სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    02.02.2019

    ექვსი წელი დასჭირდა ე.წ. "ქართულ ოცნებას", რომ გაენადგურებინა ეკონომიკა, სახელმწიფო ინსტიტუტები, გაეზარდა უმუშევრობა, გაეუფასურებინა ლარი, საგრძნობლად გაეზარდა ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე, პურზე, მედიკამენტებზე, ბენზინზე და უკიდურესად გაეღატაკებინა მოსახლეობა. დაპირებული ორჯერ შემცირების ნაცვლად ლაპარაკია კომუნალური გადასახადების გაზრდაზე.

    ხალხის ნდობა დაკარგა და ივანიშვილის სამსახურშია სასამართლო, პროკურატურა, შსს და სახელმწიფო უშიშროების სამსახური. რიგითი მოქალაქე აქ ამაოდ ეძებს, იპოვოს სამართალი და ზოგჯერ იძულებულია, "რუსთავი 2"-იდან მიაწვდინოს ხმა ხელისუფლებას.

    ყველა მინისტრი, ყველა თანამდებობის პირი ინიშნება პირადად ივანიშვილის მიერ ან აუცილებლად მასთან შეთანხმებით. როგორც ამ ექვსმა წელმა აჩვენა, ისინი დავალებებს ასრულებენ ეკონომიკის მოშლის, ხალხის უკიდურესად გაღატაკებისა და ქვეყნის ავტორიტეტის დაცემის ფასად. ამის ნათელი მაგალითია ახლახან ქვეყანაში გადმოსხმული რუსული დესანტი, რომლებიც წამყვანი სამინისტროების ხელმძღვანელებად დაინიშნნენ და რომლებიც გაგებაში არ არიან, რომელ ქვეყანაში მოხვდნენ და რა პრობლემები აწუხებს ამ ქვეყნის მოსახლეობას.

    ბატონმა ივანიშვილმა საზოგადოების ავტორიტეტული ნაწილი, რომელსაც გარკვეული სიტყვა უნდა ეთქვა ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაზე, ფულით - მაღალი სტიპენდიებით მოისყიდა და გააჩუმა, ხოლო მედიის 90% - ფინანსური და სახელისუფლებო მხარდაჭერით, 2 მილიარდზე მეტი თანხა ჩადო პოლიტიკურ ბიზნესში და, ფაქტობრივად, შეისყიდა საქართველო და მისი ელექტორატი.

    არჩევნების რუსული მეთოდების გამოყენებით მან შეძლო პარლამენტში თავისი სასურველი პიროვნებების შეყვანა, საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა და მათი უსიტყვო, მონური მორჩილება. ამბობენ, რომ როცა ბიძინას ფავორიტები პარლამენტში შეჰყავს, ტვინზე "პლომბს" ადებს და რობოტებად აქცევსო.

    ამ ტვინდაბლოკილ რობოტებს დროთა განმავლობაში "პლომბი" ეხსნებათ და ნორმალური აზროვნება უბრუნდებათ. მაშინ ბიძინას ისინი აღარ სჭირდება და პარლამენტიდან უშვებს. ასე აღმოჩნდნენ პარლამენტს გარეთ ალასანია, უსუფაშვილი, ბერძენიშვილები და სხვები თავიანთი პარტიებით. როგორც ჩანს, ასეთივე ბედი ელით ფოფხაძეს, ბესელიას. დღეს ამ "ძველი გვარდიის" ადგილს იკავებენ ბიძინას კომკავშირლები კობახიძის, მდინარაძის, თალაკვაძის, მათიკაშვილის, ოხანაშვილის და სხვათა სახით. რაც შეეხება ბატონ ვოლსკის, მისი "პლომბი" სამუდამო გამოდგა და მის მოხსნას არ აპირებს.

    ქვეყანაში იზრდება კორუფცია და ნეპოტიზმი. გაცოცხლდა კრიმინალური სამყარო. იმატა ქურდობის, ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტებმა, რაც ხელისუფლების მიერ მათზე ხელის დაფარების, დაუსჯელობისა და უმოქმედობის შედეგია. მოსახლეობის უკიდურესი სიღატაკისა და გაღარიბების ფონზე გამოჩნდა პრივილეგირებული კლასი, ე.წ. ბურჟუაზია.

    სახელისუფლებო-ოლიგარქიული ტელევიზია "იმედი" უზრუნველყოფს როგორც მისი მხარდამჭერი ხელისუფლების, ისე ამ ბურჟუაზიული საზოგადოების პიარს, ხელისუფლების მოჩვენებით "ზრუნვას" გაღატაკებულ მოსახლეობაზე და მათი მაღალი დონის კულტურულ მოსამსახურეობას.

    როგორ იმოქმედებს ეს დამანგრეველი პროცესი ჩვენი ერის მომავალზე? ხომ არ ხდება ეს პროცესები გამიზნულად, წინასწარ განზრახვით?

    ძნელია, გასცე სრულყოფილი პასუხი ამ კითხვებს, როცა არ გაქვს ხელში რაიმე დოკუმენტი (კგბ-ს არქივის მორიგ გახსნას პუტინის სიკვდილამდე არ უნდა ველოდოთ), თუმცა ანალიზი გვაძლევს იმის უფლებას, ვივარაუდოთ მაინც, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილის სახით, ან ქვეყნის მართვა არ შეუძლია ან არსებობს დავალება, ვიაროთ ისეთი გზით, რომელიც უფსკრულამდე მიგვიყვანს.

    და ბოლოს, მინდა, ჩემი მთავარი სათქმელი ვთქვა - პრეზიდენტის ახლახან ჩატარებულმა არჩევნებმა გვიჩვენა, რომ "ქართული ოცნების" ამ ძალის დამარცხება ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის პირობებში შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ არჩევნებში გამოიყენეს ყველა ბინძური მეთოდი, რაც ოდესმე სადმე გამოყენებულა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 800 ათასამდე საქართველოს მოქალაქის მხარდაჭერა მაინც დაიმსახურა. უფრო შთამბეჭდავი იყო ეს მაჩვენებელი არჩევნების პირველ ტურში, სადაც ივანიშვილის ოპოზიციამ 62% ამომრჩევლის ხმა მიიღო.

    იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა გამოვტაცოთ ივანიშვილს ქვეყანა, საჭიროა, გაერთიანდეს ყველა მოქალაქე, ყველა პარტია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ყველა, ვისაც ქვეყნის გადარჩენის სურვილი ამოძრავებს. დღეს ვიწროპარტიული ინტერესების, ამბიციებისა და პრინციპების დაცვის დრო არ არის. დასაცავია ქვეყანა, ხალხი, მისი აწმყო და მომავალი.

    მიმაჩნია, რომ უახლოეს პერიოდში ყველა ოპოზიციური ძალა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მისი წარმომადგენლები უნდა დასხდნენ, შექმნან საორგანიზაციო კომიტეტი და შეადგინონ სამუშაო გეგმა ამ დიდი და მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად. ამ გაერთიანებულ ოპოზიციას, თუ ის საქართველოს ნამდვილ პატრიოტთა ინიციატივით შედგა, მე სიმბოლურად დავარქმევდი იმ სახელს, რომელსაც ჩვენი დღევანდელი საგანგაშო მდგომარეობა იმსახურებს - "მოძრაობა საქართველოს და ქართველი ხალხის გადასარჩენად".

    თემურ ავალიანი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved