სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ერთი სარტყელი, ერთი გზის" საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კვალდაკვალ ჩინეთი-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივა იზრდება"
    მოსაზრება
    25.04.2019

     25 აპრილს საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის მე-2 ფორუმი - "ერთი სარტყელი, ერთი გზა" პეკინში საზეიმოდ გაიხსნება. ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, 40 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები და 150 ქვეყნის 5000-მდე წარმომადგენელი მოიყრიან თავს პეკინში და "ერთი სარტყელი, ერთი გზის" განვითარებისთვის ერთობლივ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

    ფორუმის გახსნაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ჩინეთის პრეზიდენტი - სი ძინფინგი. ამასთანავე, იგი უხელმძღვანელებს ლიდერთა მრგვალი მაგიდის შეხვედრას. მაღალი დონის ფორუმის ფარგლებში სულ 12 სესიაა დაგეგმილი.

    გარდა ამისა, პირველად ჩატარდება ბიზნესკონფერენცია. ლიდერთა მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე დაგეგმილია ერთობლივი კომუნიკეს მიღება, რაც "ერთი სარტყელი, ერთი გზის" თემაზე ქვეყნების ხელმძღვანელი პირების პოლიტიკური კონსენსუსის დემონსტრირებაა.

    ფორუმის ფარგლებში მიღწეული თანაშრომლობის შედეგები გამოქვეყნდება სპეციალურ ანგარიშში - "ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა: პროგრესი, წვლილი და პერსპექტივა". ბიზნესკონფერენციის ფარგლებში იგეგმება კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებაც.

    დარწმუნებული ვარ, "ერთი სარტყელი, ერთი გზის" საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის მე-2 ფორუმი წარმატებით ჩაივლის და ნაყოფიერ შედეგებს მოგვიტანს.

    როგორც ერთ დროს პრეზიდენტმა სიმ თქვა, "ერთი სარტყელი, ერთი გზა" ჩინეთიდან მოდის, მაგრამ შესაძლებლობები და შედეგები მთელ მსოფლიოს ეკუთვნის.

    ეს 2013 წელს ითქვა და ამის შემდეგ სარტყელისა და გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნები აქტიურად ჩაერთვნენ ინიციატივაში. დღეისათვის ჩინეთთან უკვე 123 ქვეყანამ და 29 საერთაშორისო ორგანიზაციამ გააფორმა "ერთი სარტყელი, ერთი გზის" თანამშრომლობის დოკუმენტი.

    2013-2018 წწ. ჩინეთსა და ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 6 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამასთანავე, ჩინეთი 25 მონაწილე ქვეყნის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ინიციატივის მონაწილე ქვეყნებში 244 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

    "ერთი სარტყელი, ერთი გზა" უკვე მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური თანამშრომლობის პლატფორმა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მნიშვნელოვანი პროდუქტია.

    საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც ამ ინიციატივას გამოეხმაურა. იგი ჩინეთთან "ერთი სარტყელი, ერთი გზის" თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმების პიონერია. ამასთანავე, თბილისში ორჯერ ჩატარდა "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ფორუმი.

    საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა არაერთხელ აღნიშნეს ინიციატივის მნიშვნელობა, მისი ფართო პერსპექტივა და ქართულ საზოგადოებას მასში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდეს. ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, ბიზნესგარემოს, ეკონომიკურ აქტივობას, განვითარების პოტენციალს და სხვა ხელსაყრელ პირობებს; მტკიცედ უწყობს ხელს "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ფარგლებში მასთან თანამშრომლობის განვითარებას, რისი ადრეული შედეგებიც უკვე აშკარაა.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია 2017 წლის მაისში "ერთი სარტყელი, ერთი გზის" საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის 1-ლი ფორუმის ფარგლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რამაც ძლიერი სტიმული მისცა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

    2018 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერი - მამუკა ბახტაძე შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველ ექსპოს დაესწრო, სადაც პრეზიდენტმა სიმ და პრემიერმა ბახტაძემ მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს. 2018 წელს ჩინეთი-საქართველოს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს - 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რითაც 2015 წელს ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრების მიერ დასახული მიზანი შესრულდა.

    დღეს ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი და ქართული ღვინის რიგით მესამე საექსპორტო ბაზარია. ოცდაათამდე ჩინური კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ეკონომიკური ზონების, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ფინანსთა, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციისა და სხვა დარგების განვითარებაში.

    მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში. საქართველო თანდათან უფრო პოპულარული ხდება ჩინელი ტურისტებისთვის. 2018 წელს მათი რაოდენობა თითქმის 90%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყნებს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაც გამუდმებით ძლიერდება. ჩინურ უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყო ქართული ენის სწავლება, ხოლო საქართველოში შეიქმნა კონფუცის ინსტიტუტი და კონფუცის კლასი. საქართველოში უკვე ათას სტუდენტზე მეტი ეუფლება ჩინურ ენას.

    ამა წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენის სწავლების ხელშეწყობის შესახებ და ჩინურ ენას მეორე უცხო ენის სამართლებრივი სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

    ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიამ და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ერთობლივად დააფუძნეს "ჩინეთის კვლევითი ცენტრი". "ერთი სარტყელი, ერთი გზის" მშენებლობის შედეგად ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობიდან მეტ სარგებელს იღებენ, ეკონომიკური კავშირები ღრმავდება და ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთგაგება და მეგობრობა იზრდება.

    ჩინეთის მთავრობის მიწვევით, საქართველოს ვიცე პრემიერი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი "ერთი სარტყელი, ერთი გზის "საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის მე-2 ფორუმზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობენ.

    იმედი გვაქვს, რომ ერთად გამოვიყენებთ ამ ფორუმის შესაძლებლობებს, ერთად დავსახავთ "ერთი სარტყელი, ერთი გზის" თანამშრომლობის გეგმებს, ხელს შევუწყობთ თანამშრომლობის არეალის გაფართოებას და ჩინეთი-საქართველოს შორის ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლას.

    ძი იენჩი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×