სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    22.02.2018

    ანზორ საკანდელიძე

    თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

    ქვეყნის სათავეში მოსული ყველა მთავრობა ცდილობს, კანონგარეშედ გამოცხადებული მცირე მეწარმეების გვერდის ავლით თავად აკონტროლოს მეწარმეობის განვითარებისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი ათეულობით მილიონი დოლარის გრანტები, ტრანშები, დახმარებები და შეღავათიანი კრედიტები კომერციული ბანკების მეშვეობით.

    თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციამ საბანკო-საფინანსო მაფიოზების განუკითხაობას დაუპირისპირა დამუშავებულ-დაპატენტებული, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ მოწონებული, დასაქმებაზე და სახელმწიფოს მირ დაზარალებულთა (მათ შორის, 2 მილიონზე მეტი მეანაბრეა!) ზარალის ანაზღაურება-კომპენსაციაზე დაფუძნებული "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა". იგი ჩვენ მიერ მიგნებულ-დაპატენტებული საგადასახადო თამასუქების ახალი ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით ზარალის სრულ ანაზღაურებამდე უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ ასეულ ათასობით დაზარალებულთა ათეული მილიარდობით დოლარის ზარალის უწყვეტ გეგმაზომიერ ტრანსფორმაცია-კაპიტალიზაციას ახლად გახსნილ მცირე სამრეწველო საწარმოებში.

    ყოველგვარი ინვესტიციების მიზიდვის გარეშე, ფაქტობრივად, კვლავ უფასოდ, არასამრეწველო ბიზნესებში ავტომატურად დამატებით შეიქმნება 5-6-ჯერ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილები. ეს კი, უმუშევრობის მოგვარებასთან ერთად, ქვეყანას ეკონომიკურადაც წაადგება. დღეს მთავრობას 1 სამუშაო ადგილის შექმნა დაახლოებით 10 ათასი დოლარი უჯდება. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი "კონცეფცია-პროგრამით" საქართველოში 5 სამეურნეო წელიწადში იქნება ევრო-ატლანტიკური მოდელის შესაბამისი მცირე სამრეწველო მეწარმეობის ნამდვილი ბუმი და ეკონომიკის ამ სეგმენტში შექმნილი 150 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უზრუნველყოფს დაახლოებით 1 მილიონი მოსახლეობის დასაქმებას.

    სამწუხაროდ, 12 წელიწადია, ხელისუფლება ასეთ უნიკალურ "კონცეფცია-პროგრამაზე" ამბობს უარს. ამ დანაშაულებრივი უმოქმედობიდან ნახევარი მოდის "ქართულ ოცნებაზე", რომლის პირველი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დაარწმუნა, რომ საქართველოს არ სჭირდება მცირე მეწარმეობა და ამიტომ 2006 წელს გაუქმებული კანონის აღდგენა დაბლოკა.

    ხადურმა ისე დაამთავრა თავისი მინისტრობა, რომ მცირე მეწარმეობის კანონის აღუდგენლობით საბანკო-საფინანსო სექტორს ბოლომდე გააძარცვინა მცირე მეწარმეები, რაც დღემდე გრძელდება, ხოლო თანამდებობიდან წასვლის წინ თავის ფავორიტ კომერციულ ბანკებს წლიური 1%-იანი სესხის სახით (ვითომ მცირე მეწარმეთა სასტარტო დაფინანსებისათვის) ბიუჯეტიდან უპრობლემოდ გადაურიცხა 200 მილიონი ლარი!

    მანვე ჩაიდინა მეორე დანაშაულიც, როცა პარლამენტის გვერდის ავლით ბიუჯეტში უკვე დაფიქსირებულ, სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად 1998 წელს აღიარებულ 1,2 მილიარდ ლარს თვითნებურად უწოდა "ისტორიული" ვალი, ამოიღო ბიუჯეტიდან და ერთხელაც კი არ ჩაუტარებია ამ ვალის გასტუმრების სამთავრობო კომისიის სხდომა, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იყო.

    ნოღაიდელ-ხადურის მემკვიდრეობა დღესაც გრძელდება საქართველოსათვის დამანგრეველი შედეგებით. მცირე მეწარმეობის კანონის გაუქმებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, ფაქტობრივად, ეკონომიკურად დავკარგეთ ამ ტერიტორიების მოსახლეობაც. ისინი ინტეგრაციაში აღმოჩნდნენ რუსეთთან, სადაც საქართველოსთან შედარებით გაცილებით მიმზიდველი საკანონმდებლო და ბიზნესგარემოა მცირე მეწარმეობის სეგმენტში. არადა, ჩვენი კონცეფცია-პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რუსეთის ნაცვლად, ეკონომიკურ ინტეგრაციაში შემოვიდოდა საქართველოსთან, სადაც რუსეთთან შედარებით არნახულად უკეთესი მცირე მეწარმეობის ბიზნესგარემო დახვდებოდა. ეს იქნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და შემდგომში კი ამ ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებისათვის გადადგმული რეალური ნაბიჯი.

    სამწუხაროდ, ეს არ გავაკეთეთ და ამჟამად დავდექით პოლიტიკური ანექსიის განხორციელების რეალური ახალი საფრთხის წინაშე. მხედველობაში გვაქვს რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 2017-2019 წლებში რუსეთის მოქალაქეებს მათი კუთვნილი, საბჭოთა კავშირის დროინდელი შემნახველი სალაროების ანაბრები გაუნაღდოს 15-ჯერ გაზრდილი კურსით. გარდაცვლილთა ანაბრების მფლობელების შემთხვევაში ამ თანხებს მიიღებენ მათი მემკვიდრეები ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე.

    ანაბრების განაღდების აუცილებელი პირობა არის რუსეთის მოქალაქეობის მიღება, რისი მსურველიც ძალიან ბევრი აღმოჩნდება როგორც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ისე არაოკუპირებულ საქართველოშიც, რადგან 2 მილიონზე მეტი მეანაბრის ზარალის ასანაზღაურებლად არც ერთ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია.

    ჩვენ დროც კი აღარ გვრჩება, რამე ქმედითი დავუპირისპიროთ რუსეთის ამ აშკარა, ღია პოლიტიკურ ანექსიას და სასტიკ პოლიტიკურ ცაიტნოტში ვართ. აქედან ერთადერთი გამოსავალია: სასწრაფოდ უნდა დავამუშაოთ დაზარალებული მეანაბრეებისათვის ზარალის ანაზღაურების გაცილებით უკეთესი პროგრამა, რასაც დღეს რუსეთი სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ. საბედნიეროდ, ასეთი პროგრამაც, კერძოდ, "სახელმწიფოს მიერ მეანაბრეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროგრამა" დამუშავებულ-დაპატენტებული აქვს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციას.

    რუსეთის მიერ გაცხადებულმა ანაბრების განაღდების მზაკვრულმა პროგრამამ ოკუპირებული თუ არაოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებლებს რომ არ გადააწყვეტინოს, საქართველოს მოქალაქეობის ნაცვლად, რუსეთის მოქალაქეობის მიღება, საჭიროა სწრაფი მოქმედება. უნდა დამთავრდეს 3 წლის წინ პრემიერ-მინისტრის კანცელარიასა და პარლამენტში განსახილველად ოფიციალურად შეტანილი ჩვენი კონცეფცია-პროგრამის მოსმენა. მისი ძალაში შესვლა დაასრულებს ნოღაიდელ-ხადურის მემკვიდრეობასაც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    თამაზ ბაქრაძე   (22.02.2018)
    იმის გამო, რომ არავინ ყურს არ იბერტყავს სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული 1,2 მილიარდი ლარის 200 მილიონი მეანაბრისთვის შესაბამისი კურსით დაბრუნებაზე, იმის გამოც, რომ კონსტიტუციიდან არ ამოიღეს 94–ე მუხლის აბსურდული მე–4 და მე–5 პუნქტები, რაც შეუძლებელს ხდის პროგრესული გადასახადების შემოღებას ქვეყანაში, რითაც პატარა ფინანსური შვება მიეცემოდა მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენებს, და ა.შ. და ა.შ.(ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), ბოლო 5 თვეში 2304 საქართველოს მოქალაქე გაიქცა ქვეყნიდან და მიმართა გერმანიის მთავრობას თავშესაფრის მიღების თაობაზე. იქნებ მოხდეს სასწაული და ახალმა ფინანსთა მინისტრმა ბ–მა ბახტაძემ გამოიჩინოს პრინციპულობა და გაატაროს ღონისძიებები ხალხის მასების სასარგებლოდ "ქართული ოცნების" ადრინდელი რეიტინგის თანდათანობით აღსადგენად. ღმერთმა ქნას!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved