სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსამართლე მილდენბერგერს შეუძლია, შეაჩეროს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესი. საქმის არსებითი განხილვა 01 თებერვალს დაიწყო
    მოსაზრება
    04.02.2019

    ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

    არსებობს სამართლებრივი გზა, შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი, არსებითად შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა და გაუქმდეს ადრე მიღებული გადაწყვეტილებები მოსამართლეების (მათ შორის, მურუსიძის) უვადოდ გამწესების თაობაზე.

    გაზეთ "რეზონანსის 9 და 21 იანვრის ნომრებში გამოქვეყნდა სტატიები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ორი წლის წინ შეტანილი სარჩელების თაობაზე, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოდან ქუთაისში გადაიგზავნა. საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა და არსებითი განხილვა 01 თებერვალს დაიწყო.

    სხდომის დაწყებამდე მოპასუხის წარმომადგენელს "დამოუკიდებელი არბიტრის" წინაშე დაპირისპირებამდე "მოთელვის" სახით შევთავაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საზეიმო მიღებაზე გაკეთებული ის განცხადება განემარტა, რომლითაც "ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 იანვრის დადგენილებით ყოფილა შემოღებული (არადა, "სახელმწიფო დროშის შესახებ" ორგანული კანონი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის - ნინო ბურჯანაძის მიერ არის ხელმოწერილი). თავადაც დარწმუნდებოდა, რომ შეცდომები უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებსაც მოსდით და გონივრული იქნებოდა, თუ სარჩელს თავიდანვე სცნობდა, რაც მოსამართლეების უვადოდ გამწესების პრობლემასაც მოაგვარებდა. სამწუხაროდ, უარი განაცხადა.

    სხდომა მხარეთა შუამდგომლობების განხილვით დაიწყო. 2017 წლის 31 იანვარს შეტანილ სარჩელში სასამართლოსგან ვითხოვდი, შეეჩერებინა საქმის განხილვა და მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის იმ ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად, რომლითაც ა(ა)იპ-ებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად ნებისმიერი პირის წარდგენის უფლება ეძლევათ.

    აღნიშნული შუამდგომლობის დაყენებისას იმედი მქონდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში მიიღებდა გადაწყვეტილებას. ვინაიდან სარჩელის განხილვა გაუმართლებლად გაჭიანურდა, ხოლო სასამართლო ხელისუფლებაში საგანგებო ვითარება შეიქმნა, ზემოაღნიშნული შუამდგომლობა მოვხსენი და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვა გადავწყვიტე.

    ამის შემდეგ სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობების თაობაზე იმსჯელა. წარმომადგენლებმა საქმის შეწყვეტა იმის გამო მოითხოვეს, რომ თურმე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება კონკურსის გამოცხადების თაობაზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი გასაჩივრება არ შეიძლება, ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანონდარღვევით გამწესებით არც რაიმე პირდაპირი და ინდივიდუალური ზიანი არ მიმიღია.

    სასამართლოს შევახსენე, რომ მსგავსი ვითარება ადრეც შეიქმნა, როდესაც მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სარჩელი საკრებულოს 2002 წლის # 29 დადგენილებით აღმართული ე.წ. დავით აღმაშენებლის ხუთჯვრიანი დროშის ჩამოხსნის თაობაზე. შესაბამისი განჩინება ზემდგომმა სასამართლომ გააუქმა და მკაფიოდ განმარტა, რომ მოქალაქეს ხელისუფლების გაკონტროლების უფლებაც აქვს და ე.წ. საჯარო ინტერესებიც. ამის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგიამ სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღსრულდა. (სამაგიეროდ, გურამ შარაძე საჯაროდ დახვრიტეს, ხოლო მოსამართლე ნათია წკეპლაძე სასამართლოდან დაითხოვეს...).

    გამიკვირდა, მაგრამ სასამართლომ მოპასუხის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ მორიგი სხდომა 26 თებერვალს 14 საათზე დანიშნა. საქმის განხილვა შეკითხვების დასმისა და მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გაგრძელდება.

    ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სხდომას არც თავად დაესწრნენ და არც წარმომადგენლები გამოგზავნეს. მართალია, როგორც ჩანს, დარწმუნებული არიან, რომ მათ ვერავინ შეეხებათ მაგრამ უპრიანი იქნებოდა, იმ სასამართლოს მიმართ გამოეჩინათ პატივისცემა, რომლის ბედის გამგებლადაც პარლამენტმა გაამწესა. ამასთან, თუ დამუკიდებლობის აღდგენამდე საქართველოს კომპარტიის ცკ-ის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებაში წყდებოდა, მედიით რა ინფორმაცია და რა თანმიმდევრობით უნდა გავრცელებულიყო, მართლა მაინტერესებს, ამჟამად ვინ ასრულებს "გენერალური ცენზორის" ფუნქციას. მიუხედავად იმისა, რომ დავის არსის თაობაზე ყველა ე.წ. რეიტინგულ მედიასაშუალებასა და "არასამთავრობოებს" ვაცნობე, სასამართლოში არავინ გამოჩენილა (არადა, ერთ-ერთი "ყურებადი" ტელეარხის ჟურნალისტები ქუთაისში იმყოფებოდნენ და დღის განმავლობაში გადმოსცემდნენ საინტერესო ამბებს).

    ასე რომ, ქუთაისის სასამართლოს მიეცა შანსი, შევიდეს ისტორიაში და პარლამენტთან ერთად იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც აღადგინოს სამართლიანობა. თუ მოსამართლე მილდენბერგერი კანონით იხელმძღვანელებს და გადაწყვეტილებასაც დამოუკიდებლად მიიღებს, ჯერ კიდევ შესაძლებელია, სამართლებრივი ნიჰილიზმი დავძლიოთ, სასამართლო რეფორმაც გადარჩეს და საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×