რეზონანსი
25.04.2024

პოლიტიკოსი - სანამ მაგიდაზე მუშტს დაარტყამდეს - უნდა დარწმუნდეს, რომ მაგიდაზე ლურსმნები არაა დარჭობილი. უინსტონ ჩერჩილი

ამ ბოლო დროს პოლიტიკოსები აღტაცებით საუბრობენ დედაქალაქში დაგეგმილ ორ მეგაპროექტზე. ორივე პროექტი ვაზიანშია მოაზრებული. ესენია: (1) ახალი საერთაშორისო აეროპორტი და (2) UEFA-ს სტანდარტების 70.000-ანი საფეხბურთო სტადიონი, რომელმაც სარაგბო მატჩებსაც უნდა უმასპინძლოს. საზოგადოებას ორივე იდეა გადაწყვეტილად, უაპელაციოდ მიეწოდება.

მაგრამ, ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკოსების, ავიატორების, ტურისტების, ფეხბურთელების, მორაგბეების გარდა, ურბანისტები, ანუ ტერიტორიის ფუნციური ორგანიზების, ქალაქგეგმარების სპეციალისტებიც არიან. წმინდა პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ურბანისტების ორგანული მოვალეობაა საზოგადოებას საჯაროდ და პირუთვნელად ამცნონ ამა თუ იმ ქალაქგეგმარებითი იდეის, გეგმის, პროექტის არგუმენტირებული ავკარგიანობა და პროფესიული რჩევებით მოემსახურონ გადაწყვეტილებების მიმღებთ. ჩემს თავს ურბანისტად მივიჩნევ; ამიტომ, თავს ვერ შევიკავებ ხსენებული მეგაპროექტების ანალიზისაგან. ანალიზს ორ ნაწილად გავყობ, თუმცაღა წინასწარ ვიტყვი, რომ მათი განვითარება ერთიან ფუნქციურ-ტერიტორიულ სისტემაშია გასააზრებელი; მაგრამ, ამის შესახებ - სტატიის ბოლო ნაწილში ვიმსჯელებ.

ახალი აეროპორტის მშენებლობის საჭიროება თუ აუცილებლობა ანბანურ ჭეშმარიტებად მიეწოდება საზოგადოებას. მართლაც, ყველა ფაქტორი ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ იხრება - არსებული აეროპორტი უსაფრთხოებისა თუ სანიტარიულ ნორმებს, კარგა ხანია, ვეღარ პასუხობს. ამის გარდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლების განვითრებას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მდ.ლოჭინის ხევი და სოფ.გამარჯვება ზღუდავს; ხოლო ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ისინი შეიჭრებოდა ურბანულ განაშენიანებაში, რაც, აგრეთვე, მიუღებელია. ქალაქის ცენტრიდან თბილისის ახალ აეროპორტმდე მანძილის გაძრდა პრობლემური არ არის - თვალი გადაავლეთ მსოფლიოს ანალოგებს და ამაში თავად დარწმუნდებით.

ამდენად, ზედაპირილი ურბანისტული ანალიზიც კი, ახალი აეროპორტის მშენებლობის სასარგებლოდ მეტყველებს.

სულ სხვა ამბავია 70.000-ანი, უმაღლესი კლასის საფეხბურთო/სარაგბო სტადიონის მშენებლობა ვაზიანშივე, ასალი აერპორტის მიმდებარედ. ეს გადაწყვეტილება, ამ რანგის სტადიონის ეფექტიანი ფუნქციონირების თვალსაზრისით, სრულიად გაუმართლებელია. შევეცდები გავშალო ეს პოზიცია. ჩემი კოლეგა და მეგობარი -გერმანელი არქიტექტორი იოსტ შრამმი ხშირად მაგონებდა იმ ჭეშმატიტებას, რომ ნებისმიერი მსხვილი არქიტექტურული ობიექტის წარმატებული დაპროექტება/მშენებლობა/ექსპლუატციისთვის გადამწყვეტია სამი, ერთი შეხედვით პარადოქსულად ფორმულირებული, ფაქტორის გათვალისწინება; ეს ფაქტორებია:

- პირველი - ადგილმდებარეობა;

- მეორე -ადგილმდებარეობა;

- მესამე - ადგილმდებარეობა.

ამ მხრივ კი ახალ სტადიონს დიდი რისკები უქადის. პირველი და, უთუოდ, მთავარია მაყურებლების სატრანსპორტო მომსახერება. რომელ სატრანსპორტო საშუალებებს გამოიყენებს მაყურებელი სტადიონზე მისასვლელად? როგორაა გაანგარიშებული სტადიონის დაცლის დრო და რას შეადგენს ეს დრო? თუ სტადიონი ღია იქნება, გასათვალისწინებელის ვაზიანის მიკროკლიმატი - ეს ადგილი ხომ ქარიანობითაა ცნობილი. როგორ გამოიყენება სტადიონი ევროთასის ფინალის ჩატარების შემდეგ? ხომ არ გახდება ის ე.წ. „თეთრი სპილო"? (ვისთვისაც უცნობია ეს იდიომა, გთხოვთ, ჩაიხედოთ ინტერნეტში). რა ფუნქციურ-გეგმარებითს ურთიერთობაშია (უსაფრთხოების და სანიტარიის თვალსზრისით) ახალი აეროპორტი და ახალი სტადიონი? დაბოლოს - რიტორიკული: კითხვა ამ სტადიონის გაზონზე ხომ არ არის მიმობნეული სტატიის ეპიგრამაში ნახსენები „ლურსმნები"?

ახლა - მთავარი, უფრო მასშტაბური სათქმელი. საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ორივე შემთხვევაში აუცილებელი იყო წინმსწრები კვლევების - ე.წ "feasibility study" - ჩატარება. ურბანისტიკიდან შორს მყოფთათვის განვმარტავ ამ ცნების მნიშვნელობას: ეს არის ნებისმიერი პროექტის ყველა კრიტიკული ასპექტის დეტალური ანალიზი, წარმოდგენილი პროექტის სავარაუდო წარმატების შესაფასებლად. ორივე პროექტის საზოგადოებისთვის გაცნობა ე.წ. „თანამონაწილეობითი დაგეგმვის" პირველადი, ყველაზე მარტივი სტადიაა. მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ გამართლებულია საჯარო განცხადებების გაკეთება. ეს სტადია უგულვებელყოფილია. ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. მიუხედავად იმისა, რომ, მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციურ-ტერიტორიული წესრიგის დასამყარებლად შარშან გადაიდგა უთუოდ პოზიტიური ნაბიჯი - შეიქმნა სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო", - საფეხბურთ ლესიკა რომ გამოვიენოთ, სააგენტოც „თამაშგარე მდგომარეობაში" აღმოჩნდა - და ამას VAR (Video Assistant Referee) არც კი სჭირდება - მეგაპროექტების შესახებ ინფორმაცია სუდა-ს, უბრალოდ, არ მიეწოდა...

ამ დრამატული ვითარების ნაწილობრივ სასიკეთოდ გამოყენების თეორიული შანსი არსებობს. იქნებ, ახლა მანც, გადაწყვეტილების მიმღებნი მიუბრუნდნენ მრავალი ათლეულის განმავლობაში მიგდებულ თემას - დედაქალაქის ურბანული აგლომერაციის (მცხეთა-თბილისი-რუსთავი გარდაბანი) ფუნქციურ-გეგმარებითს დაგეგმვა-დაგეგმარებას, რის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ვაზიანის ზონის ჯეროვანი განვითარების ხედვაც იქნებოდა.

ველოდები ოპონენტების გამოხმაურებას და ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე!

ლადო ვარდოსანიძე არის არქიტექტურის კანდიდატი, სტუ-ს პროფესორი

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×