სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    31.05.2017

    მსოფლიო ასე არეულ-დარეული კარგა ხანია, არ ყოფილა. პოლიტიკური სიტუაცია ისეა დაძაბული, როგორც უკიდურესად მოჭიმული გიტარის სიმი და სად გაწყდება, ვინ იცის. წინასწარმეტყველებას არ დავიჩემებ, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე საშიში რეგიონი ჩრდილოეთი კორეა მგონია. დიდი საშიშროების წინაშე დგას კაცობრიობა.

    საშიშია, როდესაც ქვეყანას ეკონომიურად არ ულხინს, მას მართავს პერსონა, რომელმაც ციხეები გაავსო პატიმრებით იმ მიზეზით, რომ მამაჩემს კარგად არ ტიროდითო და ასეთ იდიოტს, რაც გარეგნობაზეც ეტყობა, აქვს ატომური იარაღი. საკვირველი ის არის, ასეთ ქვეყანაში როგორ ქმნიან ატომურ იარაღს? საკმარისზე მეტია ქვეყნები, რომლებიც ისტორიის წარსულში იქექებიან და ერთმანეთს ტერიტორიებს ედავებიან.

    სამწუხაროდ, გაერო თავის ფუნქციას ვერ ასულებს, ვერანაირად ვერ იცავს მართალი ქვეყნების ინტერესებს. ასე იყო, არის და იქნება - ძლიერი ყოველთვის მართალია. ასეთ ვითარებაში როგორ უნდა მოიქცეს, სამხედრო თვალსაზრისით, ისეთი უსუსური ქვეყანა, როგორიც ჩვენია?

    ალბათ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ის იქნება, შევუმეგობრდეთ ძლიერ ქვეყანას და ამ გზით გადავირჩინოთ თავი ამ ეტაპზე ასეთ არეულ და უსამართლო სამყაროში. მოსწონს ვინმეს თუ არა, დღესდღეობით ასეთი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია, მაგრამ ეს ისე უნდა განვახორციელოთ, რომ არ ვიქცეთ ორი დაპირისპირებული იმპერიის პოლიგონად.

    ნაღდად არ გვინდა, გავიზიაროთ ისეთი ქვეყნების ბედი, როგორებიცაა ერაყი, ავღანეთი, სირია და უკრაინა. სამწუხაროდ, პერსონებსა და პირველ პირებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გოიმი ლიდერები ვერ გაერკვნენ სიტუაციებში და დიდწილად მათი "დამსახურებაა" მათი ქვეყნების უკუსვლა.

    პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული, ანუ შედეგზე ორიენტირებული. თმენის პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, სულაც არ არის ცუდი, თუ მას ჩვენთვის სასურველი შედეგი მოაქვს. ასე არეულ-დარეულ სამყაროში მკვეთრი მოძრაობების გაკეთება არ იქნება სწორი. გაუაზრებელი, მკვეთრი მოძრაობების შედეგია, სოხუმსა და ცხინვალს დღემდე რომ ვერ ვაკონტროლებთ.

    იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთს უკვე სულთანი მართავს, გამორიცხული არაფერი არ არის, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თურქეთმა რომ მოინდომოს აჭარის დაკავება. არადა, დიდი ხანია, ცუდად უჭირავს თვალი ამ კუთხეზე.

    მაშინღა ვინ დაგვიცავს, რუსეთი?! რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა წაგართვას და რით გაგვამწაროს. არ უნდიხარ ამ რუსეთს და ჩვენ მაინც ვეტენებით. რუსეთს რომ სხვა ურთიერთობა სურდეს ჩვენთან, ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში არ გაუჭირდებოდა პრორუსული ძალის მოყვანა ხელისუფლებაში. ის კი არა, ასლან აბაშიძე თვითონ მოაშორეს აქაურობას.

    შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ პრორუსული ძალა საქართველოს ხელისუფლებაში, პირველ ყოვლისა, სწორედ რუსეთს არ აძლევს ხელს, რადგან მაშინ სოხუმიც უნდა დაგიბრუნოს და ცხინვალიც. არადა, როგორი დასაბრუნებელია წართმეული სამოთხე! დავფიქრდეთ, ყველაფერს სხვებს ვაბრალებთ, იქნებ, ბევრი რამ ჩვენი ბრალიც იყოს, ამ დღეში რომ ვიმყოფებით.

    გადავხედოთ დავით აღმაშენებლისა და თამარის დროინდელ საქართველოს რუკას. ჯერ ისა ვთქვათ, რამხელა ტერიტორიებს ვფლობდით და, ამის გარდა, ირგვლივ მყოფი სახელმწიფოები ხარკს გვიხდიდნენ. იქნებ, ჩვენც გვქონდა იმპერია იმ პერიოდში, არადა, რა სიამაყით ვიხსენებთ, როგორ შევნატრით იმ პერიოდს.

    აყველა ერს უხარია, როდესაც მისი ქვეყანა ძლიერია. დღემდე ახსოვთ რუსებს, როგორ ტრაბახობდა ექსპრეზიდენტი შევარდნაძე, თუ როგორ დაშალა საბჭოთა კავშირი. თავის დროზე, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ქართველები რომ წყნარად ვყოფილიყავით ჩვენთვის, ეჭვი არ მეპარება, ამ რთულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდით. ამიტომ ბევრი რამე ნუ გვიკვირს. ბრძენკაცის ნათქვამია: "რაც მოგივა, დავითაო, ყველა - შენი თავითაო".

    თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანთან დაძაბული სიტუაციის დროს თავისი ბაზების გამოყენებაზე თურქეთმა უარი განუცხადა. განაწყენებულმა თეთრმა სახლმა ის გააკეთა, რომ ამერიკის კონგრესმა აღიარა სომეხთა გენოციდი თურქთა მიერ. ამერიკასა და თურქეთს შორის დიდი ხანია, შავმა კატამ გაირბინა. ერდოღანს რომ ტრამპმა პირველმა მიულოცა სულთანობა, ზემოთქმულს ადასტურებს.

    ის, რომ ტაო-კლარჯეთს დღემდე ფლობს თურქეთი, ხიროსიმა-ნაგასაკში ჩაგდებული ატომური ბომბის წყალობაა. თურქეთის ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერეც ხომ დიდწილად ამერიკის შეერთებული შტატების წყალობაა. უმადურობა ხშირ შემთხვავაში მწარედ ისჯება.

    ამ მომენტის საჩვენოდ გამოყენება კარგად შეიძლება. ტაო-კლარჯეთში მივიწყებული და თურქების მიერ შეგნებულად გაპარტახებული ტაძრების: ხახულისა და ოშხის რესტავრაციაზე გაგზავნილი ქართული დელეგაციები რაღაცის მინიშნება მგონია. მახსოვს ბილ კლინტონის განცხადება თურქეთის სამიტზე: "პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან საქართველო განსაკუთრებულად ცდილობს ჩვენთან მეგობრობას, ეს უნდა დავინახოთ და დავაფასოთ, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებსაც გაუჩნდეთ სურვილი ჩვენთან მეგობრობისა".

    დიდი შეცდომა იყო, ალბათ, თეთრი სახლის მხრიდან, როდესაც საქართველოში თავიანთ დასაყრდენად აირჩიეს ისეთი ტვინმოღრეცილი ხალხი, რომელთა გამოჩენა ეკრანებზე მხოლოდ ქართველი ხალხის გაღიზიანებას და შესაბამისად ამერიკისადმი ცუდ განწყობას იწვევს.

    ქართველი ხალხი ნიჭიერი ერია და არ იქნებოდა ცუდი, თუ ერთობლივი საწარმოები შეიქმნებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციების მაგივრად კვლევითი ინსტიტუტები დაფინანსდებოდა და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკა გაძლიერდებოდა. ქართველობა, თურქებისგან განსხვავებით, არ არის უმადური ერი, მაგრამ ასეთ რამეზე ფიქრს აქვს კი აზრი, როცა ქართველებმა ლამის დავჭამოთ ერთმანეთი?

    აღარ მინდა ამ ტელევიზორის ყურება, ფანჯრიდან მინდა გადავაგდო, მაგრამ თავს ვიკავებ, იცით, რატომ? მეშინია, ვინმეს არ მოხვდეს თავში! რა უბედურებაა ამდენი ყოველწლიური არჩევნები! იქნებ, დაითვალონ ეკონომისტებმა, რაც ამ არჩევნებზე ფული იხარჯება, ეს ქვეყნის გაძლიერებისკენ რომ მიმართულიყო, დიდი ხნის აყვავებული იქნებოდა ჩვენი ქვეყანა.

    რაზე დავობენ ამდენი ხანია, ვის უნდა დარჩეს გადაუნაწილებელი მანდატები? მე გადაგიწყვეტთ ამ პრობლემას. ვის რად გვჭირდება ზღვის ქვიშასავით მომრავლებული ამდენი ერთკაციანი პარტიები, მე შენ გეტყვი და, იდეოლოგიით განსხვავდებიან ერთმანეთისგან!

    არჩევნების წინ ყველა მემარცხენეა, დიდი-დიდი ცენტრისტი. ჩემი რჩევა იქნება, საერთოდ გავაუქმოთ ეს პარტიები და 150-ივე მაჟორიტარი დეპუტატი იყოს. საქართველოში ნამდვილად მოიძებნება 150 სამშობლოს სიყვარულით გულანთებული, განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და სუფთა წარსულის მქონე ქართველი.

    ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება ის გახლავთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხია ძალზე დაბალი. თუ ასეთი ხალხი მოიყრის თავს საპარლამენტო რესპუბლიკაში, ბევრს გაუძნელდება ქვეყნის გარედან მართვა.

    რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეებს, ნორმალურად მოაზროვნე ამომრჩევლისთვის დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, ვის მხარეზე დადგება ისეთი შესანიშნავი დიპლომატიური სკოლაგამოვლილი, დაბრძენებული პერსონები, როგორებიც არიან: ზურაბ აბაშიძე, თედო ჯაფარიძე და მსგავსნი მათნი. არაფორმალური მმართველობით რომ წაიღეს ტვინი, იქნებ, მათ აზრს ითვალისწინებს და ბევრ რამეს მათთან ერთად წყვეტს ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

    პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ დგას შენ გვერდით. სანთლით საძებნელი ამგვარი ხალხის შემოკრებით, იქნებ, ეშველოს ამ დაქცეულ ქვეყანას. ნეტავ, როდის უნდა დასრულდეს გარე ძალების რეკომენდაციით დანიშნული პატარა ბიჭების მმართველობა საქართველოში?

    იქნებ, ქვეყნის მეორე პირს ვინმემ ურჩიოს: რაც უფრო ცოტას ილაპარაკებს, ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. პარლამენტის თავჯდომარეს თმის ისეთი ვარცხნილობა აქვს, ბევრ უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმარს კომპოზიტორი ჰგონია. იქნებ, მას ამ საკითხშიც მისცეს ვინმემ რჩევა.

    ეტყობა, ამ ახალგაზრდას არ აქვს გათვითცნობიერებული, რომ იგი უკვე საქართველოს ისტორიის ფურცლებზე არის აღბეჭდილი და ამიტომ ქვეყნის მთავარმა კანონმდებელმა ქართული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა გააკეთოს განცხადებები.

    ახლა რაც შეეხება ქართული მიწის გაყიდვას. ევროპაში ვერსად ნახავთ ქვეყანას, სადაც ერთი გოჯი მიწა არ იყოს დაუმუშავებელი, რადგან კარგად იციან, რომ ქვეყნის სიძლიერე ამ დარგის განვითარებაშია.

    ჩვენში კი რა ხდება? დიდძალი ფართობია დაუმუშავებელი. ამიტომ კი არ უნდა გავყიდოთ, არამედ უბრალოდ ვაჩუქოთ უცხოელ მოქალაქეებს, ოღონდ ერთი პირობით: უცხოტომელმა თავისი ქვეყნის მოქალაქეობას უნდა დაემშვიდობოს. ჩვენი მოქალაქეობა რომ მიიღოს, კარგად უნდა ფლობდეს ქართულ ენასა და ლიტერატურას.

    გამოცდა უნდა ჩააბაროს ფონეტიკაში, მორფოლოგიასა და სინტაქსში. მხოლოდ ფრიადოსნებს მიეცემათ უფლება, მიიღონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. აქცენტით თუ ისაუბრებენ, არა უშავს, ვაპატიებთ. სარწმუნოება უნდა შეიცვალონ და მართლმადიდებელი ქრისტიანები გახდნენ.

    ამ გზით ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობაც მყისიერად შეიცვლება. მიწა მხოლოდ კარგად ალესილი თოხითა და ბარით უნდა დაამუშაოს და მოსავალი მხოლოდ შიდა ბაზარზე გაყიდოს. თურქეთიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან პესტიციდებითა და ნიტრატებით დაბერილ პროდუქტებს რომ შემოვუტანთ, მერე ვნახავთ, რასაც გაყიდის.

    შეიძლება, მიწათმოქმედებაში ფული ვერ იშოვონ უცხოელებმა, მაგრამ არ უნდა შეშინდნენ, უმუშევარს არ დავტოვებთ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი პენსიონერია, დანარჩენი მოსახლეობა დროის გასატარებლად არის წასული ევროპასა თუ ამერიკაში.

    ჩვენს მოხუცებს პამპერსის გამოცვლა არ სჭირდებათ ვითომ?! ასე რომ, უცხოელებს ჩვენში სამუშაო არ მოაკლდებათ. ერთი სიტყვით, მათ ისეთ დღეში ჩავყრი, აქეთ გამოხედვის სურვილს დავუკარგავ.

    გაერო-ში დამოუკიდებელ ქვეყანათა ორას დროშამდე ფრიალებს, მათ შორის თითზე ჩამოსათვლელია ქვეყნები, რომელთაც, ჩვენი ერის მსგავსად, ოცდაათსაკუნოვანი საინტერესო ისტორია ჰქონდეთ და საკუთარი გენეტიკა შეენარჩუნებინოთ.

    ნეტავ, ასე კომიკურ სიტუაციაში თუ იმყოფება დედამიწის ზურგზე რომელიმე ქვეყანა? რად უნდა გვჭირდებოდეს ამდენი ძალისხმევა, რომ მიწის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნისათვის ხელსაყრელი კანონი მივიღოთ?!

    ბუნებაში არაფერი ხდება შემთხვევით. ასე იყო, არის და იქნება - უხილავი ძალები თავის საქმეს აკეთებენ. თუ ვინმე, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე - ჩრდილოეთით იქნება ეს, სამხრეთით, დასავლეთით თუ აღმოსავლეთით, ეცდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მითვისებასა და ქართული გენის მოსპობას, ტყუილად წვალობს, რადგან საქართველო ამდენ ქვეყანას შორის გამორჩეულად მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ვერავინ ვერაფერს დააკლებს.

    ალეკო ნაცვლიშვილი (ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ყაზბეგის იაგო   (21.08.2017)
    ვეთანხმები გიორგის კომენტარს. ეს კაცი მართლაც უნდა იყოს დიდი პოლიტანალიტიკოსი, თანაც ჩამოსული მთვარიდან.

    giorgi   (15.06.2017)
    es kaci unda iyos politanalitikosi


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter