სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    13.12.2018

    ანზორ საკანდელიძე, თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

    "ქართული ოცნებისათვის" ამ თავსატეხ კითხვას მალე უნდა გაეცეს პასუხი, რადგან უკვე 15 დეკემბერს იწყება და წლის ბოლოსათვის უნდა დამთავრდეს ამ 1,5-მილიარდიანი ლარის დახმარების მომხმარებელი 600-ათასიანი საბანკო მევალეების სია. ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ეკონომიკურ გუნდს ამ პრობლემის გადასაჭრელად ვთავაზობთ საგადასახადო რეფორმებთან დაკავშირებულ, ისედაც დიდი ხანია, მომწიფებულ და ერთად თუ ცალ-ცალკე აუცილებლად გასატარებელ 2 რადიკალურ ცვლილებას, რომელთა შესახებ პრესაში გამოქვეყნებული გვაქვს ათეულობით სტატია და ინტერვიუ. ეს ცვლილებებია: პროგრესული საგადასახადო შემოსავლების აღდგენა და მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გაუქმება.

    დავიწყოთ პირველი ცვლილებით, რომლის გატარების გარეშე ჩვენ ევროკავშირში არასდროს მიგვიღებენ, რადგან უკლებლივ ყველა ქვეყანაში მოქმედებს მხოლოდ პროგრესული საშემოსავლო გადასახადი, რომლის პროცენტული განაკვეთები ფიზიკური პირის შემოსავლების ზრდასთან ერთად იზრდება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დიაპაზონში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში - 0-50%, შვედეთში - 0-56%, ნიდერლანდებში - 0-52%, პორტუგალიაში - 0-43%, საფრანგეთში - 10,5-75%, გერმანიაში - 14-45%, ესპანეთში - 24-43%, იტალიაში - 23-43%, დანიაში - 38-59%, ბელგიაში - 25-50%, ავსტრიაში - 21-59%, ნორვეგიაში - 28-51%, ირლანდიაში - 20-41%. ასევეა თითქმის მთელ მსოფლიოშიც, მაგალითად, აშშ-ში - 10-35%, იაპონიაში - 5-40%, ჩინეთში - 15-56%, ისრაელში - 10-47%, სინგაპურში - 3,5-20%.

    აქედან გამომდინარე, ზურაბ ნოღაიდელის მიერ 2004 წელს მიღებული და საერთოდ, მდიდრების კასტაზე მორგებული, სოციალური სოლიდარობისა და შემოსავლების სამართლიანი გადანაწილების ძირითადი ფუნქციებისაგან გათავისუფლებული და საქართველოში დღემდე მოქმედი 20%-იანი პროპორციული საშემოსავლო გადასახადი სრული ანომალიაა ევროატლანტიკურ და მსოფლიო საგადასახადო კანონმდებლობაში.

    ეს არის ჩვენი მოსახლეობის 97%-ის უბედურების ხარჯზე მოსახლეობის 3%-ის ბედნიერება, რომელიც მუდმივადაა დაკანონებული, რადგან საქართველოში მოქმედი კანონით გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის გარეშე აკრძალულია. ეს იმ დონის უსასრულო სიბრიყვეა, რომელმაც გენიალურ აინშტაინს ათქმევინა: "უსასრულოა მხოლოდ სამყარო და სიბრიყვე!"

    დღეს "ქართულ ოცნებას" პარლამენტში ჰყავს საკონსტუტიციო უმრავლესობა, აქვს ყველა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბერკეტი, სწრაფად დაასრულოს ეს სიბრიყვე და აღადგინოს მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით გამოცდილი, ევროატლანტიკური ტიპის პროგრესული საშემოსავლო გადასახადი იმ დიაპაზონში, რომელიც, ძირითადად, მოაგვარებს ბიუჯეტში 1,5 მილიარდი ლარის დამატებითი მობილიზების პრობლემას. რაც დააკლდება, შეიძლება, შეივსოს ჩვენი მეორე ცვლილების შედეგად ბიუჯეტში დამატებით მობილიზებული მოსალოდნელი 500 მილიონი ლარის შემოსავლებით.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ცვლილებაა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის უაზროდ დაწყებული რეფორმის გაუქმება. უაზროდ იმიტომ, რომ წინასწარ არავის არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია, 1999 წელს ესტონეთში პრემიერ-მინისტრ მარტ ლაარის მიერ დაწყებული ეს მართლაც წარმატებული რეფორმები ეხებოდა მცირე სამრეწველო საწარმოების ფორსირებულ აღორძინება-აყვავებასა და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. ეს ამოცანები მარტ ლაარმა ბრწყინვალედ გადაწყვიტა და მისმა რეფორმებმაც მსოფლიოში გაითქვა სახელი.

    ბედის ირონია იყო, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მარტ ლაარი მოიწვია თავის ეკონომიკურ მრჩევლად იმ საქართველოში, სადაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე მიზანმიმართულად გაშმაგებით ანადგურებდნენ სწორედ მარტ ლაარის რეფორმების მთავარ ორიენტირს, მცირე სამრეწველო საწარმოებს, რაც საბოლოოდ 2006 წელს დასრულდა, 1999 წელს მიღებული "მცირე საწარმოთა მხარდაჭერის" ერთადერთი კანონის გაუქმებითა და ქართული მცირე სამრეწველო მეწარმეობის დასამარებით!

    ცხადია, ასეთ საქართველოში მარტ ლაარი ვერაფერს გააკეთებდა და მან მალე თქვა უარი პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩევლობაზე. სხვათა შორის, 2018 წლის 30 ნოემბერს "ტვ-პირველის" სატელევიზიო არხზე გამოსვლისას საქართველოში ესტონეთის დღევანდელმა ქალბატონმა ელჩმა თავის ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთში 1999 წელს დაწყებულმა მოგების გადასახადის ესტონურმა მოდელმა ყველაზე დიდი წარმატებები მოუტანა მცირე და საშუალო სამრეწველო საწარმოებს.

    საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში ყველამ ბრმად რომ დაუჭირა მხარი კვირიკაშვილის წინასწარ განწირულ მოგების გადასახადის ესტონურ მოდელს, ერთ ვინმეს მაინც არ უნდა სცოდნოდა, რას ნიშნავს ეს მოდელი და მისი განხორციელებისათვის რა პირობები არსებობდა საქართველოში? ჩვენთან ხომ მცირე მეწარმეობის აბსოლუტური საკანონმდებლო ვაკუუმია და ყველა სამრეწველო საწარმო ერთნაირად იბეგრება? ეს ხომ ეკონომიკური ნონსენსია და ასეთი თანაბარი დაბეგვრის შემცველი საგადასახადო კოდექსი არ არსებობს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში!

    სწორედ ამიტომ გამოვაქვეყნეთ 2014 წლის 18 ივნისის გაზეთ "რეზონანსში" სტატია: "დღევანდელი საგადასახადო კოდექსის გამო "აწარმოე საქართველოში" დამთავრდება კრახით!" სამწუხაროდ, ჩვენი წინასწარმეტყველება გამართლდა და დღეს ამ სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული მცირე სამრეწველო საწარმოების 86% გაკოტრებულია. დანარჩენი 14%-ის ფაქტიური მფლობელები, ალბათ, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ჩრდილოვანი ეკონომიკის დახმარებით ახერხებენ ჯერ კიდევ არსებობას, მაგრამ როდემდე?

    აქედან გამომდინარე, "მცირე საწარმოთა მხარდაჭერის" კანონის აღდგენამდე მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დაწყება, ბიუჯეტიდან 500 მილიონი ლარის ამოღება, ამის საკომპენსაციოდ 500 მილიონი ლარით საწვავსა და სიგარეტებზე აქციზების გაუმართლებელი გაზრდით მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკება იყო უდიდესი შეცდომა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს!

    ცხადია, უნდა შეწყდეს კვირიკაშვილის დაწყებული ეს უაზრო რეფორმა, რომელიც გათვლილია არა მცირე საწარმოებზე, არამედ - კვირიკაშვილის მიერ მუდმივად ლობირებულ დიდ საწარმოებსა და მსხვილ მეწარმეებზე, ეს 500 მილიონი ლარი კი უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტს და ამ თანხით ყოველწლიურად უნდა დაფინანსდნენ ბანკების უკიდურესად გაღატაკებული მევალეები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×