სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    07.12.2017

    გთხოვთ, მოწოდებად, პოლიტიკურ გზავნილად ან ლოზუნგებად არ ჩამითვალოთ ეს წერილი. იგი ჩვენი საზოგადოების ერთი, ჩვეულებრივი, თქვენნაირი წევრის გულისტკივილია.

    ისევ აფუთფუთდნენ - პარლამენტს დაჩქარებულ განხილვას სთხოვენ საკითხისას, რომელზეც ჩვენი მომავალი ბევრადაა დამოკიდებული. ითხოვენ, სასწრაფოდ განიხილონ და მიიღონ კანონი ნარკოპოლიტიკის შესახებ.

    კანონს ნარკოპოლიტიკის შესახებ პარლამენტს სთავაზობენ "ყოფილი" ნარკომანები, "გირჩებისა" და მათნაირი ჯგუფების წარმომადგენლები ("ყოფილი" შემთხვევით არაა ბრჭყალებში). რამდენს მოგიწევიათ, ძვირფასო მეგობრებო, სიგარეტი წამხედურობით? რამდენს მოგიწევიათ სიგარეტი მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენთვის "დედიკოს ბიჭი" არ დაეძახათ?!.

    საკუთარი გამოცდილების შესახებ მინდა, მოგახსენოთ. დაახლოებით, 40 წლის წინანდელ ამბავს გავიხსენებ. უნივერსიტეტში სწავლისას ნათესავის ბინაში ვცხოვრობდი. ერთ საღამოს ნათესავის, ძველი ბიჭის, მეგობრები გვეწვივნენ სტუმრად. ვივახშმეთ. დავლიეთ. "შეაკეთეს". ჩემს "არ მინდა"-ზე გაეცინათ. დაანებეთო თავი, გიგამ უთხრა მეგობრებს - ამ კაცს სხვა გზა აქვსო არჩეული. გიგა ძალიან კარგი და მაგარი ბიჭი იყო. კაი პიროვნება. აღარ ვიცი, სადაა ახლა.

    - მომეცით! - განვუცხადე, - არა მგონია, მომეწონოს. ისე გავსინჯავ. ორი პაპიროსი აქვთ შეკეთებული. ერთს სამნი ეწევიან რიგრიგობით. ერთი მე მომცეს (გიგასა და კიდევ ორ მეგობარს არ მოუწევიათ). არაყს ვსვამდით. სოფლიდან ჩამოტანილს.

    მოსწიეს. ერთი პაპიროსი სამმა. დაიწყეს თვალების ტრიალი. სახე მიიღეს, გეგონებოდათ, ამათზე მშვიდი და ბედნიერი არა კაცი არ მოიძებნებოდა დედამიწის ზურგზე. მახსოვს ორი გრძნობა. ორივე დღემდე მომყვება. სამი ადამიანისადმი მათი სიყალბის გამო გაჩენილი ზიზღნარევი შეცოდებისა და სინანულის გრძნობა (ვერ დავმალავ, მართლა ასეთი გრძნობა გამიჩნდა) და ზიზღი საკუთარი თავისადმი.

    ძალით მოვწიე. არ შევიმჩნიე გულისრევის საზიზღარი გრძნობა. მოვწიე ბოლომდე. მერე ტუალეტში გავედი და პირიდან მოვისაქმე... ოთახში შესვლამდე გიგას ხმას მოვკარი ყური. -...ააცვით აქედან! - არ ვიცი, ამის წინ რა უთხრა. წავიდნენ. მაშინდელი საკუთარი თავის ზიზღისა და გულისრევის მაგვარი შეგრძნება დღემდე მომყვება.

    ერთადერთხელ გასინჯული ნარკოტიკი და სინანულიანი უამურობის გრძნობა მომხმარებლების მიმართ (არა ზიზღის! არამედ, შეცოდებანარევი უსიამობისა - ჩემი ნათესავებიც ერივნენ მათ რიცხვში...). ვცდილობდი, ხელი შემეშალა მათთვის. გალახვით არავინ გამილახავს, არც გამითათხია მენტორული ტონით.

    ისე, სხვათა შორის, გაკვრით მიხსენებია, რომ ნარკოტიკი - ეს საკუთარი თავის მტრობაა. ნარკოტიკი ილუზიაა, რომელიც რამდენიმე წუთით გატყუებს... გაჩვენებს, რომ პიროვნება და კაცი ხარ. ამ დროს პიროვნება და კაცი კი არა, ყველაზე აყროლებული განავალი ხარ... ახლაც ღრმად ვარ დარწმუნებული ჩემი აზრის მართებულობაში.

    ვერ დავმალავ, სწორედ ასეთი შეგრძნება მეუფლება, "თეთრი ხმაურის", "გირჩებისა" და "არასამთავრობო ორგანიზაციების" (ზოგიერთების) წევრებს რომ ვუყურებ და ვუსმენ.

    მე ვიცი, მინახავს, როგორ დაუქცევია ერთ ნარკომანს აყვავებული და სავსე ოჯახი. ვიცი, როგორ დაუქცევია ერთ ნარკომანს რამდენიმე ოჯახი... მე ვიცი, ახალგაზრდა ბიჭები კაიფში გაპარულები (ღმერთმა ყველა გაანათლოს!). და ვიცი გამწარებული დედები და მამები... ვიცი, უქმრობით გაწამებული ნარკომომხმარებლების მეუღლეების მწუხარების შესახებაც.

    მინახავს მამები, რომლებიც ნარკოტიკებით დაღუპული შვილის საფლავზე მიწას ჭამდნენ სიმწრისგან. ამ ორფეხებს ნარკოტიკების მოხმარების დაკანონება უნდათ. ფაქტობრივად, ნარკოტიკების მერეკლამეობას ეწევიან. ნარკომერეკლამეობას სულიერად ცვედანები თუ გაბედავენ... (ალბათ, ხორციელი ცვედანებიც).

    საზოგადოება ითხოვსო პასუხს, ერთი ნაძირალა ამბობდა ერთ-ერთი ტელევიზიის დილის გადაცემაში. მეგობრებო, ისინი მე საზოგადოებაში არ მთვლიან?!. არც თქვენ, ვისაც მომავალი გაწუხებთ, საზოგადოების წევრებად არ გთვლიან?!. არ გვთვლიან. იმიტომ, რომ ჩუმად ვართ და ხმას ვერ ვიღებთ... ხმას არ ვიღებთ...

    მე არ მინდა, ნარკომანების კანონებით ცხოვრობდეს ჩემი ქვეყანა! გადაცემაში "პირისპირ" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ა. ზოიძე ვინმე ბ. წიქარიშვილისა და ვინმე ზ. ჯაფარიძის გვერდით იდგა და მათ წისქვილზე ასხამდა წყალს. პირველი ტიროდა, რომ თურმე მართვის უფლებას ვერ აიღებს, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვერ დაინიშნება და... ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას ითხოვს. ისიც ხომ ჩვენი საზოგადოების წევრია?! მასაც ხომ უნდა, ჰქონდეს უფლება, ატაროს მანქანა?! ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ რომ ვინმეს მოკლავს, ვინმეს ოჯახს რომ გააუბედურებს, ზ. ჯაფარიძისა და მისთვის ძალიან საწყენია, მაგრამ, თურმე, ბატონი ზოიძისადმი მეორეხარისხოვანია.

    მე მრცხვენოდა მის გამო... იქნებ მივაწვდინოთ ხმა ბატონ თავმჯდომარეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისას - ვერაფრით ვხსნი მის აქტიურ მხარდაჭერას ზემოთ დასახელებული ორი ნარკომერეკლამისადმი. ის ორფეხები, მთელი თავისი რეფლექსებით ცდილობენ ნარკოტიკების გავრცელება-გაყიდვის დაკანონებას! სწორედ ესაა მათი მიზანი და არა ის, პოლიციამ აღარ ჩაგვიდოსო ნარკოტიკი. იქნებ მივაწვდინოთ ხმა კომისიის ზემოთ დასახელებულ თავმჯდომარეს!

    "არა ჩადებას" მეც მოვაწერ ხელს. მაგრამ არა დოზების გაზრდის მოთხოვნით, არამედ სხვანაირად ვეცდები, რომ პოლიციელებმა არ "ჩაუდონ" ნარკოტიკი უდანაშაულო ბიჭებს. ბატონ თავმჯდომარეს ატყუებენ მისგან მხარდაჭერილი მერეკლამეები - მათ პოლიციელები უტვინო და ტვინგამორეცხილები ჰგონიათ.

    დავუშვათ, ასწიეს ზღვარი, პირობითად, სამ გრამამდე ნარკოტიკისა, რომელიც პოლიციელს არ აძლევს უფლებას, გადამყიდველობა დაუდგინოს და დაიჭიროს. პოლიციელი, თუ ჩადება უნდა, სამგრამ-ნახევარს ჩაუდებს. მაინც დაიჭერს. მერე, ესენი ოთხ გრამამდე აწევენ ზღვარს. პოლიციელები რატომ ვერ მოიფიქრებენ, ოთხგრამ-ნახევარი "ჩაუდონ"?!. გამალებული შეიარაღება გავაჩაღებინოთ?!.

    თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხმა, გადაეცით კომისიის თავმჯდომარეს - მას ხმა ხალხმა მისცა და არა - ზემოთ დასახელებულმა ნარკომერეკლამეებმა. თუ კანონი მაინც იმ სახით გავიდა, როგორითაც ისინი ითხოვენ, ბატონო აკაკი, გპირდებით, ყოველნაირი გზით, კანონიერით, ვეცდები, მოგაშოროთ ხელისუფლებას! ვისი მოშორებაც მინდოდა, მოვაშორე ხელისუფლებას! ამას კოლექტიური "მე" ამბობს.

    ძვირფასო მეგობრებო, დაბეჯითებით ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს, საზოგადოებას გააცნოს დეტალები იმისა, რაც ხდებოდა ჯემფესტზე. ჩემმა სახელმწიფომ დააფინანსა საზეიმო ღონისძიება, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. კიდევ უფრო მეტი უბედურება, როგორც ამბობენ, ექიმებმა ააცილეს ქვეყანას.

    თუ ახლანდელ პარლამენტს არ ან ვერ შეუძლია სწორი პოლიტიკის შემუშავება, საქმეს მაინც ნუ გააფუჭებს - დაუტოვოს მომავალ თაობას საშუალება სწორი პოლიტიკის გატარებისა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ძვირფასო მეგობრებო?!

    P.S. ლუდიც "მაგარი ბიჭობის" გამო დავლიე პირველად. არ მომეწონა. მაინც დავლიე. მეორედაც ბიჭების ხათრით და "მეც გავერევი მარაქაში"-ს გამო დავლიე. მერე მივეჩვიე. ახლაც, ამდენი ხნის შემდეგ ლუდზე, მიყვარსო, ვერ ვიტყვი. სიფხიზლის საგუშაგოზე მდგარ პიროვნებად ნუ წარმომიდგენთ. ვსვამ ყველანაირ სასმელს... ღვინო მიყვარს. ვისკიც და კონიაკიც. არყის დალევაც შემიძლია და ლუდისაც. ტყუილად ნუ გაგიჩნდებათ ეჭვი, სასმელის წინააღმდეგიაო.

    სოლომონ ნერგაძე (ასისტენტ-პროფესორი, პავიას უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტი), პავია (იტალია)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter