სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    14.01.2019

     გიორგი თავაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი

    ვინ ჩააგდო მდიდარი ქვეყანა სიღარიბის მანკიერ წრეში?

    სამი ათწლეულის განმავლობაში სამი ხელისუფლების მიერ მოუგვარებელი ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით დაღლილ, იმედგაცრუებულ ქართულ საზოგადოებაში უკვე მერამდენედ გაჩენილმა "მესამე ძალის" მოთხოვნამ აშკარად გამოაჩინა საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში არსებული მსოფლმხედველობრივი კრიზისი.

    მოთხოვნაა არა "მესამე გზაზე", შესაძლო ახალ იდეოლოგიურ დოქტრინაზე, (განსხვავებულზე ლიბერალური და სოციალისტური მიდგომებისგან) რომელიც განვითარების ახალ, საიმედო გზაზე გაიყვანს ქვეყანას, არამედ ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე, რომელიც მოვა და რაღაც ჯადოსნური ქმედებებით 1-2 წელიწადში დაამარცხებს თომას ჰობსის მიერ "სახელმწიფოს საშინელ მტრად" შერაცხულ სიღარიბეს.

    როცა 30 წლის განმავლობაში სიღარიბის დონე არ იკლებს და 750 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ეროვნული სიმდიდრის მქონე ქვეყანაში მთლიანი შიგა პროდუქტი მხოლოდ 14,5 მილიარდი დოლარია, (ტერიტორიით ჩვენზე ორჯერ პატარა ბელგიაში 500 მილიარდი!), ეს ნიშნავს რომ ქვეყანა სიღარიბის მანკიერ წრეშია მოქცეული: მოსახლეობას არა აქვს საკმარისი რაოდენობის ფული - არ იყიდება და არ იწარმოება საკმარისი რაოდენობის საქონელი. არ იწარმოება საქონელი (იმიტომ, რომ არ იყიდება) - არაა სამუშაო ადგილები, დასაქმება და ფული, რაშიც დამნაშავე (ხელისუფლებებისა და ხალხის ოცდაათწლიან სისულელეებთან ერთად) ჩვენთან ჩამოყალიბებული, მდიდრების ინტერესებზე მორგებული ეკონომიკური სისტემაა (ე. წ. "მეწილეთა კაპიტალიზმი"), რის გამოც ადამიანთა უმრავლესობას სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვისა და საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების საშუალება არ ეძლევა.

    რატომ უნდა გაამდიდროს ხალხი სახელმწიფომ და აქციოს ისინი მესაკუთრეებად

    იშვიათი გამონაკლისების გარდა, კეთილდღეობის მაღალი დონე მაღალი დემოკრატიის ქვეყნებშია, რადგან მხოლოდ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების პირობებშია შესაძლებელი ხალხის წინაშე პასუხისმგებელი კომპეტენტური ხელისუფლების არჩევა, რომელსაც ხალხისა და ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია.

    თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს თავისუფალი ადამიანები აკეთებენ. თავისუფალი კი მაშინაა ადამიანი, როცა ის ეკონომიკურადაა თავისუფალი. "როცა იგი მნიშვნელოვანი ღირებულების აქტივების მფლობელია" - ინგლისური პირდაპირობით დააკონკრეტა სამუელ ჯონსონმა. "საკუთრება მატერიალიზებული თავისუფლებაა" - ფრანგული გამჭრიახობით მოკლედ მოჭრა ა. ფულიემ.

    ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ გვსურს დემოკრატიულ, ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, ხალხს, ადამიანებს უნდა გავუჩინოთ შემოსავლის მომტანი საკუთრება, გავხადოთ ისინი მესაკუთრეები, მქონებელნი! როგორც იმავე ჰობსმა აღნიშნა თავის "ლევიათანში" (350 წლის წინ!) ხელისუფლება ვალდებულია დაამყაროს მშვიდობა ქვეყნის შიგნით და გაამდიდროს საკუთარი მოქალაქეები.

    გაჭირვებულ ხალხში სიმშვიდე ვერ დაისადგურებს!

    სუბიექტურ ფაქტორებთან (სიზარმაცე, გაუნათლებლობა და ა. შ.) ერთად სიღარიბის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ქონების არათანაბარ განაწილებაშია, რაც კეთილდღეობის დიდ უთანაბრობას იწვევს და რაც კაპიტალისტური სისტემის განუყრელი ძირითადი მანკია. სანამ შემოსავლის მომტანი ქონება (კაპიტალი, წარმოების საშუალებები) მთელ მოსახლეობაზე მეტ-ნაკლებად სამართლიანად არ გადანაწილდება, სოციალური დაძაბულობა ქვეყანაში არ მოიხსნება, რადგან ვის ხელშიცაა წარმოების საშუალებები, მის ხელშია შექმნილი პროდუქციაც და მთელი შემოსავალიც.

    როგორც "დაიკავე უოლ-სტრიტის" ამერიკულმა და სულ ახლახან ევროპულმა "ყვითელი ჟილეტების" მასშტაბურმა აქციებმა დაგვანახა, უზარმაზარი ქონებრივი უთანასწორობის, უსამართლო პრივატიზაციის თუ სხვადასხვა გზით მიტაცებული ქონების სამართლიანი გადანაწილებისა და ლეგიტიმაციის პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას. მიუხედავად სოციალიზმზე უპირობო გამარჯვებისა, კაპიტალისტურ სამყაროშიც საყოველთაო კეთილდღეობამდე ჯერ კიდევ შორსაა. ზოგადი სიმდიდრის მიუხედავად, ქონებრივი განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის ძალიან დიდია. განსაკუთრებით კატასტროფულია იგი ჩვენთან. უთანასწორობის საზომის, ჯინის კოეფიციენტის მიხედვით საქართველო აფრიკის ქვეყნების დონეზე დგას.

    ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 5% ფლობს მთელი სიმდიდრის 80-90%-ს, ხოლო მილიონობით ადამიანი გაჭირვებაში იმყოფება, სიმშვიდე ვერ დაისადგურებს.

    ქონება სამართლიანად უნდა გადანაწილდეს, მაგრამ როგორ? "ვინც ღარიბს აძლევს, არ გაღარიბდება..."

    იმისგან, რაც ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს, სიკეთე, გარკვეული დოზით, ყველამ უნდა მიიღოს. ეკონომიკაში კი სიკეთის გადანაწილების ყველაზე კარგი და სამართლიანი გზა აქციონირებაა.

    ქონების სამართლიან გადანაწილებაში არ ვგულისხმობთ რომ დაჯდება ვინმე "მოსამართლე და მოწყალე" ქვეყნის სათავეში და დამსახურების მიხედვით ჩამოარიგებს ქონებას. დამსახურების მიხედვით ქონების სამართლიანი გადანაწილება შეუძლებელია, რადგან ყველა თავისთავს ჩათვლის დამსახურებულად. ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების ვალდებულებას ისე მოაწყოს ეკონომიკური ცხოვრება, ეკონომიკის ისეთი მექანიზმი შექმნას, რომ სურვილის შემთხვევაში ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა არამარტო ფიზიკურად მიიღოს მონაწილეობა საერთო ეროვნული პროდუქტის შექმნაში, არამედ, შესაძლებლობის ფარგლებში, აქციების სახით შეიძინოს კიდეც მისთვის სასურველი საწარმოს ნაწილი, გახდეს წარმოების საშუალებების თანამფლობელი, მესაკუთრე, რაც უფლებას მისცემს საერთო მოგებიდან აქციების შესაბამისი კუთვნილი წილი მიიღოს. ამ გზით ასიათასობით მოქალაქეს გაუჩნდება შემოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს მათ ნორმალურ არსებობას, ხოლო სახელმწიფოში სტაბილურობას.

    საყოველთაო აქციონირების მხარდასაჭერად და განსახორციელებლად უნდა შეიქმნას სოლიდარობის სააქციონერო ბანკი, რომლის საკრედიტო რესურსი სახელმწიფოს საწესდებო ფონდის გარდა შეივსება მსხვილი კერძო საწარმოების ყოველთვიური შენატანებით. ნამდვილი, ქმედითი სოლიდარობა სწორედ ეს იქნება. ვინც ღარიბს აძლევს, არ გაღარიბდება - უთქვამს სოლომონ ბრძენს. "რასაცა გასცემ შენია..."-ო - რვაასი წლის წინ მოუწოდა მდიდრებს ქმედითი სოლიდარობისკენ რუსთაველმა.

    მდიდრების "სოლიდარობა"

    რამდენიც არ უნდა აკრიტიკონ კაპიტალიზმი, ვერავინ უარყოფს რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ისეთ ცხოვრებაზე ოცნებობს, როგორიც დასავლეთ ევროპის ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებში, ე. წ. "საყოველთაო კე-თილდღეობის სახელმწიფოებშია", სადაც ამ ქვეყნების მმართველი ელიტების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტებიდან თითქმის 50%-მდე ფინანსების მიმართვა ხდება საპენსიო უზრუნველყოფაზე, დაზღვევაზე, უმუშევართა დახმარებებზე და ა.შ., მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაპიტალისტების ბუნება დიდად შეიცვალა. ისინი ყველა საშუალებით აგრძელებენ ქონების დაგროვებას და გამდიდრებას, რადგან მათი არსებობისა და ბატონობის ძირითად პირობას კაპიტალის დაგროვება წარმოადგენს და არა ღარიბთა სიყვარული და პატივისცემა.

    "საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს" ფარგლებში მდიდრების ხელისუფლებების მიერ სახელმწიფო შემოსავლების გადანაწილება ნაკლებშემოსავლიანთა და ღარიბთა სასარგებლოდ იძულებითი ღონისძიებაა, რომელიც დროებით ანელებს დაპირისპირებას მქონებელთა და უქონელთა შორის. ასეთი "სოლიდარობით" მდიდრები საკუთარ უსაფრთხოებას ყიდულობენ და წარმოების საშუალებებზე თავიანთ საკუთრებას იცავენ. ნამდვილი სოლიდარობა არა სოციალური დახმარებების გაწევასა და გაცემაშია, არამედ პარტნიორობაში წარმოების საშუალებების (კაპიტალის) გადანაწილებისას.

    ფრანგების სოლიდარიზმი. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია

    სოლიდარობის, ანუ, ინტერესთა ერთიანობის, თანაგრძნობის, ვინმეს მოქმედების ან აზრის მხარდაჭერის იდეაზე დაფუძნებული მწყობრი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა - სოლიდარიზმი საფრანგეთში ჩამოყალიბდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. იგი შეიქმნა იმისთვის რომ თავიდან იქნას აცილებული დაპირისპირება კერძო (ინდივიდუალურ), საზოგადოებრივ (კორპორატიულ) და სახელმწიფო ინტერესებს შორის.

    სოლიდარობა მორალური იდეაა. მასზე დაფუძნებული თანაცხოვრების სისტემა - სოლიდარიზმი. ფრანგი სოლიდარისტების აზრით სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ეკონომიკური უთანაბრობის უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება.

    სოლიდარისტები უარყოფენ ინდივიდის შეუზღუდავ, ანარქიაში გადასულ თავისუფლებას. როცა ინდივიდუალისტური ინტერესი მკვეთრად უპირისპირდება საზოგადოებრივ ინტერესებს, სახელმწიფოს უფლება და მოვალეობაა დაარეგულიროს ინდივიდუალური უფლებები, რადგან უკიდურესი ინდივიდუალიზმი ასუსტებს კულტურულ სახელმწიფოს.

    უსამართლოდ მივიწყებულ ფრანგულ სოლიდარიზმს, რომელმაც ფეხზე დააყენა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა, გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების იტალია და გერმანია, გარკვეული კორექტივების გათვალისწინებით დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია თანამედროვე სახელმწიფოებისთვისაც.

    ქმედითი სოლიდარობა, ქართული სოლიდარიზმი

    ფრენსის ფუკუიამას მიერ ლიბერალური დემოკრატიის უსასრულო ზეობის ნიმუშად გამოცხადებული "საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოები" კეთილდღეობაში იმიტომ არიან რომ მათ "ეკონომიკურ სასწაულებს" სოლიდარისტული პრინციპები (ინდივიდუალური, საზოგადო და სახელმწიფო ინტერესების შეთანაწყობა, კოოპერაციული გაერთიანებების ხელშეწყობა და სრული თავისუფლება, აქციონირება, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება) უდევს საფუძვლად და მათი ქებული სოციალური საბაზრო ურთიერთობებიც ფრანგული სოლიდარიზმის იდეებითაა ნასაზრდოები. რაც ამ ქვეყნების ნაკლოვანებებს განაპირობებს, ესაა წარმოების საშუალებების (კაპიტალის) მეტად უთანაბრო, არასოლიდარული განაწილება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის.

    ნამდვილად საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შესაქმნელად საჭიროა ზემოჩამოთვლილ სოლიდარისტულ პრინციპებს დაემატოს კიდევ ერთი - ქმედითი სოლიდარობის პრინციპი და საყოველთაო აქციონირების გზით მოვახდინოთ კაპიტალის მეტ-ნაკლებად სამართლიანი გადანაწილება უზარმაზარი ქონებრივი უთანასწორობის ასატან ზღვართან მისაახლოებლად.

    ქმედით სოლიდარობაში იგულისხმება მდიდართა (მფლობელთა) თანხმობა აქციონირების საშუალებით საქმიან პარტნიორებად გაიხადონ მოსახლეობის ფართო ფენები. სურვილის შემთხვევაში ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა გარკვეული შეღავათებით (განვადებით, უპროცენტო და დაბალპროცენტიანი კრედიტებით) შეიძინონ მათთვის სასურველი საწარმოს აქციები და გახდნენ საწარმოების არსებულ მფლობელთა პარტნიორები.

    პარტნიორობა წარმოების საშუალებების ფლობაში არის გზა ფსევდო "საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოდან" ჭეშმარიტად საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფომდე. კლასთაშორისი სოლიდარობა სწორედ წარმოების საშუალებების ერთობლივ ფლობაში - პარტნიორობაში გამოიხატება.

    თუ ქმედითი სოლიდარობისა და საყოველთაო აქციონირების გზით ვივლით, მივიღებთ რაციონალურ პრინციპებზე დაფუძნებულ პარტნიორულ, სოციალურად სოლიდარულ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციას, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ქართული (ქმედითი) სოლიდარიზმი.

    P.S ღარიბ ქვეყნებს ღია საბაზრო ეკონომიკებით გლობალიზაციისა და ღია საზღვრების პირობებში არავითარი შანსი არ აქვთ კონკურენცია გაუწიონ განვითარებულ ქვეყნებს, რომელთა ინტერესებში არ ზის სხვა ქვეყნების ეკონომიკების ინდუსტრიული განვითარებით თავიანთი კორპორაციებისთვის კონკურენტების შექმნა. მათ ჩამორჩენილი ქვეყნები საკუთარი სამრეწველო პროდუქციის გასაღების ბაზრებად სჭირდებათ. ამიტომ არ ეცდებიან ისინი ჩამორჩენილების ეკონომიკების განვითარებას, რის გამოც ეს უკანასკნელები ყოველთვის ჩამორჩენილები იქნებიან, თუ მათ განვითარებაზე ადგილობრივმა ეროვნულმა, სოლიდარისტულმა ხელისუფლებებმა არ იზრუნეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved