სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    11.04.2019

    დიდი ადამიანები სიმართლეს მასხარების პირით ამბობენ - არახალი ფრაზაა. მეფეს სიმართლეს მასხარა უბედავდა და დაუსჯელი რჩებოდა. ეს ძველად, მეფეების ეპოქაში ხდებოდა. დღეს?!... მეფე აღარაა, მასხარები არიან, მაგრამ არა სიმართლის მთქმელები. მასხარის მენტალიტეტი, ჩემდა სამწუხაროდ, ღრმადაა გამჯდარი ბოლო საუკუნის ქართულ მენტალიტეტში.

    ამ მენტალიტეტის არმოშლას, როგორც წესი, არც ერთი მმართველი გუნდი არ-ვერ ეწინააღმდეგება. მანამ კი, სანამ მმართველის სავარძლისკენ აღმავალ კიბეზე მიიწევენ, ლოზუნგად სწორედ ამ ინსტიტუტის, მასხარობაში გარდამავალი ერთგულების ინსტიტუტის, მოშლას გვპირდებიან. სწორედ აქედან, ამნაირი განწყობილებიდან მოდის, ამას გულწრფელად ვამბობ, ქვემოთ მოყვანილი ორი დასკვნა. ლექსად ამოთქმული, ბასრი და, ერთი შეხედვით, უსიამოდ, ძნელად მისაღები. განსაკუთრებით გულზეხელისმობაგუნეებისთვის და მასხარებისთვის მიუღებელი.

    "სულელო, მეფეს ჭკვიანი არ უყვარს, მეფეს ერთგული უყვარს!..."

    იცოდა შოთა ნიშნიანიძემ, რა და როგორ ეთქვა. ზუსტი დიაგნოზი დასვა ჩემმა საყვარელმა პოეტმა! ბევრი წლის წინანდელ ამბავს შეგახსენებთ. 80-იანი წლების პირველი ნახევარი. საქართველოს კომპარტიის რომელიღაც ყრილობა. ყრილობამ მკაცრად გააკრიტიკა (რბილად რომ ვთქვათ) სოლიკო ხაბეიშვილი. გემახსოვრებათ ხმაურიანი საქმეები. ბენზინის საქმე. იქით კიდევ მეღვინეთა საქმე და ტყავის პალტოების ფოლაქების შიგა მხარეს წარწერილი სახელი "ნუღლა". ერთმანეთში არეული ათასი ჭორი და მართალი. მაშინდელი მტყუან-მართლის გარჩევას ვერ შევძლებ. არც ვაპირებ.

    ჯუმბერ პატიაშვილზე ძვირს ძნელად ვამბობ. სოლიკოზეც ვერ ვიტყვი. დრო იყო ასეთი - შევარდნაძის დრო. არც ამ უკანასკნელზე ვიტყვი რამეს. უკვე საკმაოდ ბევრი ვთქვი. შენიშვნასავით გეტყვით - იმ ეპოქაში და საზოგადოების იმ მენტალიტეტის პირობებში, პატიაშვილსაც თავისუფლად შეეძლო, დაეჭირა ხაბეიშვილი და ხაბეიშვილსაც - პატიაშვილი.

    ერთ აზიურ ანდაზას გადმოვაქართულებ. "დაიჭირე ნებისმიერი მინისტრი - შენ არ იცი, რატომ, მან იცის!" (ორიგინალი: "სახლში მისვლისას გაულაწუნე ცოლს - შენ არ იცი, რატომ, მან იცის!"). საქ.კომ.პარტიის იმ ყრილობაზე შოთა ნიშნიანიძის გამოსვლა მახსოვს. მაშინ შოთა ნიშნიანიძემ თავისი სტრიქონები წაიკითხა: "წუთისოფელი ომია, ომი ფუტკრის და კრაზანის, აქლემის ქურდი ნემსის ქურდს, ხდება, ციხეში აგზავნის."

    პოეტი საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო ყრილობის მიმდინარეობისას. ადრე მაქვსო, წლებით ადრე, ნათქვამი ეს! სიტყვა დაამთავრა. ტრიბუნიდან ჩამოვიდა და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობიდან განთავისუფლების თხოვნა-განცხადება მიაწოდა ზემდგომებს. მცირე შურისძიება იყო ეს - მისი მოხსნის სიამოვნება არ მიანიჭა ზედა კაცებს.

    ეს ორი ნაწყვეტი დასკვნაა. დასკვნაა ჩვენი მორყეული, არ მინდა, ვიხმარო ტერმინი "დანგრეული", მენტალიტეტისა. მეფეს ჭკვიანი რატომ არ უნდა უყვარდეს?! და სადღაა მეფე?! ჩვენ ჯერ კიდევ დიდი ხანი დაგვჭირდება, უმეფოდ ცხოვრებას რომ მივეჩვიოთ. ჭკვიანი და ერთგული ერთად, როგორც ჩანს, მძიმე მოსაძევებელია საქართველოში.

    არ მინდა, დავიჯერო, რომ ჯანდიერები გადაშენდნენ... მათ მოძებნა უნდა! ჯანდიერის მოსაძევებელი, მოსანახი, აღმოსაჩენი გზა მმართველის კი არა, ერთგულის ხელშია. სიმართლის მთქმელი მასხარებიც გადაშენდნენ. მასხარები ერთგულები არიან. "ჭკვიანებიც", მაგრამ არა ჭკვიანები.

    ქვეყანა მხოლოდ გულით არა, გულით და გონებით უნდა გიყვარდეთო, ერთმა კაი კაცმა თქვა, კარგი იქნებოდა, ქვეყანა გულით და გონებით გვყვარებოდა - რამდენ უბედურებას ავიცილებდით?! საკუთარი ქვეყნის გულით და გონებით სიყვარული ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის ხალხებს შესძლებიათ. თეთრი შურით ვამბობ ამას. აგერ ახლა, 28 წლის შემდეგ გამოუტანეს განაჩენი ბოროტების ჩამდენებს! გამოუტანეს. შთამომავლობას არ დაუტოვეს სახლაფორთოდ.

    როგორც ყველა ერი და ხალხი, არც ბალტიისპირელები არ განიცდიან მასხარათა და "ჭკვიან ერთგულთა" ნაკლებობას. მაგრამ ისინი იქ ამინდს ვერ ქმნიან. მაშენებელი ხალხი უფრო მრავლად ჰყავთ, სწორედ ისეთი, ქვეყანა გულით და გონებით ერთნაირად რომ უყვართ. სულგანათლებული, დიდებული რევაზ ინანიშვილი რომ არ გავიხსენო, არ შემიძლია - "წამიყვანე, რა, შენთან!" (მდიდარი ოჯახის ბავშვი ეხვეწება, ნოველის ბოლოს, მასთან მისულ სტუმარს - ღარიბი ოჯახის ბავშვს).

    სიღარიბე არაა სირცხვილი! სირცხვილი შეჩვევაა. სირცხვილი მოპარვაა. სირცხვილი სამოცდაათიანი წლების მენტალობის აღორძინებაა - ვინც არ იპარავდა, მათხოვარივით ცხოვრობდა და იგი ქურდ მდიდრებსა და მისნაირ მათხოვრებს ერთნაირად ეზიზღებოდათ.

    და, ბოლოს, მაშინ, მოსმენისას, ვერგაგებული, მოგვიანებით კი მეტად დიდი აზრი უნდა გავიხსენო - "გიყვარდეს ეროვნული მოძრაობა შენში და არა შენი თავი ეროვნულ მოძრაობაში!" მერაბ კოსტავას სიტყვებია ეს.

    მაპატიეთ, ძვირფასო მეგობრებო, ვისაც ზედმეტად მწარე მოგეჩვენებათ, ან აბდაუბდა, ულოგიკო აზრების გროვად აღიქვამთ ამ წერილს. "ჭკვიან ერთგულებსაა" თავისი თავი რომ უყვართ ეროვნულ მოძრაობაში და საქართველოში; "ჭკვიანი ერთგულებია", ქვეყანაზე გულით და გონებით მოფიქრალ ადამიანებს გზას რომ უღობავენ.

    კარგად მოეხსენებათ - ქვეყანაზე გულით და გონებით მოფიქრალი ადამიანი უშიშარია. თუ ზემოთ მოახერხა ამოცურვა, მერე ვეღარ მოერევიან. ამიტომაა ყოველნაირად რომ ცდილობენ, დაფარონ, დამალონ... როდემდე?! იმედი მაქვს, არაა შორს ის, კარგი "როდემდე". იმ როდემდე გვექნება ერთმანეთის გაუტანლობა... ის ტელევიზიები, რაც გვაქვს (ვერ დავასახელებ ტელევიზიას, ვინც ოდნავ მაინც უახლოვდებოდეს გულიანთა და გონებრივთა სტანდარტს).

    ვაფრიალებთ ვიღაცათა მიერ ჩატარებული სქესობრივი აქტების ვიდეოებს, გავლანძღავთ და გავთათხავთ ერთმანეთს...(მეტს აღარ გავაგრძელებ - ძალიან გრძელია სია). იმედი მაქვს, იქნება ის "როდემდე". ქვეყანაში, მართალია, ძნელად, გაჭირვებით, მაგრამ ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება.

    არ მიყვარს, უფრო მეტიც, უამურ გრძნობას იწვევს უწიგნური ადამიანების მიერ წამდაუწუმ ხსენება სიტყვისა "უამრავი". უამრავი შიმშილობსო... უამრავი დანაშაული ხდებაო... არის ხალხი, ვინც შიმშილობს. ყოველთვის იყო და ყველა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ.

    სახელმწიფოს საზრუნავია ადამიანთა ეს კატეგორია. სახელმწიფო კი ვერაფერს გააწყობს იმ ღორისსულიანებთან, ვინც ამ კატეგორიის ადამიანებისთვის განკუთვნილ, კეთილი ადამიანების მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დატოვებულ ნახმარ ტანსაცმელს მოიპარავს მეორადებში გასაყიდად. უძლურია მათთან სახელმწიფო.

    სახელმწიფო ვერაფერს გააწყობს მათთან, ვინც ვალებს იღებს და ტოტალიზატორებში ხარჯავს. ვერც მათთან გააწყობს სახელმწიფო ვერაფერს, ვინც ორშაბათ საღამოს რესტორნებს ავსებენ. ბალტიისპირეთში ორშაბათიდან ხუთშაბათამდე სავსე რესტორნებს ვერ ნახავთ. რატომ ვერა, ზემოთ ვთქვი.

    ერთ სულ მოსახლეზე უახლესი ტელეფონების რაოდენობით არ ვართ უკანასკნელები. ერთ ოჯახზე ავტომობილების რაოდენობითაც არ ვართ უკანასკნელები. ერთ სულ მოსახლეზე საკვების რაოდენობის მხრივაც არ ვართ უკანასკნელები. ერთ სულ მოსახლეზე დიპლომების რაოდენობით ერთ-ერთი პირველები ვართ! ერთ სულ მოსახლეზე "ჭკვიანი ერთგულებითაც" ავანგარდში ვართ.

    ხუთმილიონიან ქვეყანაში რომ უამრავი (უამური სიტყვაა, მაგრამ ვერ გავექცევი!) პარტიაა, ეს ჩვენი ზნეკეთილობის გამო კი არა, ზნედაცემულობის გამოა; "უჩემოდ ვით იმღერეთა?!"-ს გამოა; კარგის არ და ვერ დანახვის გამოა; სამშობლოზე გულით და გონებით ერთნაირად შეყვარებული ადამიანების ნაკლებობის გამოა; მათი დათრგუნვა-დამალვის გამოა.

    ერთს პირადულსაც ვიტყვი - მე, როგორც ერთ ჩვეულებრივ ბაღდათელს, ტკივილამდე მეწვის იმის შეგრძნება, რომ ჩემს რაიონში ვერ მოინახა, ვერ შეკავშირდა, ვერ შეიკრა ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც შეძლებდა ერთი დიდი და კარგი საქმის გაკეთებას - ბაღდათში ააღორძინებდა და უფრო ფართოდ გაშლიდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ დიდ საწარმოს. ყოველგვარი პოლიტიკური შეფერილობის გარეშე ვამბობ ამას და გულწრფელად გთხოვთ, დამიჯეროთ, გულისტკივილით ვამბობ. ფული არააო და ვერ მოვიძევთო, არ მიიღება! ჯანდიერები არ გვყვანან ან აქაც დათრგუნ-დაფარეს ალბათ. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ.

    წერილს უიმედობის გრძნობით არ დავამთავრებ. უიმედობა უცხოა ჩემთვის. იმედის საფუძველიც მაქვს - უფრო გულწრფელი ახალგაზრდობა მოდის, 18-25 წლის ახალგაზრდებზე მოგახსენებთ, შეცდომებიანიც, მაგრამ შეცდომებშიც გულწრფელი.

    სასიკეთო ძვრებსაც ვხედავ. გუშინ გვითხრეს, ქუთაისში ელექტრომობილების დიდი ქარხანა იქნებაო მალე. ქუთაისშივე დიდი საუნივერსიტეტო პროექტი განხორციელდება (ვერაფრით ვერ გავინაწილებ მოქირქილეთა და დაუნახავთა პესიმიზმს!).

    ვუყურებ, ქართული ნაწარმი ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ბაზარზე და იმედს აძლიერებს. საქართველოში თანამედროვე დონის სამეცნიერო კერის დაფუძნება - საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი - ეს ერთი რიგითი კარგი წამოწყება არაა. ეს გაცილებით შორსმხედველი ადამიანების მიერაა მოფიქრებული და განხორციელებული.

    ამ საქმეების გამოა სწორედ, რომ სიამოვნებით და იმედით ვიმეორებ - გულით და გონებით ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანების მიერაა საფუძველჩაყრილი ეს კეთილი საქმეები. ზედმეტ ოპტიმიზმში ნუ ჩამომართმევთ, ძვირფასო მეგობრებო! არ მინდა, ჩემს ქვეყანაში მუდამ და ყველაფერზე მტირალი ადამიანების ხმა ისმოდეს მხოლოდ.

    მოწოდებები - ერთმანეთს მოვეფეროთო - იმდენად ყალბია და უამური, რომ ძალაუნებურად წაგცდება - ნუ გვძულს ერთმანეთი! სიკეთის და კარგის დანახვას ვერავინ გვასწავლის. ქართული სული ვერ ეგუებოდა უმადურობას. ვერც მომავალში შეეგუება, თუ მეტს მოვძებნით ოჯახზე, შვილებზე, ქვეყანაზე გულით და გონებით მზრუნველ ადამიანებს.

    სოლომონ ნერგაძე პავიას (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი

    აპრილი, 2019

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×