სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    26.04.2018

    ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქართული სახელმწიფოს წინაშე დღეს არსებულ მრავალ გამოწვევას შორის უმთავრესი მიწის საკითხის გადაწყვეტაა. მიწის საკითხი ყველაზე არსებითად არის დაკავშირებული ქვეყნის ბედთან, რადგან ტერიტორიული იდენტობა ეროვნული თვითცნობიერების ნიადაგია, ხოლო მისი შენარჩუნება წარმოუდგენელია მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის მოწესრიგებულობის გარეშე!

    ქართული ტრადიციული სამართალი უწინარესად მიწის საკითხს აგვარებდა. მიწაზე კერძო და საზოგადოებრივი, ე.ი. სათემო საკუთრება მიწათმფლობელობის ქართული წესის ამოსავალი პრინციპი იყო. საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილად იმიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ისტორიულად არსებული მიწათმფლობელობის ქართული წესი ტიპოლოგიურად სწორედ რომ ევროპულია.

    სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ ქართული სამართლის უგულებელყოფა და მიწათმფლობელობის ქართული წესის მოსპობა განაპირობა. რუსეთის იმპერიის პირობებში საფრთხე მთლიანად ქართველთა ეროვნულ იდენტობას დაემუქრა.

    მიწის, როგორც არა მხოლოდ ნივთის, არა ოდენ საკუთრების ობიექტის, არამედ როგორც ქართველთა ტერიტორიული იდენტობის (საერთო მამულის) დაცვა, ენისა და სარწმუნოების დაცვასთან ერთად, დიდი ილიას მიერ დარაზმული ეროვნული მოძრაობის მთავარი გეზი და ძირითადი სამოქმედო პროგრამა იყო.

    საუბედუროდ, საბჭოთა იმპერიამ ერსაც და ქართულ თემსაც ნიადაგი გამოაცალა, როდესაც, კერძო საკუთრებასთან ერთად, საერთოდაც მოსპო სათემო საკუთრებაც, ხოლო ქართული მიწა საბჭოეთის საერთო-სახალხო საკუთრებად გამოაცხადა!

    ღვთის მადლით, საქართველომ სახელმწიფოებრიობა მე-20 საუკუნის მიწურულს კვლავ დაიბრუნა, რითიც შეიქმნა ის მთავარი პირობა, რომ თანამედროვე, რაციონალურად მოწყობილ ქართულ სახელმწიფოში მიწათმფლობელობის ქართული წესი ახალ ვითარებაში შეისხამდა ხორცს.

    სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველომ დღემდე ვერ მოაგვარა, სწორედ მიწის საკითხია. მართალია, 90-იანი წლების დასაწყისში აგრარული რეფორმის გასატარებლად პირველი ნაბიჯები გადაიდგა, როცა სასოფლო მიწა მის ნამდვილ პატრონებს, ქართველ გლეხებს საკუთრებაში დაუბრუნდათ, მაგრამ ამ რეფორმას განვითარება არ მოჰყოლია: მიწის ფონდის უდიდეს ნაწილს, რომელიც საბჭოთა ოკუპაციისას აბსტრაქტული საერთო-სახალხო საკუთრება იყო, ჯეროვანი პატრონი დღემდე არ ჰყავს. იგი აღურიცხავი, დაურეგისტრირებელი და იურიდიულადაც უპატრონოა!

    უკანასკნელი მიწის ბალანსის მიხედვით, რომელიც 2004 წლის შემდგომ საერთოდ აღარც იწარმოება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეადგენდა 3025,8 ათას ჰექტარს, მათ შორის, სახნავი - 802,1 ათას ჰექტარს, მრავაწლიანი ნარგავები - 263,5 ათას ჰექტარს, სათიბი - 143,5 ათას ჰექტარს და საძოვარი - 1796,6 ათას ჰექტარს. საჯარო რეესტრის დღევანდელი მონაცემებით კი, რეგისტრირებულია მხოლოდ 1070, 5 ათასი ჰა სასოფლო მიწა. ამ დარეგისტრირებული მიწიდან სახელმწიფო საკუთრებაშია 380,4 ათასი ჰა. როგორც ვხედავთ, ყველაზე ძვირფასი საუნჯის უდიდესი ნაწილი - არსებული მონაცემებით, 1955,3 ათასი ჰა მიწა, ანუ სასოფლო მიწის მთლიანი ფონდის 65% იურიდიულად უპატრონოა!

    საერთოდ მოუწესრიგებელი და აღურიცხავია მიწათსარგებლობა! დღეს არავინ უწყის, რეალურად რა მდგომარეობაშია საქართველოს მიწის ფონდი; რისი პატრონები ვართ - რამდენი გვაქვს სახნავ-სათესი, საძოვარი და სათიბი, ბაღი, ვენახი, ბოსტანი, ტყე, წყლის ფონდის მიწა, სამრეწველო დანიშნულების, რეკრეაციის და ა.შ. მიწები. აღარაფერს ვამბობთ მიწათმოწყობაზე, რომელიც სსრკ-ის დაშლის მერე, ფაქტობრივად, საერთოდ მოიშალა.

    განსაკუთრებით გულსატკენია, რომ, ყველაფერთან ერთად, ასევე კატასტროფულ მგომარეობაშია მიწის სამართალიც! დღეს მოქმედ უაღრესად ფრაგმენტულ და წინააღმდეგობრივ კანონმდებლობაში საერთოდაც არ არსებობს საზოგადო, მწყობრი და ერთიანი სამართლებრივი პრინციპები.

    მიწათსარგებლობის სამართლებრივ მოუწესრიგებლობაზე ნათლად მეტყველებს თუნდაც "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონი. იგი სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრე სუბიექტს, მხოლოდ კერძო საკუთრების ჩამორთმევასა და მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებით გაკვრით მოიხსენიებს; არადა, მიწის ყველაზე მსხვილი მესაკუთრე, ცხადია, დღეს სწორედ სახელმწიფოა!

    მართალია, კანონი "სახელმწიფო ქონების შესახებ" სახელმწიფოს მიიჩნევს სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრედ, მაგრამ ეს კანონი ზოგადადაც არა სახელმწიფო ქონებით სარგებლობას, მისი გამოყენების, მართვისა და დაცვის ჯეროვან რეჟიმს, არამედ ოდენ სახელმწიფო ქონების განკარგვას, მის პრივატიზებას ანდაც სარგებლობის უფლებით გადაცემას აწესრიგებს! ასეთი "გამყიდველური" დამოკიდებულების (რაც წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა) გამო იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს მიწის პატრონობა ოდენ მის გასაყიდად თუ გაახსენდება! სწორედ ამიტომაც დღემდე სრულიად უსისტემო და ქაოსური ხასიათი აქვს სახელმწიფოს მიერ მიწის გასხვისების პროცესს. შედეგად ტარდება "პრივატიზება პრივატიზებისათვის" და არა ეკონომიკური ეფექტიანობის, სოციალური მიზანშეწონილობის ანდა სხვა არსებითი საზოგადოებრივი სიკეთის მისაღებად. სახელმწიფოს დაკარგული აქვს ძირითადი ფუნქცია - კონტროლი მიწათსარგებლობაზე.

    უარესი კურიოზია, რომ არც "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონით, არც დღეს მოქმედი ტყისა და წყლის კოდექსებით მუნიციპალიტეტი საერთოდაც არ მოიხსენიება, როგორც მესაკუთრე სუბიექტი (?!).

    სავალალოა, რომ მსგავსი კურიოზებით ძალზე "მდიდარია" ჩვენი კანონმდებლობა. თუნდაც მარტო "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" ის ნორმა რად ღირს (იხ. ამ კოდექსის 107-ე მუხლის მე-4 ნაწ.), რომლის თანახმადაც, მიწაზე საკუთრების უფლება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტს შორის "შეჯიბრზე" ხდება დამოკიდებული: თურმე უპატრონო მიწა იმისი იქნება, ვინც მის რეგისტრაციას დაასწრებს, ზუსტად ისე, როგორც ეს "ველურ დასავლეთში", ამერიკის კოლონიზების დროს ხდებოდა!

    მიწათსარგებლობის მოუწესრიგებლობის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოვლინებაა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქართულ თემს უმთავრესი უფლებები არ დაბრუნებია - იგი მესაკუთრე სამართალ-სუბიექტი დღემდე არ არის! სათემო ქონებას მოკლებული სოფელი უკვე ქართული სოფელი კი არა, არამედ ბედისწერას მინებებული დასახლებაა, სადაც საბჭოთა დროიდან დღემდე მიწაწართმეული, ე.ი. ხიზნებად ქცეული მოსახლეობა სახლობს და არა მკვიდრი თემი! სანამ თემი არ გახდება სათემო ქონების მესაკუთრე სამართალსუბიექტი, ძნელად სავარაუდოა, რომ მიწაზე საზოგადო საკუთრებამ კონკრეტული იურიდიული შინაარსი და, მაშასადამე, მიწამაც ჯეროვანი პატრონი დაიბრუნოს!

    დასასრული

    სასწრაფოდ უნდა დაიგეგმოს და დროის დაუკარგავად განხორციელდეს ფუნდამენტური აგრარული რეფორმა! ამ რეფორმამ ერთხელ და სამუდამოდ პრინციპულად უნდა გადაწყვიტოს მიწის საკითხი. ამისათვის კი აუცილებელია:

    1. მიწის რეფორმის ძირითადი მიზნების განსაზღვრა:

    ა) მიწაზე უფლებების რეგისტრაციის პროცესის მოწესრიგება და გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებითა და ხარჯით მიწაზე უფლებების პირველადი რეგისტრაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება;

    ბ) გარდამავალ პერიოდში ნორმატიული და ინსტიტუციური ბაზის შექმნა, ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა, რათა ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მიწათსარგებლობის კადასტრის წარმოება;

    გ) ქვეყნის სივრიცითი მოწყობის სქემაზე მუშაობის დასრულება და პირობების შექმნა, რათა სწრაფად მომზადდეს და მიღებულ იქნეს ქვეყნის რეგიონების, მუნიციპალიტეტებისა და მსხვილი დასახლებების სივრცითი მოწყობის კანონით განსაზღვრული დოკუმენტები, უწინარესად მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები;

    დ) მიწაზე საკუთრების დეცენტრალიზაცია - ნორმატიული და ინსტიტუციური საფუძვლების მომზადება, რათა ის მიწა, რომელსაც არ იყენებს სახელმწიფო და არ არის საჭირო რომელიმე სახელმწიფო კომპეტენციის განსახორციელებლად, უსისტემოდ და ქაოსურად კი აღარ გაიყიდოს, არამედ შესაბამის მუნიციპალიტეტებს გადაეცეთ და მათ საკუთრებად უსასყიდლოდ დარეგისტრირდეს;

    ე) მიწაზე სათემო მფლობელობის აღდგენა - ნორმატიული, ინსტიტუციური და ტექნიკური საფუძვლების მომზადება, რათა დასახლებებში (დასახლებათა უბნებშიც) ადგილობრივი თემი ჩამოყალიბდეს, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი - მესაკუთრეთა ამხანაგობა, რომელსაც მუდმივ მფლობელობაში და უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული არაპრივატიზებული მიწა;

    ვ) მიწის პრივატიზების მოწესრიგება - ნორმატიული საფუძვლების მომზადება, რომლითაც რეალურ შინაარსს შეიძენს ჯერ კიდევ 1921 წ. ქართული კონსტიტუციის 116-ე მუხლის ის პრინციპი, რომ "მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე"; ამ პრინციპიდან გამომდინარე, კანონმდებლობით მკაფიოდ განისაზღვრება წესები და პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მიწის შემძენი; კერძოდ, დადგინდება სათემო მფლობელობაში მოქცეული მიწის პრივატიზების ისეთი წესიც, როდესაც პრივატიზება დაიშვება მხოლოდ თემის თანხმობით და იმ პირობით, რომ კონკრეტული საზოგადოებრივი სარგებელი პრივატიზებიდან სწორედ თემმა უნდა მიიღოს; გარდა ამისა, მიწის პრივატიზებისას შემძენისათვის სავალდებულო უნდა გახდეს მიწათმოწყობისა და ტერიტორიის განვითარების გეგმების წარდგენა.

    2. ზემოთ მოცემული მიზნების შესაბამისად, ფუნდამენტური აგრარული რეფორმისათვის საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნა; აუცილებელია მოკლე დროში მიწის კოდექსის მიღება.

    3. ფუნდამენტური აგრარული რეფორმის გასატარებლად მიწის რეფორმის სახელმწიფო კომისიის შექმნა; კომისია უნდა შეიქმნას პრემიერ-მინისტრთან. მან უნდა შეიმუშაოს ფუნდამენტური აგრარული რეფორმის გატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ძირითადი პოლიტიკური და მმართველობითი გადაწყვეტილებების პროექტები, უზრუნველყოს რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთო-ეროვნული კონსენსუსის მიღწეევა, რეფორმის სწორად დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;

    4. არა მხოლოდ მიწათმფლობელობის ("საჯარო რეესტრი"), არამედ მიწათსარგებლობის (მიწათსარგებლობის კადასტრი) აღრიცხვიანობის სასწრაფოდ მოწესრიგება. ამისათვის აუცილებელია ნორმატიული და ინსტიტუციური საფუძვლების მომზადება, რათა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი "მიწის რესურსების მართვის, მიწათსარგებლობის მონიტორინგისა და ტერიტორიული განვითარების ეროვნული სააგენტო".

    დრო არ ითმენს. მიწის საკითხის გადაწყვეტა, მამულის ჯეროვანი პატრონობა, მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ქართული წესით მოწესრიგება ჩვენი თაობის უწინარესი ვალდებულებაა ერთმანეთის, წინაპრებისა და შთამომავლობის წინაშე!

    პროფესორები: პაატა კოღუაშვილი, დავით ზარდიაშვილი, ანზორ მესხიშვილი, ჯუმბერ ფანჩულიძე, პაატა ჭიპაშვილი, მიხეილ ჯიბუტი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved