალკეული დარგების იგნორირება თუ ადმინისტრაციული წესით მათი შეზღუდვა მთელი სამეცნიერო პროცესის ნაკლული განვითარების მიზეზი იქნება. შინაგანი ჩონჩხის გარეშე, არაკორელირებული, გათითოკაცებული ქართული სამეცნიერო საზოგადოება ვერ მოახერხებს იმ ფენომენალურ კონკურენტულ ბრძოლაში, რასაც თანამედროვე სამეცნიერო კონიუნქტურა ჰქვია, საკუთარი ადგილის მოძიებას. მსოფლიო სამეცნიერო საქმიანობაში არსებითი ჩართვის გარეშე კი საქართველო განწირულია, აღმოჩნდეს თანამედროვე სამყაროს უკიდრეს განაპირა არეში, როგორც მოჩანჩალე, უსახური, უნებო, რაც მთავარია, არა ცოდნის მწარმოებელი, არამედ, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ნიჭის ექსპორტიორი ქვეყანა.

    ხსენებულიდან გამომდინარე, ერთადერთ სწორ გამოსავლად ვთვლით მეცნიერების თითოეული მსხვილი დარგის (მაგალითად, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა, სამართალი, და სხვ.) მიხედვით ერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას.

    თითოეული ეს ინსტიტუტი უნდა იყოს მუდმივი სტრუქტურული ერთეული. ისინი უნდა შეიქმნას ყოფილი აკადემიური ინსტიტუტების ბაზაზე და თავიდანვე დაფუძნდნენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში. მათ უნდა მიეცეს ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი, რათა თითოეული ინსტიტუტის სამეცნიერო კოლექტივმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ამ გარდამავალი პერიოდის დასრულებისათვის ან დარჩნენ ისევ მოცემული სამინისტროს, ან გადავიდნენ სხვა სამინისტროს, ან ამა თუ იმ უნივერსიტეტისა, ან მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაქვემდებარებაში.

    ამ მოდელის მოდიფიცირება იქნება საჭირო იმ ინსტიტუტებისათვის, რომელთა თანამშრომლები უნივერსიტეტებთან მიერთების შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო დღეს ფორმალურად არსებული ეს ინსტიტუტები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ. მათ შემთხვევაში, ეს ინსტიტუტები უნდა დაფუძნდენ სამსახურიდან დათხოვნილი სამეცნიერო კადრების ბაზაზე.

    ამ გზით დაფუძნებულ ინსტიტუტთა რაოდენობა არ იქნება ოცზე მეტი.

    ამ ინსტიტუტების დირექტორად კონკურსის საფუძველზე მხოლოდ შესაბამისი დარგის წამყვანი მეცნიერი (მეცნიერი და არა მენეჯერი) უნდა დაინიშნოს ხუთი წლის ვადით, და ისიც ამ თანამდებობაზე მხოლოდ ორჯერ არჩევის უფლებით.

    ინსტიტუტების ბაზური დაფინანსების წყარო გარანტირებული უნდა იყოს სახლმწიფო ბიუჯეტიდან. დამატებითი წყარო კი უნდა იყოს ამ ინსტიტუტების თანამშრომლების მიერ მიღებული საერთაშორისო თუ ნაციონალური გრანტები, ასევე კერძო სექტორიდან მიღებული დაკვეთებით შემოსული ფინანსები.

    თითოეული მსხვილი სამეცნიერო დარგის შესაბამისი ინსტიტუტის თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება იმის, რომ გამოვიდნენ ინიციატივით, შექმნან ახალი ინსტიტუტი სულ ცოტა ხუთწლიანი ვადით, და ეს პროექტი უნდა გადაეცეს ექსპერტიზისათვის მეცნიერების ამ დარგის როგორც ქართველ, ისე უცხოელ თვალსაჩინო სპეციალისტებს.

    დადებითი დასკვნის პირობებში, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ამ საინიციატივო ჯგუფის ბაზაზე უნდა შექმნას ახალი ინსტიტუტი, ხოლო ამ უკანასკნელის სამეცნიერო კოლექტივმა კი მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის დაქვემდებარებაში ურჩევნია ყოფნა. აქვე გამართლებული იქნება, თუ დარგის ტრადიციულ სამეცნიერო ინსტიტუტთან ერთად ახალდაფუძნებული ინსტიტუტები შექმნიან ერთობლივ სამეცნიერო ცენტრს. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ინსტიტუტების სამეცნიერო კოლექტივების ერთიანი სურვილის არსებობის შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი.

    ამგვარი ცენტრის შემადგენლობაში ასოცირებული წევრის სახით შეიძლება შედიოდეს სხვა, კერძო თუ სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე ლაბორატორიები, ჯგუფები თუ ცალკეული მეცნიერები. ასოცირებული ერთეულების სამეცნიერო საქმიანობა ინტეგრირებული უნდა იყოს ამ ცენტრების სამეცნიერო საქმიანობაში.

    ამდაგვარი რეფორმირების შემთხვევაში ქვეყანა შეიძენს მეცნიერების მართვის და ორგანიზაციის დივერსიფიცირებულ სისტემას, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო-ორგანიზაციული და კვლევითი მიმართულებების მრავალსახეობას.

    აუცილებელია, რომ ცენტრები, ინსტიტუტები და უნივერსიტეტები ქმნიდნენ უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადების ერთიან სისტემას - გაერთიანებულ მაგისტრატურასა და დოქტორანტურას. უმაღლესი სწავლების ამ დონეზე ფაქტობრივად ქვეყანაში უნდა ფუნქციონირებდეს სპეციალისტების მომზადების ერთიანი სისტემა, რომელსაც კოორდინაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაუწევს.

    სამეცნიერო-კვლევით სექტორში დაკავებულ მეცნიერთათვის უნდა აღდგეს კვალიფიკაციის ისეთი ნორმა, როგორიცაა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ხარისხის მინიჭება უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ასახავდეს მკლევარის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში 7-10 წლის განმავლობაში შესრულებული მუშაობის შედეგებს. მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მინიჭება უნდა ხდებოდეს საჯარო დაცვის საფუძველზე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამსხვილებული დარგობრივი (მაგალითად, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ეკონომიკა და ა.შ.) სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, რომელიც უნდა დაკომპლექტდეს აკადემიის და მოცემული დარგის სხვა თვალსაჩინო წევრებისგან.

    საქართველოს მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირებისას, ქვეყნისთვის ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სტრუქტურისთვის შეუქცევადად და ზიანის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ რეფორმის ყოველ ეტაპზე გარანტირებული იყოს:

    - ერის უნარი, უზრუნველყოს თანამედროვე დონის უმაღლესი განათლება და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ცოდნის ყველა საბაზისო მიმართულებით;

    - ერის უნარი, უზრუნველყოს დამოუკიდებელი და სანდო ექსპერტიზა მეცნიერების, ტექნიკისა თუ ტექნოლოგიების ყველა უახლესი მიღწევის საფუძველზე ცოდნის ყველა საბაზისო მიმართულებით;

    - ერის უნარი, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მოძიებული ცოდნის სწრაფი ათვისება და დანერგვა საკუთარი მოსახლეობის სასარგებლოდ ცოდნის ყველა საბაზისო მიმართულებით;

    - ერის უნარი, მონაწილეობა მიიღოს ახალი ცოდნის შექმნის მსოფლიო მასშტაბით შრომის საერთაშორისო დანაწილებაში და რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით იყოს ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე.

    ჩვენი ღრმა რწმენით, მეცნიერთა და სახელმწიფო მოხელეთა კეთილგანწყობილი და გააზრებული თანამშრომლობის შემთხვევაში, საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოტენციალი შეიძლება თანამიმდევრულად ტრანსფორმირებულ იქნეს ერთიან თანამედროვე ევროპული ტიპის სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო სტრუქტურაში.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    მირიანი   (20.05.2013)
    ერთი კითხვა ჩნდება-რა საჭიროა ისეთი უფუნქციო და უმაქნისი, კგბ-ს ძველი ნომენკლატურით გატენილი საკრებულო-აკადემია, სადაც არაფრის მაქნისი ხალხი ამ ღარიბ ქვეყანას წურბელებივით აზიან. არსად არ აქვთ ხელფასი აკადემიკოსებს გარდა პოსტ-კომუნისტური ქვენებისა. ასერომ, ჯერ დაარეფორმირეთ აკადემია:))

    გიო   (20.05.2013)
    ეტობათ კომუნისტური "ზაკალკა"

    ავთანდილ სულაბერიძე   (20.05.2013)
    მიზანი და რეალიზაციის მიმართულებები გამოკვეთილია, კარგადაა გაზრებული. ეტყობა ავტორების კარგა ხნის ნაფიქრი და კონცეპტუალურად მისაღებია. საჭიროა პოლიტიკური ნება,რომლის შემდეგაც შეიძლება მეცნიერებათა აკადემიაში კომისიის შექმნა, რომელიც სხვა მეცნიერთა შეხედულებებსაც გაითვალისწინებს და რადგან პრემიერი უჭერს მხარს, მხოლოდ გია დვალის და მისი კომპანიის მსგავსად, რომელიც საქართველოს სამეცნიერო სივრცის რეალობას მოწყვეტილია, ბრმად დაუჭერს მხარს...

    ლამარა   (20.05.2013)
    სრულიად ვეთანხმები ავტორებს!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter