სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    21.04.2019

     მამუკა გიორგაძე, სახალხო პარტიის თავმჯდომარე

    "სახალხო პარტიამ" 25 წლის განმავლობაში არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, გაესაჯაროებინა გასაიდუმლოებული კაბალური შეთანხმება აფხაზეთის ელქტრომომარაგების შესახებ და შეეცვალა არსებული დანაშაულებრივი პრაქტიკა, რომელიც, ფაქტობრივად, ომში დამარცხებულის ხარკია.

    ჩვენ მიერ შეთავაზებული პროექტი ითვალისწინებს ენგურჰესის, როგორც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტის, გამოყენებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

    ამ საკითხის განხილვის გადადება მემკვიდრეობით გადაეცემა ხელისუფლებიდან ხელისუფლებას, მთავრობიდან ახალ მთავრობას, რომლებიც კვლავაც დანაშაულებრივად აგრძელებენ როგორც სეპარატისტული რეჟიმის, ისე საოკუპაციო ჯარების დაფინანსებას.

    აღსანიშნავია, რომ ამ ხარკის გადახდა ხდება არა ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ უშუალოდ თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან საოკუპაციო ხაზს აქეთ მცხოვრები მთელი მოსახლეობისთვის შედგენილ ტარიფში ჩამალულ-ჩახლართული ერთ-ერთი მდგენელით. ამდენად, ქვეყნის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ვართ სეპარატისტული აფხაზეთის მოსახლეობის სასარგებლოდ.

    ამ ხელისუფლებამ დანერგა უკიდურესად მავნე პრაქტიკა, როცა ენგურჰესის გაჩერების პერიოდში დენს ყიდულობს რუსეთში და შემდგომ აფხაზეთს უფასოდ აწვდის.

    მიგვაჩნია, რომ საოკუპაციო ჯარების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა (თანაც, პრაქტიკულად, უფასოდ), სახელმწიფო ღალატია!

    ცალკე უნდა შევეხოთ ენგურჰესთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს.

    სათავო ნაგებობა - კაშხალი და წყლის გვირაბის ნაწილი მდებარეობს ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო გვირაბის დამამთავრებელი მონაკვეთი და სატურბინე სადგური - ოკუპირებულ ნაწილში.

    "სახალხო პარტიამ" იმთავითვე დააყენა ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალი სატურბინე სადგურის აშენების (არსებული გვირაბის გამოყენებით) ან ახალი გვირაბის, ტურბინებისა და მართვის ცენტრის აგების საკითხი. ამით შეიძლება შემცირებულიყო ელენერგიის გამომუშავება, მაგრამ ჩვენს ხელში მნიშვნელოვანი ბერკეტი გადმოდიოდა.

    ამ პროექტს ჰქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა და, სხვათა შორის, მის განსახორციელებლად მზად იყვნენ დონორი ორგანიზაციები. საკითხი დღესაც აქტუალურია და მონდომების შემთხვევაში მისი განხორციელება შესაძლებელია.

    წლების განმავლობაში იცვლებოდა ხელისუფლება, მთავრობა, მაგრამ, როგორც წესი, ამ საკითხთან მიმართებით ყველა "სირაქლემის პოზას" ინარჩუნებდა.

    "სახალხო პარტიას" მიაჩნია, რომ ხელისუფლების დუმილი თუ ჩუმი ქმედებები განპირობებულია ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ოკუპანტისადმი ლოიალური დამოკიდებულებითა და კორუფციული ინტერესებით.

    სახელისუფლო წრეებიდან ხანდახან "წამოკნავლებული" არგუმენტი, თითქოსდა ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საფასური, არის ტყუილი. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მთელი მსოფლიო აღიარებს და ამ პოლიტიკური და იურიდიული ფაქტისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებას ვერ შეცვლის საქართველოს მხრიდან ოკუპანტებისა და მათი მარიონეტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა. პირიქით, არსებული ვითარების შენარჩუნება ანიჭებს ოკუპანტებს მორალურ უპირატესობას, რასაც ისინი იყენებენ ენგურს იქით დარჩენილი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დასათრგუნად.

    მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებული მიმართულებით მუშაობა დაუყოვნებლივ არის დასაწყები. მასში აქტიურად უნდა იქნეს ჩართული როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე, დევნილობაში არსებული აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობაც.

    რუსეთიდან ბოლო დროს განახლებული მუქარა კიდევ ერთხელ და მკაფიოდ ადასტურებს ჩვენ მიერ დაყენებული საკითხების გადაწყვეტის საშურობას.

    ზყთყ ტექნიკურ საკითხებზე, გვირაბის დამოკლების, ყელის მიმართულების შეცვლის, ახალი სატურბინე სადგურისა თუ მართვის ცენტრის აშენების თემებზე მსჯელობის დაწყებაც კი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება ჩვენს ხელში, რისი გამოყენება მხოლოდ კორუმპირებული, მტერთან ფარულად გარიგებული ხელისუფლებისთვის თუ იქნება მიუღებელი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    2019   (22.04.2019)
    ენგურჰესი-ერთი ფაქტორია, რომელიც გვაკავშირებს, მაგრამ ამასთანავე უსაშველოდ გვაზარალებს, მაგრამ ეს შეიძლება გონივრულად გამოვიყენოთ და იქაური მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ ეს და სხვა მრავალი ფაქტორი, ტურიზმი,სოფლის მეურნეობა,ვაჭრობა, ტრანსპორტი, გამოყენებული იქნება მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად, თუ არ იქნება რუსეთის ჩარევა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფუნქციონირებაში...უნდა იყოს დასაბუთებული, რა სარგებელს მიიღებენ ისინი საქართველოს ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრებით და ეხლა რა დანაკარგებსა აქვს ადგილი, ამასთან დაცული იქნება ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტები...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×