სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    18.10.2018

    რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი

    აღსანიშნია, რომ საქართველოს ნავთობის ბაზარზე ფასების ზრდა ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებისაა, ეს კი საქართველოს ეკონომიკისათვის "ძირითად რისკად" შეიძლება იქცეს და სოციალური უთანასწორობის ზრდის პროვოცირება გამოიწვიოს.

    ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს ნავთობის ბაზარზე ფასების ზრდას გლობალური და ლოკალური ფაქტორები განაპირობებს. გლობალური ფაქტორებიდან აღსანიშნავია მსოფლიო ბაზარზე ფასების მატება, რაც გამოწვეული იქნა: აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობის ზრდით, ირანის ნავთობის ნაკადების შემცირებით (სანქციების გამო), ტრეიდერების მიერ ფასის აწევით (არაპროგნოზირებადი გარემოს, საფრთხეებისა და სხვა რისკების გამო), ფასების ზრდაზე ფინანსური ბაზრის პოზიციონირებით, სავალუტო კურსის ცვალებადობით, უსაფრთხოების დიდი პრემიით (უსაფრთხოებას სარგებელი მოაქვს ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეებისათვის).

    ხაზგასამელია, რომ 2014 წლის შემდგომ (ამ პერიოდში ნავთობის ფასმა 115 დოლარს მიაღწია), ყოველწლიურად ფასების შემცირებით მწარმოებლიდან მომხმარებლამდე 1.5 ტრლნ დოლარის მოცულობის სიმდიდრის მასობრივი გადასვლა მოხდა. ამიტომ ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის ზრდა გლობალური შეშფოთების საკითხად იქცა, რადგან პროცესს საპირისპირო მოცემულობა აქვს.

    კვლევები ადასტურებს, რომ ფასები არასტაბილურია მსოფლიო ეკონომიკისა და მოთხოვნის გაურკვევლობის გამო. არ გვაქვს იმედისმომცემი პოლიტიკური სიახლეებიც. გამოწვევად იქცა ირანისა და ვენესუელის მიწოდების შემცირების კომპენსირება. გასათვალისწინებელია ნავთობზე ფასის ზრდის შემდგომ, 6 კვირის ინტერვალით გაზის ფასის ზრდის ფაქტორის მოსალოდნელობა.

    სამწუხაროდ, საქართველოში, რომელიც 3 მლრდ ლარის საწვავ-საცხები მასალების იმპორტს ახორციელებს (2017 წელს), ცუდ დროს მოხდა ფასების კორექტირება, ეს კი ძვირად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოებრივ საქმიანობაზე.

    უნდა აღინიშნოს, რომ ყოველგვარი გაძვირება ხალხისათვის დიდ პრობლემებს ქმნის და გამოსავალს ისინი პოლიტიკაში ხედავენ. რა თქმა უნდა, ამ რესურსით მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასწარმოქმნის პოლიტიკაზე გავლენას ვერ ვიქონიებთ, მაგრამ ადგილობრივ ბაზრზე შესაძლებელია სტრატეგიული რეზერვების შექმნა, წყაროების დივერსიფიცირება, მოგების მარჟის განსაზღვრა, სახელმწიფოს საგადასახადო განაკვეთების კორექტირება, ადმინისტრირებისა და კომპენსირების ღონისძიებების გატარება.

    პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საწვავის ფასი უნდა იყოს სტაბილური განსაზღვრულ დიაპაზონში იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებას. ქართული ნავთობის ბაზარზე ფასწარმოქმნის პოლიტიკას კანონი უნდა არეგულირებდეს, პოლიტიკური გარემო და მმართველობა აანალიზებდეს, ოღონდ პრობლემების გადაჭრის გზების დასახვით.

    დღეს, ნავთობის ბაზარი საჭიროებს პოლიტიკურ და სტრატეგიულ მიდგომებს ბაზრის, ფასებისა და მონაწილეების დივერსიფიცირებისათვის. ამისათვის გვჭირდება რესურსი, რომელიც, ხელისუფლებაზე "ჩამოკიდების" ნაცვლად, ქმედითად ჩაერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში.

    დაბოლოს, სტატიას დავასრულებ საერთაშორისო ენერგეტიკის ხელმძღვანელის სიტყვებით: "ახლა დადგა დრო ყველა მოთამაშისათვის, განსაკუთრებით - მწარმოებლებისა და ნავთობის იმპორტიორებისათვის, განიხილონ სიტუცია და ბაზრის დაწყნარებისათვის გადადგან სწორი ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვერავისთვის სარგებელს ვერ ვხედავ".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved