სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    20.02.2019

    საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს

    ბატონო პრემიერ-მინისტრო, უკვე მეორედ გწერთ. პირველ წერილში გიხსნიდით ჩემს მდგომარეობას და გთხოვდით განმარტებას, თუ რატომ მოქმედებს ქვეყანაში ნულოვანი აუქციონის წესი, რომელიც ბანკებს საშუალებას აძლევს, ფაქტობრივად მუქთად იგდონ ხელთ მოქალაქეთა უძრავი ქონება. თქვენი კანცელარიიდან მიპასუხეს, რომ წერილი რეაგირებისათვის გადაეგზავნა კომპეტენტურ ორგანოს - ეროვნულ ბანკს. გამოგიტყდებით, მეც იმავე აზრისა გახლდით; მიმაჩნდა, რომ საბანკო მაქინაციებზე პასუხისმგებლობა ქვეყნის უპირველეს ბანკს ეკისრება. ორივე შევცდით, ბატონო პრემიერ-მინისტრო: ეროვნული ბანკიდან გულახდილად მიპასუხეს, რომ კერძო ბანკების საქმიანობა მათ კომპეტენციაში არ შედის.

    რა გაეწყობა, რაკი მთავრობა და ეროვნული ბანკი არაკომპეტენტურია, ისევ თავს უნდა დავატანო ძალა და არასპეციალისტმა საკუთარი ანალიზი შემოგთავაზოთ.

    საკითხის ისტორია ასეთია:

    "პროკრედიტ ბანკი" 140 000 დოლარს მედავება. გირაოდ ჩადებული მაქვს კომერციული ფართი (რომელშიც ფუნქციონირებდა ჩემ მიერ დაფუძნებული კერძო სკოლა - "ქართული სკოლა") და საცხოვრებელი სახლი. ბანკისათვის გადახდილი მაქვს 55 000 დოლარი. ჩემი გადახდისუნარიანობა მაშინ შესუსტდა, როცა ლარმა კურსის დევალვაცია დაიწყო. ინფლაციამ გაუგონრად გააღატაკა მოსახლეობა, მაგრამ ბუნებაში არაფერი იკარგება; სამაგიეროდ, ასევე გაუგონრად გამდიდრდნენ ბანკები.

    ჩემი საქმე აუქციონამდე მივიდა. ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე აუქციონზე გატანას ჯერ კომერციული ფართი ექვემდებარება, რათა მოქალაქეს საკუთარ სახლში ყოფნა რამდენიმე კვირით მაინც გაუხანგრძლივდეს; მაგრამ აუქციონამდე (გარეგნული წესიერების დასაცავად) საჭიროა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. ამ მიზნით ბანკის მიერ დაქირავებულმა კერძო აღმასრულებელმა მიმართა შემფასებელ კომპანია "იუვისს". ხსენებული კომპანია ძირითადად დისტანციური მეთოდით მოქმედებდა, მან ყოველგვარი აზომვების გარეშე, ფოტოებსა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით განახორციელა შეფასება, რის შედეგადაც ჩემი კომერციული ფართი შეფასდა - 180 000, ხოლო საცხოვრებელი სახლი 61 000 დოლარად.

    მართალია, ყველა გზა ნულოვანი აუქციონისკენ მიდის, მაგრამ მაინც არსებობს ალბათობა აუქციონის პირველ ეტაპზევე ქონების რეალიზაციისა. ეს ეტაპი, მოგეხსენებათ, 25-პროცენტიან ფასდაკლებას გულისხმობს. შედეგად ვიღებთ 135 000 დოლარს, რომელსაც ვალის დაფარვამდე 5 000 დოლარი აკლია; მოგება ბანკის წმიდათაწმიდა მოვალეობაა, იგი წაგებაზე ვერ იმუშავებს და ბუნებრივად დგება ჩემი საცხოვრებელი სახლის ჯერიც.

    შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ჩვენს ბანკირებს ვერაგული გათვლები დავწამო, მაგრამ არითმეტიკულად სწორედ ამგვარ ვითარებას ვიღებთ. ალტერნატიული შეფასებისათვის მივმართე კერძო კომპანია "აუდიტ-ფრევეგს". მისი შეფასების შედეგები ასეთია: კომერციული ფართი - 320 000 დოლარი, საცხოვრებელი სახლი - 153 000 დოლარი.

    ესოდენ თვალსაჩინო განსხვავებამ მაფიქრებინა სარჩელის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვითხოვდი შეფასების დაზუსტებას, მანამდე კი, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ვთხოვდი სასამართლოს, დროებით შეეჩერებინა აუქციონი.

    მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა უზრუნველყოფაზე უარი განაცხადა. როგორც მისი პასუხიდან შევიტყვე, მოსამართლე ქონების ფასის განახევრებაში ჩემთვის საზიანოს ვერაფერს ხედავდა.

    თქვენდამი რწმუნებულ ქვეყანაში გაოცებას რახანია გადავეჩვიე, მაგრამ მაინც გამიკვირდა. ბანკების უანგარობის არ იყოს, შინაგანად ქართული სასამართლო სისტემის უბიწოებაც მწამს, ამიტომ მომხდარი გაუგებრობას მივაწერე და სააპელაციო სასამართლოს მივაშურე. მოსამართლე გიორგი ტყავაძემ ვერდიქტი ძალაში დატოვა. რა არ ვიფიქრე, მაგრამ ამ ლოგიკისა ვერაფერი გავიგე და ყველაფერი საკუთარ უმეცრებას მივაწერე. გამკრა ფიქრმა, ეგებ რომელიმე კომპეტენტური ორგანო მომეძია-მეთქი, მაგრამ თქვენ გამახსენდით და ხელი ჩავიქნიე.

    დავუბრუნდეთ პუნქტს, საითკენაც მოქმედი კანონმდებლობით მოკირწყლულ-მოასფალტებული ყველა გზა მიდის - ნულოვან აუქციონს. სტატისტიკა ირწმუნება, რომ ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში სწორედ ისაა ბოლო გაჩერება. ამ ტიპის აუქციონი უცნაური მოვლენა გახლავთ. დროისა და სივრცის რომელიღაც კონკრეტულ პუნქტში ხდება სრული ინფლაცია. უძრავი ქონება, რომელიც ოდითგანვე ყველაზე მყარ ვალუტად ითვლებოდა, სრულად კარგავს ღირებულებას; უყურებ და გაოცება გიპყრობს, თითქოს ისევ ისე დგას, არაფერი დამართნია, მაგრამ მისი ფასი უკვე გროშია. გარწმუნებთ, სახტად დარჩებით, როცა სამი თაობის ნაშრომ-ნაჯაფი ისევე განულდება, როგორც თქვენ გაანულეთ უკვე ჩამოწერილი ვალები.

    ვინ არ იცის, რომ ჩვენი ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი სიღარიბის დაძლევაა, მაგრამ, ბატონო პრემიერო, ეს ხომ სიმდიდრესთან ბრძოლაა და არა - სიღარიბესთან. როცა პირველ წერილს გწერდით, ჯერ კიდევ მილიონერი ვიყავი, ახლა კი თქვენ მიერ მზრუნველად გაზრდილი პენსია სახურავადაც უნდა ვიმყოფინო და საარსებოდაც.

    სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ უხერხულობას პარლამენტშიც გრძნობენ. ჩემი მეუღლე შეხვდა დეპუტატ დავით მათიკაშვილს და შველა სთხოვა. პარლამენტარი უყოყმანოდ დაეთანხმა, რომ აუქციონის კანონი უსამართლო კანონია, მაგრამ შენიშნა, რომ იგი ნაციონალებმა მიიღეს. და რად არ შეცვლითო, გულუბრყვილიდ იკითხა ჩემმა მეუღლემ. ხალხის რჩეულმა საათზე დაიხედა და უპასუხა: უკვე ხუთის ნახევარია, ვეღარ მოვასწრებო.

    მათიკაშვილი ჯერ პატარაა და არ ესმის, რომ ცინიზმი სწორედ ის მასალაა, რისგანაც მრისხანების მტევნები იქმნება. დასცინო გაუბედურებულ ადამიანს, არა მხოლოდ უზნეობა, უგუნურებაცაა.

    გიფიქრიათ თუ არა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ან თვითმკვლელობაზე ფიქრობენ, ან ემიგრაციაზე. ისინი ნებისმიერი საშუალებით, თუნდაც სიცოცხლის ფასად, ცდილობენ, გაშორდნენ მტრულ ქვეყანას, რომელიც მზადაა, მათ სანაცვლოდ ასი ათასი სირიელი ჩაიკრას გულში.

    საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა ხალხის უნდობლობა დაგანახვათ; ნეტავ თუ ხვდებით, რას დაგანახვებთ 2020 წლის არჩევნები?!

    გაგიკვირდებათ და, არც თავის მოკვლას ვფიქრობ და არც ქვეყნიდან გაქცევას. მინდა, ამ კომედიას ბოლომდე ვუყურო.

    ზ.თ. სანამ თქვენს წერილს ვამზადებდი, პირველი აუქციონი დასრულდა კიდეც; მინდა, მისი შედეგები გაგაცნოთ;

    ჩემი კომერციული ფართი; რომელიც ალტერნატიული შეფასებით 320 000 ათასი, ბანკის შეფასებით კი 180 000 დოლარი ღირდა, ნულოვან აუქციონზე 9 000 დოლარად შეიძინა "პროკრედიტ ბანკის" შვილობილმა კომპანიამ, რომელსაც ნიკოლოზ მიქაბერიძე წარმოადგენს. როგორც მასთან საუბარში გაირკვა, ჩემი ყოფილი შენობა უკვე იყიდება 200 000 დოლარად. მიქაბერიძემ მაცნობა, რომ ამ ფინანსურ ოპერაციას არანაირი შეხება არ აქვს ჩემს დავალიანებასთან, რომელიც მხოლოდ 9 000 დოლარით შემცირდა; სავარაუდო მოგება (191 000 დოლარი) ეკუთვნის მას, როგორც კანონიერ მეპატრონეს.

    აყურადღება მიაქციეთ: ჩემმა ფართმა, რომლის ფასიც სააუქციონო მანიპულაციების შედეგად 9 000 დოლარამდე დაეცა, მყისიერად აღიდგინა ღირებულება, როგორც კი "პროკრედიტ ბანკის" შვილობილის, რაც იგივეა, უკანონო შვილის ნაბიჭვრის ხელთ აღმოჩნდა.

    მეორე აუქციონი ჩემი საცხოვრებელი სახლის გაუფასურებას მიეძღვნება. მამობილი შვილობილს მას სავარაუდოდ 5 000 დოლარად შეუძენს. ნახევარ მილიონად შეფასებული ქონება ჩემს დავალიანებას მხოლოდ 14 000 დოლარით შეამცირებს. ეს ბანკი კი არა, ანიჰილატორია, ბატონო პრემიერ-მინისტრო; მე მთელ ქონებას ვკარგავ, ვხდები სრულიად გადახდისუუნარო, ჩემს შთამომავლობას კი რჩება დაახლოებით 125 000-იანი დავალიანება.

    კარიკატურულ სახელმწიფოში, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, ამას კანონის უზენაესობა ჰქვია.

    ბატონო პრემიერ-მინისტრო,

    შეაჩერეთ ეს მონსტრი, დაითანხმეთ, გამიფორმოს სამწლიანი ხელშეკრულება ქონების გამოსყიდვის უფლებით (რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა სხვა ბანკებისთვის), რათა ჩემი კომერციული ფართი თავადვე გავყიდო და არა - "პროკრედიტ ბანკის" ე.წ. შვილობილმა.

    მერაბ გვაზავა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (20.02.2019)
    პრემიერ-მინისტრი თუ შემოულაწუნე?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×