სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გახსენება
    07.02.2017

     თორმეტი წელიწადი მიიწურა არჩილ ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, მას ამკობდა საუკეთესო ადამიანური თვისებები: კეთილშობილება, ჰუმანიზმი, სიკეთე, კეთილმოსურნეობა, არქონა აგრესიულობის ნატამალისაც კი, რაც იშვიათია ქართულ საზოგადოებაში. მისი მოძღვარი, აკადემიკოსი ანგია ბოჭორიშვილი არჩილს, დოსტოევსკის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით, ალექსი კარამაზოვს ეძახდა. ასეთი რამ კი ცხადია, შემთხვევით არ ხდება. არჩილ ბაქრაძის მოღვაწეობის ძირითადი სფერო გახლდათ ფილოსოფია, შესაძლოა ეს გენეტიკითაც იყო განპირობებული, ის ხომ მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, კოტე ბაქრაძის ძმის შვილიშვილი გახლდათ. არჩილმა პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა, მოგვიანებით კი, როგორც ჩანს, სწორედ გენეტიკის გავლენით, ფილოსოფიით დაინტერესდა და 1966 წლიდან სწავლა განაგრძო ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. სამი წლის შემდეგ კი ამ სამეცნიერო დაწესებულების მეცნიერ-თანამშრომელი გახდა. არჩილ ბაქრაძეს ბედმა გაუღიმა, ფილოსოფიის ინსტიტუტში მისი მოსვლა დაემთხვა ქართული ფილოსოფიის ერთგვარ რენესანსს. ინსტიტუტმა ახალი დარგების-აქსიოლოგიის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიისა და კულტუროლოგიის შემოტანით მხარი აუბა დასავლურ ფილოსოფიას, რითაც, ცხადია, "დიდი მკრეხელობა" ჩაიდინა ე.წ. მარქსისტულ-ლენინური მოძღვრების წინაშე. ახალი აზროვნების ამ ნაკადში, თავის სხვა კოლეგებთან ერთად, უყოყმანოდ, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო არჩილ ბაქრაძეც. იგი იყო ერთ-ერთი აქტიური წევრი ფილოსოფიური ანთროპოლოგიის სკოლისა, ბატონი ანგია ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით რომ ჩამოყალიბდა. განსვენებულის კალამს ეკუთვნის მეტად საინტერესო წიგნები: "ადამიანის პრობლემა ვლადიმერ სოლოვიოვის ფილოსოფიაში" (გამოიცა 1971 წელს), "ადამიანის შესახებ რელიგიურ-ფილოსოფიური კონცეფციების კრიტიკა" (გამოიცა ანზორ ბრეგაძესთან ერთად 1977 წელს), "ყ|ყ-ყყ საუკუნეების რუსული რელიგიური ფილოსოფიის კრიტიკა" (დაიბეჭდა 1982 წელს). სიტყვა კრიტიკის გამოყენება ამ შემთხვევაში თავისებური ეზოპესებური ფანდი გახლდათ, რისი მეშვეობითაც რბილდებოდა თემატიკის სიახლე, ტრადიციული საბჭოთა აზროვნებისაგან განსხვავებულობა. არჩილ ბაქრაძის ფილოსოფიურ მოღვაწეობაში მთავარ თემად გამოიკვეთა ადამიანის პრობლემა რელიგიურ ფილოსოფიაში. უნდა ითქვას, რომ რუსეთის ისტორიული ბედუკუღმართობის შედეგად 1917 წლის 25 ოქტომბრიდან, ძველი სტილით, მოყოლებული, მოხდა ისე, რომ რუსული ფილოსოფიური აზროვნების მწვერვალად გამოაცხადეს ვლადიმერ ლენინის ფილოსოფიური ნაცოდვილარი, ძლივს იწყნარებდნენ თავად გიორგი პლეხანოვის ნააზრევსაც კი; ფაქტობრივ, საზოგადოებიდან მოკვეთეს ისეთი გამოჩენილი რუსი ფილოსოფოსები, როგორებიც იყვნენ ვლადიმერ სოლოვიოვი, ნიკოლოზ ბერდიაევი, პავლე ფლორენსკი და სხვანი. ხაზს ვუსვამთ: ეს ხდებოდა თვით საბჭოელ რუს ფილოსოფოსთა წრეში. ამიტომაც მით უფრო დასაფასებელია არჩილ ბაქრაძის შემართება და ღვაწლი, რომელიც მან გასწია დასახელებულ რუს ფილოსოფოსთა ნააზრევის გამოვლენისა და შეფასების მიზნით. ასეთი რამ ხომ რუსულ ფილოსოფიაშიც კი იშვიათად ხდებოდა. უკურნებელმა სენმა არ მისცა შესაძლებლობა არჩილ ბაქრაძეს, ბოლომდე განეხორციელებინა თავისი იდეები. იგი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა 2004 წელს.

    მისი პირადი ცხოვრებიდან განსაკუთრებით ერთი ეპიზოდი დამამახსოვრდა. არჩილს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდა ცოლი. მე და მის სხვა მეგობრებსაც გვეგონა, რომ ცოლს არასდროს შეირთავდა. ამიტომ იყო, რომ მას "მისტერ ჰიგინსს" ვუწოდებდით, რაზეც მისთვის ჩვეულ ღიმილიან მზერას მოგვაპყრობდა ხოლმე. მაგრამ, აი გამოჩნდა"ელიზა დულიტლი", რის შემდეგაც არჩილის "ჰიგინსობასაც" ბოლო მოეღო. არჩილს იგი მოევლინა ქალბატონ გრეტა ჩანტლაძის-ცნობილი მეცნიერის, ეთნო-ლინგვისტისა და ფრიად კოლორიტული პიროვნების სახით. ბოლო სამი წლის განმავლობაში ქ-ნი გრეტას მუდმივი ყურადღების ქვეშ ინმყოფებოდა აჩიკო, იგი ძალიან განიცდიდა იმას, რომ ქ-ნი გრეტა ვეღარ იღებდა მონაწილეობას გასვლით სიმპოზიუმებსა და კონგრესებზე. არჩილის დაჟინებული მოთხოვნით ბოლოს გაემგზავრა მოსკოვში და პატრის ლუმუმბას სახ. უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია წარმატებით დაიცვა. მიუხედავად თავისი ესოდენ დიდი ტრაგედიებისა, ქ-მა გრეტამ მოიკრიბა ენერგია და იქვე ჩრდილოეთ კავკასიის კულტურის ინსტიტუტის მიერ გამართულ სიმპოზიუმზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც მან საორგანიზაციო კომიტეტის სპეციალური საერთაშორისო სერთიფიკატები დაიმსახურა ეგზოტიკური მოხსენების პრეზენტაციისათვის ბასკთა და კავკასიელთა ურთიერთ მიმართულებათა პრობლემებზე ეთნო-ლინგვისტურ სივრცეში. ბოლოს კი მთელი სერიოზულობით ვიტყვი, რომ ქალბატონმა გრეტამ დიდი ამაგი დასდო სასიკვდილო სარეცელში მიჯაჭვული არჩილისა და მისი მოხუცებული დედის ქალბატონ თამარ (თალიკო) შენგელიას მოვლა-პატრონობას. დიდად დასაფასებელია ის ღვაწლიც, რომელიც ქალბატონმა გრეტა ჩანტლაძე-ბაქრაძისამ გასწია განსვენებული მეუღლის გამოუქვეყნებელი ნაშრომების გამოცემისათვის. იგი გახლავთ შემდგენელ-გამომცემელი არჩილის კრებულისა "ფილოსოფიური შტუდიები (ფილოსოფიური და რელიგიური ანთოპოლოგიის საკითხები)" რომელიც 2005 წელს დაიბეჭდა. 2017 წლის 7 თებერვალს ბატონ არჩილს 75 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით არჩილ ბაქრაძის მეუღლე აპირებს მეუღლის სხვა ნაშრომების გამოქვეყნებასაც მისსავე ინიციატივით 2017 წლის 29 მაისს გაიმართება არჩილ ბაქრაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიში, სადაც სწავლობდა ბატონი არჩილი.

    უფალმა გაანათლოს მისი, მართლაც ნათელი ადამიანის სული, ამინ !

     

    პროფესორი

    გურამ ყორანაშვილი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter