სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    25.04.2019

     რომის პაპმა, ფრანცესკომ, სამხრეთ სუდანის ლიდერებს დაუჩოქა, მუხლებზე ემთხვია და ძმათშორისი სისხლისღვრის შეწყვეტა სთხოვა. კი არ მოუწოდა, სთხოვა, შეეხვეწა! მამა ფრანჩესკო დიდი ადამიანია. ჩემი დიდი პატივისცემა მას! ის იოანე პავლე მეორის კალიბრის მოღვაწეა.

    საკუთარი თავისა და კათოლიკე ქრისტიანების დამცირებაო, სახალხოდ წასცდათ აქა-იქ, რეგვნებს. რეგვენი რისი რეგვენია, მართლად და სწორად გაიგოს დიდი ადამიანების საქციელი... პაპისთვის იქ, ვატიკანიდან ასე შორს, სუდანში დასაღვრელი სისხლის აცილება მეტად მნიშვნელოვანი და გადაუდებელია, ამიტომ იქცევა ადამიანურად.

    ერთმა ქართველმა დედამ დაუჩოქა მკვლელებს - შვილს ნუ მომიკლავთო. არ შეისმინეს ორფეხა, ცოფიანმა ცხოველებმა, დედის თვალწინ დახვრიტეს შვილი. მათი რეფლექსი სხვა საქციელს არ ითვალისწინებდა. იმედი მაქვს, სუდანელი "მოღვაწეები" შეისმენენ პაპის ხვეწნა-მუდარას.

    ამან ახლო წარსულის ერთი დღე გამახსენა. ერთი კაი ბიჭი გამახსენა, ერთი ქართველი ბიჭი. "თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დე, მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი!" - ეწერა ახალგაზრდა ქართველი ექიმ-კარდიოლოგის - გია აბესაძის მიერ დანატოვარ ბარათში.

    "მეგონა, მამაჩემს ყველაზე მეტად მე ვუყვარდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველო ჩემზე მეტად ჰყვარებია." ამას მისი ერთადერთი ქალიშვილი იტყვის. მერე იტყვის... რომ გაიზრდება, მაშინ. 36 წლის იყო მაშინ გია. წლოვანების ხაზგასმას მიმიხვდებით ალბათ, ძვირფასო მეგობრებო - ეს არ იყო აფექტით, მოუმწიფებელი გონების მიერ შთაგონებული საქციელი.

    ამგვარი სიკვდილის გურამ დოჩანაშვილისეული გააზრებაა ზუსტი: "ეს თვითმკვლელობა არ იყო - ეს ძმათა ხათრით სიკვდილი გახლდათ..." ("სამოსელი პირველი").

    არც გია აბესაძის ქმედება იყო თვითმკვლელობა - ძმათა ხათრით, ახლო მომავალში ძმებისა და დების დასაღვრელი სისხლის ასაცილებლად შეწირული კაცის გმირობა იყო. ვაი, რომ ვერ შეგვასმინა!

    გია აბესაძე ეცადა - ჩვენ არ შევისმინეთ. აქ არაფერს ვიტყვი წერილის შინაარსზე გამოთქმულ მაშინდელ კომენტარებზე. იმედია, გახსოვთ. ხანდახან ეჭვიც კი მიჩნდება - არის კია რამე ისეთი უგვანო და არაადამიანური საქციელი, ჩადენა რომ არ-ვერ შევძლოთ?!... გულისტკივილით ვამბობ ამას.

    "შვილო, მაპატიე, გაიზრდები, გამიგებ," - შვილს ეუბნება მისთვის დატოვებულ ბოლო წერილში. შვილი გაიზარდა, გაიგო. ჩვენ?!... ჩვენ ვერც გავიზარდეთ და ვერც გავიგეთ! "მეგონა, მამაჩემს ყველაზე მეტად მე ვუყვარდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველო ჩემზე მეტად ჰყვარებია," - უნდა გავიმეორო გიას ქალიშვილის სიტყვები.

    საქართველო რომ ყველაზე მეტად ჰყვარებიათ, ცოტანი ყოფილან ისეთი კაცები. ცოტანი ყოფილან... "ექვსას მეტრ მიწას ხომ მომცემს მთავრობა?! სოფელში წავალ და მიწაზე ვიმუშავებ!"-ო. გეცნოთ?! ამის მთქმელი იმ კაცებიდან ხომ არ გგონიათ, თბილისი რომ სულ რაღაც ოცდაათამდე წელიწადში გადააგვარეს და ერთ დიდ საშიშროებად აქციეს?!

    იქნებ ისინი გგონიათ, ემიგრანტებში ერთმანეთისადმი სიძულვილს და შუღლს რომ აღვივებენ?! ან იქნებ ისინი, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში დეპუტატის ხელფასით რომ იშენებენ პატარა სასახლეებს და მერე ტელევიზიის მოურიდებელ ახალგაზრდებს "აქედან გაეთრიეთ!"-ო, უბღავიან?!

    ან იქნებ ნარდის და დომინოს მოთამაშე კაცები გგონიათ, უცხოეთში გადავარდნილი ცოლებისგან და დედებისგან გამოგზავნილ ფულს რომ ელოდებიან?! იქნებ მთავარ საფიხვნოში მჯდარი კაცები გგონიათ - ერთმანეთის ლანძღვა-გინების და ერთმანეთთან ბრძოლას რომ უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კანონებზე მუშაობას?! (ადრე ალბათ ბოდიშს მოვუხდიდი იქ მჯდარ რამდენიმე ადამიანს, ლამის ანაქრონიზმად რომ ჩანან, მაგრამ ახლა ამის სურვილიც გაქრა).

    ორი ადამიანის ჩემთვის ერთმანეთთან სულიერად და მეტად ადამიანურად დაკავშირებული საქციელის შესახებ ვეცადე აზრის გამოთქმა. იმედი მაქვს, ისინი, სუდანის ერთმანეთთან მეომარი ორფეხები, შეისმენენ რომის პაპის ხვეწნა-მუდარას. იმედი მაქვს, ჩვენც შევისმენთ, ჩვენც გავისიგრძეგანებთ გია აბესაძის საქციელს და მის ბოლო თხოვნას ჩვენდამი.

    ჩემი თაობის იმედი ნაკლებად მაქვს - არ ჩამომართვათ ზედმეტ პესიმიზმში. ჩემი თაობის კაცებზე ზემოთ დავწერე. ახალი, მომავალი თაობის იმედი მაქვს. მათი, ვისთვისაც უცხო არაა მეზობლის, ამხანაგის, გნებავთ, სრულიად უცხო ადამიანის ტკივილი. ტკივილის გაზიარებაც შეუძლიათ და სიხარულის გაზიარებაც! მადლობა ღმერთს, მოდიან! ახალგაზრდები მოდიან! ვეცადოთ, რა შეგვიძლია - გონებას ნუ მოვუწამლავთ და გზას ნუ ჩავუხერგავთ!

    გილოცავთ აღდგომის დღეს სასწაულს! განკაცებულმა ღმერთმა ჩვენი უკვე ჩადენილი ცოდვები იტვირთა და არა ჩასადენი. აღდგომას გილოცავთ!

    სოლომონ ნერგაძე პავიას უნივერსიტეტის პროფესორი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved