სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    12.04.2018

    ნარკოლიბერალიზაციის კანონპროექტმა, როგორც ტელე და საგაზეთო სივრცეებში მისმა განხილვამ აჩვენა, ორ ნაწილად გაყო საზოგადოება. ტელევიზიებმა იმდენი მოახერხეს, რომ ნარკოლიბერალიზაციის კანონის შემოთავაზებული პროექტის მოწინააღმდეგენი, ფაქტობრივად, გააქრეს ეკრანებიდან.

    შემოთავაზებულ პროექტს ბევრი ნაკლოვანება აქვს, მეტიც, მისი წარმოდგენილი სახით მიღება დაღუპავს მომავალს. რატომ ვფიქრობ ასე, ვეცდები, მოკლედ მოგახსენოთ კანონპროექტიდან ციტირებული ორიოდე მაგალითით.

    კანონპროექტს დანართის სახით ახლავს სიები და ცხრილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ. მოკლედ შევეხები მხოლოდ მარიხუანასა და კოკაინის შესახებ ინფორმაციას. სხვა ნივთიერებათა სრული ჩამონათვალი დაინტერებულ პირებს შეუძლიათ, წაიკითხონ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ვებ-გვერდზე.

    ჩემდა სამწუხაროდ, პროექტის ავტორთა შორისაა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი აკაკი ზოიძე. ორმაგად სამწუხაროა, რომ ბატონი აკაკი, თუ არ ვცდები, სამედიცინო განათლების დიპლომს ფლობს. კანონპროექტის აქტიური მომხრეები ტელეეკრანზე ყოველი გამოჩენისას აპელირებენ "მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნებით" და ევროპის გაერთიანების ქვეყნების ლიბერალური კანონებით. ორივე მტკიცებულება სიცრუეა.

    მეცნიერულად დასაბუთებული რომელი დასკვნები აქვთ მხედველობაში, არ ამბობენ, არ მიუთითებენ სამეცნიერო წყაროებს. ნარკოლოგებმა და მედიკოსებმა ჩემზე მეტი იციან ამ სფეროში. არც მათ აზრებსა და შეხედულებებს უთმობენ ეკრანს, იშვიათი გამონაკლისების გარდა.

    უნდა შევნიშნო, რომ მთელი კანონპროექტი უწიგნურად, გაუგებარი ქართული ენითაა დაწერილი. როგორც ჩანს, ვერ მივაღწევთ, პროექტები რომ ქართული ენის სპეციალისტებს გაასწორებინონ გამოქვეყნებამდე. ნარკოპროექტის დანართ ცხრილში, 91-ე ნომრის აღწერაში ვკითხულობთ: მარიხუანა გამომშრალი: მცირე ოდენობა - 10, დიდი - 140, განსაკ. დიდი - 500 გრ. ნედლი: მცირე - 20, დიდი - 280, განსაკ. დიდი - 1000 გრ.

    ცხრილის ბოლოს, შენიშვნებში ახსნილია: "ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება მცირე ოდენობად; ბ) მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად; გ) მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; დ) მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად."

    ცხრილიდან ვიგებთ, რომ 9.9 გრამი მარიხუანა შეგიძლიათ თავისუფლად ჩაიდოთ ჯიბეში, გამოიყენოთ, გაყიდოთ... მოკლედ, რაც გინდათ ისა ჰქენით, ოღონდ მარიხუანას რაოდენობა ათ გრამზე ნაკლები იყოს. ჯიბეში, ან ჩანთაში 10-დან 140 გრამამდე გამომშრალი მარიხუანაც არაა სახიფათო.

    აი, რას გვეუბნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის 260-ე მუხლი. "მუხლი 260: სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პირველ და მეორე სიებში შემავალი ნივთიერების მცირე ოდენობით გასაღება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ოთხას საათამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე." 139 გრამი მარიხუანა შეგიძლიათ გაყიდოთ, ამისთვის დაგსჯიან ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, მაქსიმუმ, 400 საათამდე. არაა გამორიცხული, სამ წლამდე ციხეც მოგცენ.

    ნარკობარიგა სულელი უნდა იყოს, 139 გრამი ან ნახევარი კილო მარიხუანა დაიდოს დახლზე და ისე ივაჭროს კლიენტებთან. მშვენიერი გამოსავალი უკარნახეს ნარკოლიბერატორებმა. აიღებს 9.9 გრამ გამომშრალ მარიხუანას (ან 19.9 გრამს, თუ ნედლია), დაილაგებს დახლზე დაფასოებულებს და გაყიდის. მალე გაასაღებს ალბათ. მერე სახლიდან (ან "სათავო ოფისიდან") გამოიტანს მეორე 9.9 გრამს და გააგრძელებს ვაჭრობას.

    თუ საქმეში ახლობლებსაც ჩართავს (შიც! სამუშაო ადგილებსაც შექმნის!), ციკლურ პროცესსაც კი ააწყობს. ერთი კაცი 9 გრამს გაასაღებს უხიფათოდ, ორი კაცი 19 გრამს გაასაღებს. მათ გასაგონად, ვინც ნარკოგასაღებაზე დასჯას იშველიებს, უნდა ვთქვა - სამართალდამცავ ორგანოებს უჭირთ, გასაღება დაუმტკიცონ იმ პირს, რომელიც ნარკოტიკს აწვდის სხვას.

    ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები, ნუ დავიწყებთ საწინააღმდეგოს მტკიცებას! წარმოგიდგენიათ, რამდენი ენერგია და ფინანსები იხარჯება ერთი, ყველაზე დაბალი რანგის ნარკოგამსაღებლის დაკავებაზე?!... ამიტომ ვთქვი ზემოთ, ერთი კაცი 9.9 გრამ მარიხუანას თავისთვის უხიფათოდ გაყიდის (იმედია, დახლზე ვაჭრობის ირონიას მიმიხვდით). როგორი პერსპექტივაა?!... პოლიცია გაუბედავს რამეს, თუ?!...

    მაგალითისთვის აღვნიშნავ, რომ პორტუგალიაში დღიური დოზაა მცენარე კანაფის 2.5 გრ (და არა მარიხუანა!!!) ესტონელების აზრით, შვიდგრამნახევარი მარიხუანა საკმარისია 10 პირის ინტოქსიკაციისთვის. ზემოთ აღნიშნული პოტენციური ნარკობარიგა დღისით-მზისით 12 დოზაზე მეტს გაყიდის უხიფათოდ და დაუსჯელად. შოკის მომგვრელია ციფრები!... მინდა, კანონპროექტის ავტორებს ვკითხო - საქართველო პორტუგალიაზე 4-ჯერ უფრო დემოკრატიულია? თუ ლატვიაზეა ორჯერ უფრო დემოკრატიული? თუ სამჯერ უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ბელგია?

    9.9 გრამი კოკაინის აღმოჩენისას გამსაღებელი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ოთხას საათამდე!!!... ვიმეორებ! საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ოთხას საათამდე!!! როგორი სტიმულირებაა ნარკოგამსაღებელთათვის?!... ჩვენი ეკონომიკის მიმართულებებით თუ უკეთეს ხელშეწყობას დამისახელებთ, სახალხოდ ვიტყვი, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის არნახულ აყვავებას, რომ ნარკომანებს მადა ეხსნებათ, მეტს შეჭამენ და მეტს გადაიხდიან!... მერე კი დავმუნჯდები... პირობას გაძლევთ, დავმუნჯდები. ოღონდ დამისახელეთ!

    ერთ ფაქტს მოვიტან (სახელს და სკოლას არ დავასახელებ. ამას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და მხოლოდ მოსამართლის წინ ვიტყვი): ერთ-ერთი საშუალო სკოლის მასწავლებელი, ახალგაზრდა კაცი, თითებს იჭამდა, როცა ამ ფრაზას მეუბნებოდა: გამოსაშვები კლასის მოსწავლეები მასწავლებლების დასანახად ეწევიანო მარიხუანას. რამდენიმე ისეთი მოსწავლეც ეწევა, ვისაც სიგარეტი არ მოუწევიაო. მე დამთრგუნა ამ ფაქტმა. მე არ მინდა "დაჩმორებული" მასწავლებელი, "დაჩმორებული" პოლიცია და "დაჩმორებული" წესრიგის დამცველი სტრუქტურები! თქვენ?!... გინდათ?

    აუცილებლად საჭიროებენ სახელმწიფოსგან დახმარებას. როგორი და რა სახის უნდა იყოს დახმარება, მე არ ვიცი. კარგად არ ვიცი. რაც ვიცი, ესაა - სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ნარკომანებს ახალი თაობიდან რაც შეიძლება მინიმალური რაოდენობა შეემატოს. ვერ მოსპობს ნარკომანიას, გულუბრყვილობა იქნება ამაზე ოცნება. მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს დასაღუპად განწირული ახალგაზრდების რაოდენობა, ამას კი წარმოდგენილი კანონპროექტით ვერ მიაღწევს. ამ კანონით, თუ ამ სახით მიიღეს, პირიქით, გაზრდის დასაღუპად განწირულ ახალგაზრდათა რაოდენობას. ჩემს ქვეყანას დასაღუპი ახალგაზრდები არ ჰყავს.

    ერთ სურვილსაც გამოვთქვამდი, თუ უხეშ გადახვევად არ მოგეჩვენებათ. არსადაა, ან მე ვერ წავაწყდი მუხლს ნარკოგამსაღებლების ქონებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. განვმარტავ - ნარკოგამსაღებელს, როგორც წესი, პირველი, მეორე ან მეათე გასაღებისას ვერ იჭერს პოლიცია. უნდა ვაღიაროთ, ნარკოგამყიდველები შიმშილს და უსახსრობას არ უჩივიან. მათი ქონების თვლა არც ჩემი საქმეა და არც კორექტული ჩემი მხრიდან. ქონება რომ ბინძური გზით, ჩვენი ახალგაზრდების განადგურების ფასად დააგროვეს, უეჭვოა. ლოგიკურია, ნარკოგამსაღებლებს ქონებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისროთ კონფისკაციის სახით, სახსრები კი ნარკოდამოკიდებულთა დახმარებისა და მკურნალობის ფონდში მიმართოს სახელმწიფომ.

    ვერ დავმალავ, მათზე არანაკლებ მეცოდებიან მათი ოჯახის წევრები - დედები, მამები, მეუღლეები... მე არ მინდა, მომავალში კიდევ იხილოს ვინმემ აუტანლად ტკივილიანი სურათი - ახალგაზრდა ბიჭის საფლავზე დამხობილი 50-იოდე წლის მამა, რომელიც უმწეობისგან ვერაფერს აკეთებს, გარდა ერთისა - შვილის საფლავის მიწას ჭამს... აცილოს ღმერთმა ჩემს ქვეყანას ასეთი საფლავები! შარშანდელი ჯემფესტის ამბებისგან, მინდა, მყარად ვიყოთ დაზღვეულნი. იმედია, თქვენც გახსოვთ, ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი დაგვპირდა, გამოძიების შედეგებს გავაცნობო ფართო საზოგადოებას.

    მე, შესაძლებელია, გამომრჩა, ვერსად ვნახე ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ. ბატონ მინისტრს ვთხოვ, შეასრულოს დანაპირები. პირები, რომლებიც ამ ღონისძიების ორგანიზაცია მოაწყვეს, მშვენივრად გრძნობენ თავს და, რამდენადაც ვიცი, სინდისის ქენჯნასაც კი არ განიცდიან, ბიუჯეტის ხარჯზე ნარკობაზარი რომ მოაწყვეს. სიცოცხლე იმსხვერპლეს და რომ არა ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი, კიდევ რამდენ სიცოცხლეს დაღუპავდნენ, არავინ იცის.

    სწორედ ამიტომ ვთხოვ ბატონ გიორგის, გაგვაცნოს ჯემფესტზე, არ შემეშინდება, ვთქვა, გაჩაღებული ნარკობაზრობის გამოძიების შედეგები. უნდა გაგვაცნოს, რადგან მე მინდა პოლიცია, რომლის დანახვას სიმშვიდე მოაქვს, ჩვენი შვილების, ჩვენი მოქალაქეების დაცულობით გამოწვეული სიმშვიდე.

    სოლომონ ნერგაძე

    პავიას უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის

    ასისტენტ-პროფესორი (პავია, იტალია)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved