სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    08.02.2018

    9 თებერვალს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იხსნება ქართველი მხატვრისა და პოეტის - ზურაბ კალანდაძის ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებები, რომლებიც ხელოვანის 65 წლის იუბილეს ეძღვნება, საქართველოს შემდეგ, ჰოლანდიასა და ბელგიაში გაგრძელდება.

    ზურაბ კალანდაძე 1994 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ჰოლანდიაში, არის პროფესიონალ მხატვართა კავშირისა (იილ) და ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციის (|ფფ) წევრი.

    მას მონაწილეობა აქვს მიღებული ორასამდე გამოფენაში, მაგრამ საქართველოდან წასვლის შემდეგ მისი ნამუშევრები სამშობლოში პირველად გამოიფინება.

    ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ემიგრაციის პერიოდში შექმნილი 27 ტილო და მინაზე ლაზერული კვეთით შესრულებული ქანდაკება "სიყვარულის ხე".

    ავსტრალიელი ხელოვანი არტს ბარკი წერს, რომ "რიგითი ადამიანები გარემოს აღიქვამენ თვალებით, ზურაბ კალანდაძე კი ამ ყოველივეს შეიგრძნობს თავისი გამჭოლი შინაგანი ხედვით". უცხოელი კრიტიკოსთა აზრით, მის ფერწერულ ტილოებში ძალუმად იგრძნობა ქართული ფესვები.

    ჰოლანდიელი ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი ენგელბერტ ბროკჰაუსი წერს: "ზურაბ კალანდაძის შთაგონების წყარო, მუზა არის სამშობლო, საქართველო, რომელიც არასოდეს არ განეშორება მის სულს".

    ტილბურგის ხელოვნების აკადემიის პროფესორ ჰარი ფლამინგსის თქმით: "მან ზუსტად იცის, როგორ დაიმორჩილოს ფერთა გამა, ფორმა და გამოსახულება მისთვის სასურველი ჩანაფიქრის ხორცშესასხმელად".

    ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი პიტ ავგუსტაინი მიიჩნევს, რომ ზურაბ კალანდაძის ნამუშევრებს "საფუძვლად უდევს ქართული ანბანის გრაფიკული სტილისტიკიდან ამომავალი ფორმათა ენა", "მზის სიუხვე", "მშობლიური მხარის კულტურაზე დამყარებული ფერთა გარდამავალი ტონები და თემატიკა".

    ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ თამარ ჩუდინოვსკაიას დაკვირვებით, ზურაბ კალანდაძის გენეტიკა - სისხლის ძალა თავს იჩენს და ვლინდება მეოცე საუკუნის ავანგარდული ხელოვნების საერთაშორისო ფორმათა ენაში, მაგრამ კლასიკური ავანგარდისაგან მის სტილს გამოარჩევს პოეტური ხედვა და მკვეთრად ნაციონალური აქცენტები.

    ზურაბ კალანდაძის ფერწერისთვის დამახასიათებელია ფორმათა სიბრტყული აღქმა და კომპოზიციის ზედაპირზე გაშლა. ამერიკელი კრიტიკოსი ტ. გ. ტიონი მასზე საუბრისას აქცენტს აკეთებს "წარმომავლობისა და ეროვნების გამძაფრებულ განცდასა" და "აზრით დატვირთულ ცხოვრებაზე".

    ზურაბ კალანდაძის ფერწერული ტილოების შესახებ გამოქვეყნებულ სხვადასხვა ანალიტიკურ ნაშრომში საუბარია მის მიერ შექმნილ მითო-პოეტურ რეალობაზე, ფერთა რეფრენზე, კოსმოგრაფიაზე. ასევე მათში ვკითხულობთ, რომ: შუქისა და ჩრდილის გამოყენებაში იგრძნობა საოცარი ზომიერების განცდა, რომელიც შემოქმედის ფაქიზი პოეტური ბუნებიდან მოდის.

    ზურაბ კალანდაძის შემოქმედების თვითმყოფადობას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მისი სინთეზური ნიჭი და მრავალმხრივობა.

    ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ მიხეილ გერმანის დაკვირვებით, იმის გამო, რომ მის ფერწერულ ტილოებში ერთდროულად შეიგრძნობა ბგერა, უჩვეულო რიტმიკა და ლიტერატურული რემინისცენციების საოცარი ფეიერვერკი, ისინი უამრავ ასოციაციას იწვევს და განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს მნახველზე.

    "პირველი შთაბეჭდილება, რაც გამოიწვია ჩემში მისმა ნახატებმა, იყო ასოციაცია პოეზიასთან", - წერს მხატვარი ჰუბ ტილენი. ცნობილი ქართველი ხელოვნებათმცოდნის - აკადემიკოს ალექსანდრე ჩხეიძის თქმით, ლირიზმი, პოეტურობა, რომელიც ვლინდება ზურაბ კალანდაძის მხატვრულ ტილოებში, მისი "სულის მდგომარეობაა... მსოფლაღქმაა".

    კრის კონდაიკის თქმით, ზურაბ კალანდაძემ მოახერხა ხიდის გადება განსხვავებულ კულტურებს შორის, რაშიც ხელოვანს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მისმა წარმომავლობამ და ეროვნულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ.

    ხელოვნებათმცოდნეთა დაკვირვებით, შემოქმედებითი ჩანაფიქრის მაქსიმალურად გადმოცემისათვის ზურაბ კალანდაძე მიმართავს ფერის სიღრმეთა გრადაციას, რითაც ქმნის რამდენიმე ინფორმაციულ შრეს.

    ამას გარდა, იგი დამატებით საკომუნიკაციო საშუალებად იყენებს მსოფლიო კულტურის, მითოლოგიის, ზღაპრებისა და ლიტერატურული შედევრების საკუთარი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დაკვირვებებით გამდიდრებულ სიმბოლოებს, რაც მის ხელწერას ინდივიდუალობას ანიჭებს და იოლად ამოსაცნობს ხდის.

    ზურაბ კალანდაძის პოეზიასა და მხატვრობაში ხშირად შეხვდებით პარალელურ მოტივებსა და სახე-სიმბოლოებს. ლირიკისა და ფერწერის, როგორც შემოქმედებითი თვითგამოხატვის ორი მჭიდროდ დაკავშირდებული საშუალების დემონსტრირებაა გამოცემის ის ტიპი, რომელსაც ხშირად მიმართავს ზურაბ კალანდაძე.

    ეს არის მხატვრობისა (ან მხატვრული ფოტოგრაფიის) და პოეზიის ერთობლივი კრებულები. მიუხედავად ემიგრაციაში მოპოვებული დიდი წარმატებებისა, ზურაბ კალანდაძის გულისყური ყოველთვის საქართველოსკენ იყო და არის მოპყრობილი.

    სწორედ ამიტომ მის ტილოებს სამშობლოში დიდი სითბო და სიყვარული ჩამოჰყვება. აუცილებლად ეწვიეთ ამ გამოფენას, თუ გსურთ, თქვენც იხილოთ და შეიგრძნოთ ეს ყოველივე.

    მაია ნინიძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter