როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და რა რეგულაციების დაცვა მოუწევს ამომრჩეველს
მარიკა ხორავა
16.10.2020

საქართველოში ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით საარჩევნო უბანში მისულ ამომრჩეველს პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს. ასევე, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის დღეს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სავალდებულო იქნება.

ცენტრალური სააჩევნო კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციების შესახებ „რეზონანსთან" ისაუბრა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ. ის აცხადებს, რომ ცესკოს-ს დადგენილების თანახმად, ამომრჩევლის უფლებები არც ირღვევა და არც იზღუდება.

„არაორდინალური ვითარებაა. ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველოც ცდილობს შეზღუდოს კორონავირუსის გავრცელება. არ ვთვლი, რომ ახალი რეგულაციებით ამომრჩევლის უფლებები ირღვევა და ძალიან იზღუდება. ქვეყანაში არ არის, ისეთი ვითარება, რომ ხმის მიცემის მხრივ პრობლემები შეიქმნას.

"თუ ოპოზიცია და სხვა არასამთავრობო სექტორი თვლის, რომ ხმის მიცემის მხრივ რაიმე პრობლემაა. ამ შემთხვევაში მათ რეგულაციების დაცვის უკეთესი ვარიანტი უნდა შესთავაზონ ხელისუფლებას. თუ უკეთესი ვარიანტი იქნება, რომელსაც არ მიიღებენ და არ გაითვალისწინებენ, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ რომ ეს არის მიზანმიმართული ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ძაბირაძემ.

ძაბირაძე ფიქრობს, რომ საკმაოდ რთული ვითარება იქნებოდა, როდესაც ამომრჩეველს ტემპერატურის ქონის შემთვევაში ხმის მიცემის უფლება არ ექნებოდა.

„საკმაოდ რთული ვითარება იქნებოდა, როდესაც ამომრჩეველს ტემპერატურის ქონის შემთხვევაში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნებოდა. ეს შემთხვევა შესაძლოა ხელისუფლებას გამოეყენებინა სათავისოდ. ამომრჩეველი, რომელიც მისი მხარდამჭერი არ არის, შეეძლო უკან დაებრუნებინა, მიუხედავად იმისა ტემპერატურა ექნებოდა თუ არა.

"ამომრჩეველს, როდესაც ტემპერატურა აქვს, თუმცა ხმის მიცემის შესაძლებლობას აძლევენ, მგონია, რომ ამ დროს ყველაფერი რიგზეა. სხვა მხრივ, დეტალურად ვერ შევაფასებ", - განაცხადა ძაბირაძემ.

31 ოქტომბერს, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს, უარის თქმის შემთხვევაში კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა.

ცენტრალური საარჩევო კომისიის დადგენილების მიხედვით, ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე თავდაპირველად კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს, შემდეგ კი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ პირადობის მოწმობაში ან პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს.

დადგენილების თანახმად, ამომრჩეველი, რომელიც პირბადის მოხსნაზე უარს იტყვის, არ დაიშვება კენჭისყრის ოთახში და მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.

„გასათვალისწინებელია, რომ პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო ცნობით.

სხვა ყველა შემთხვევაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება. თუ პირი არ დაიცავს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით დადგენილ წესებს, ის ექვემდებარება გაფრთხილებას.

თუ გაფრთხილების მიუხედავად პირი გააგრძელებს პირბადის ტარების წესის დარღვევას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია მიუთითოს მას, რომ დატოვოს კენჭისყრის შენობა.

თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ შეასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მისი კენჭისყრის შენობიდან გაძევების საკითხზე", - ნათქვამია ცესკოს დადგენილებაში.

ცენტრალური საარჩევო კომისიის დადგენილება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის დღეს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრას ემსახურება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაში ნათქვამია, რომ კენჭისყრის კაბინა ერთი მხრიდან გახსნილი უნდა დარჩეს და გახსნილი მხარე კედლისკენ უნდა იყოს მიმართული ისე, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, ამომრჩეველი კი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით.

ამასთანავე, კენჭისყრის შენობაში უნდა განთავსდეს კონტეინერი, რომელშიც ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ, მის მიერ გამოყენებული კალამი უნდა მოათავსოს.

ცესკოს-ს დადგენილების თანახმად, კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციისთვის საჭირო, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი. ასევე, თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

ამასთანავე, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი ტემპერატურის შემოწმების გარეშე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეგულაცია ამომრჩეველზე არ ვრცელდება.

გარდა ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირების, მათ შორის, კარის სახელურებისა და სამუშაო მაგიდების სათანადო წესით ყოველ 3 საათში ერთხელ დამუშავება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით;

რაც შეეხება, საარჩევნო ბიულეტინების დათვლის პროცესს, მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა კი მაგიდისგან 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და დახარისხების პროცესზე დაკვირვება.

საარჩევნო უბნის გახსნამდე და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესის დასრულების შემდგომ, უნდა მოხდეს კენჭისყრის შენობის დალაგება და დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×