თამთა ჩაჩანიძე
05.09.2020

სოფელ ყარაფილასთან მცოცავი ოკუპაციის განახლება, ლუგარის ლაბორატორიაზე ჰაკერული თავდასხმა და „ნოვიჩოკის" საქართველოში წარმოების შესახებ რუსეთში გაკეთებული განცხადება, ერთი და იმავე საბრძოლო ოპერაციის სხვადასხვა ეტაპებია, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მე-16 განყოფილებამ დაგეგმა და განახორციელა, - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია და შესაბამისი მტკიცებულებებიც მოჰყავს.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე კიბერთავდასხმა 3 სექტემბერს მოხდა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებიდან სამედიცინო დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას და გამოყენებას ისახავდა მიზნად. თავდასხმაზე ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა, მოპარული დოკუმენტაციის ნაწილი ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე იყო ატვირთული, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყო. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც მაისაია აღნიშნავს, დიდი ალბათობით ჰაკერულ თავდასხმაში რუსეთის ხელი ურევია, რადგან ანალოგიური მეთოდით ამერიკული სერვერებიდან ჰაკერული გზით ქვეყნის მილიონობით ამომრჩევლის დოსიეები რუსულ ჰაკერულ მოედანზე დაიდო.

„ჰიბრიდული ომის ფარგლებში ჩვენზე თავდასხმა სამეტაპიანი იყო. პირველი ეტაპი იყო სოფელ ყაფილასთან მცოცავი ოკუპაცია, რომელიც გორის მაგისტრალთან 300 მეტრამდე მოახლოვდა, მეორე იყო ლუგარის ლაბორატორიაზე მიზანმიმართული კიბერთავდასხმა და მერე საინფორმაციო ომის ფარგლებში გაკეთებული განცხადება, რომ თურმე „ნოვიჩოკი" საქართველოში მზადდება.

„რატომ შეიძლება ვიფიქროთ,რომ ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერ თავდასხმაში რუსები არიან გარეული? არგუმენტები მაქვს, რამდენიმე დღით ადრე „დარკნეტის" რუსულ ჰაკერულ მოედანზე, ჰაკერული გზით ამერიკის შესაბამისი სერვერებიდან მოპოვებული მიჩიგანის, კონექტიკუტის, არკანზასის, ფლორიდისა და ჩრდილოეთ კაროლინის რამდენიმე მილიონი ამომრჩევლის დოსიეები დაიდო. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმის დროსაც ანალოგიური მეთოდი იქნა გამოყენებული.

„შესაძლოა ასეთი რამ სხვა ქვეყნის ჰაკერულ ჯგუფსაც გაეკეთებინა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რუსული სტილი ასეთია. თან არ დაგვავიწყდეს, რომ აშშ-შიც და საქართველოშიც წინასაარჩევნო კამპანიებია და ეს იყოს ერთგვარი წინასწარი და გამაფრთხილებელი კიბერშეტებვები იმისათვის, რომ საქართველოში არასტაბილური სიტუაცია შეიქმნას.

„რუსი ჰაკერები ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ასეთი ტიპის ფეიკური საიტების შექმნას ახორციელებენ, მათ თავიანთი დიდი ინსტიტუტები გააჩნიათ, ესაა სახელმწიფო და კერძო კომპანების ურთიერთშეწყმა, კონკრეტულად კი რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურში მე-16 სამმართველო მოქმედებს, რომლის დიდი ამოცანა რადიოელექტრონული დაზვერვის განხხორციელებაა, ამ სამმართველოს ეგიდით კი მოქმედებს გასაიდუმლოებული სამხედრო ნაწილი, რომლის ნომერია 71330, რომლის დაკვეთითაც მოსკოვში დარეგისტრირებული აიტი კომპანია „საიტეკი" მუშაობს.

„და მეორე ნიუანსი - „ეფ-ეს-ბე"-ს შიგნით სპეციალური კვლევითი ინსტიტუტი „კვანტი" მოქმედებს, რომელიც სტრუქტურულად მე-16 სამმართველოში შედის და რომელიც ასეთი გამტეხი ჰაკერული პროგრამების შემუშავებას ახორციელებს, რომელიც კერძო კომპანია „საიტეკის" მეშვეობით, კონკრეტულ ობიექტებზე თავდასხმებს ახორციელებს.

„ეფ-ეს-ბე" პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების წინააღმდეგ აგენტურულ-ოპერატიული ტიპისა და ჰიბრიდულ ოპოერაციებს, მათ შორის კიბერ თავდასხმებს ახორციელებს და ის ჯგუფიც, რომელმაც ამერიკის ამომრჩევლების დოსიეები დადო, შესაძლოა ამ სტრუქტურების შექმნილიც იყოს, ყოველ შემთხვევაში „ეფ-ეს-ბე"-ს მე-16 სამმართველოს ეს სტრუქტურები რომ საქართველოზე მუშაობდნენ, ამის დიდი ალბათობა არსებობს და ეს იყო ჰიბრიდული ომის მეორე ეტაპი. მე ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში, როცა ჯერ კიდევ არაფერი არ იყო, აღვნიშნე, რომ რუსები გააქტიურდებოდნენ, მათ შორის კიბერშეტევების კუთხითაც", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×