ელზა პაპოშვილი
25.11.2020

კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ანექსიისაკენ - ასე აფასებს ოფიციალური თბილისი მოსკოვის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას. მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის ეგრეთ წოდებული შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც რუსეთს სურს, 3 წლის ვადაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონები პრაქტიკულად მთლიანად მოხვდება მის სამართლებრივ და ეკონომიკურ სივრცეში და ამით გააგრძელოს 2014 წელს დაწყებული პროცესი, როცა ოკუპირებულ რეგიონებთან ეგრეთ წოდებული სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა. 

„რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აღნიშნულ შეთანხმება საფრთხის შემცვლელი თავად აფხაზეთისთვისაა. მათი თქმით, თუ აქამდე აფხაზეთი რუსეთის „უკანა ეზო“ იყო, ამ დოკუმენტის მიხედვით ის ხდება მისი „შიდა ეზო“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მთლიანი სოციალურ-ეკონომიკური სფერო ფაქტიურად რუსეთზე იქნება მიბმული. ხოლო ყველაზე მეტად საშიში პუნქტი თვითონ აფხაზებისთვის ქონებასთან დაკავშირებული პუნქტი იქნება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2-3 წელიწადში როგორც სამაჩაბლო, ისე აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ნაწილად იქცევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცება დე ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება. 

„რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისევე, როგორც მის ფარგლებში შემუშავებული ყველა ე.წ. „შეთანხმება“, „მემორანდუმი“ თუ „პროგრამა“ უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას.

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას“, - ვკითხულობთ განცახდებაში. 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამ პროგრამის დამტკიცებას რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიად აფასებს. მისი თქმით, ეს შეთანხმება ყველაზე დამაზიანებელი თავად აფხაზებისთვის იქნება, რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი უძრავი ქონების საკუთრების საკითხია. 

მისი თქმით, რუსეთს სურს, რომ რაც შეიძლება მეტ მის მოქალაქეს საშუალება ჰქოდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრება შეიძინოს. ამიტომაც პირველ რიგში დარტყმას ამ მიმართულებით აფხაზები მიიღებენ. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი კამათში აფხაზეთს აღარც იყენებს, რადგანაც ის საქართველოს ფაქტობრივად ჩამოაშორა და მიაჩნია, რომ ამ კუთხით ჩვენ პროლემას აღარ წარმოვადგენთ. საქართველოს სხვა მიმართულებიდან აშანტაჟებს. 

„ეს არის წმინდა წყლის ანექსიური პოლიტიკა, რაც აფხაზებისთვის დიდი საფრთხის მატარებელია. ახლა საქართველომ რაც უნდა გააკეთოს, ის არის, რომ ამ პროგრამის დამტკიცების წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე ილაპარაკოს. რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული პროგრამით აფხაზეთის ანექსიას ახდენს. ასევე საქართველოს მხარე აფხაზებთან პირდაპირ კონტაქტზე უნდა გავიდეს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ აფხაზები კონატქტს ცდილობდნენ. ასლან ბჟანია როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა, მან გარკვეული გზავნლები ჩვენი ხელისუფლების მისამართით გააკეთა. ასევე სიგნალი იყო დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ანქვაბის მხრიდანაც. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა შამბამაც არაერთხელ თქვა, რომ მათ ქართულ მხარესთან დიალოგი სურთ. ჩვენ კი ამ ყველაფერს რუსული პროექტი ვუწოდეთ. აფხაზები თავის გადარჩენას ცდილობენ და ჩვენ ამაზე უარს ვეუბნებით“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, საქართველოში მოიძებნება ხალხი, რომელთაც აფხაზურ მხარესთან საუბარი შეუძლიათ. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ აფხაზები რუსეთის ანექსიისგან დავიცვათ. ზაქარეიშვილის აზრით, რაც შეიძლება მეტი ორმხრივი პოლიტიკა უნდა გვქონდეს ჩვენ აფხაზურ მხარესთან, იმისთვის, რომ მივაბათ საქართველოს, ქართულ ეკონომიკას, სოციალურ პროგრამებს და ისინი რუსეთზე დამოკიდებულები არ იყვნენ. აფხაზებს ამის მზაობა ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ მათ ხელი ისე ვკარით, არც კი დავინტერესებულვართ რა უნდოდათ. 

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსეთი ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აფხაზეთს მის გარდა სხვა გასაქანი არ მისცეს. მისი თქმით, რუსეთმა აფხაზეთის ინტეგრაციის პროცესი ბოლო დროს გააქტიურა და იძულებულს გახდის აფხაზებს, რომ წინააღმდეგობა საერთოდ ვეღარ გაუწიონ. 

„ბოლო დროს ვხედავთ, რომ მოსკოვს აღარ სჯერა აფხაზების და ისეთ პირობებს უქმნის, რომ მომავალში ვერსად გაიხედონ. რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია იცვლება და ყარაბაღის ომმა ეს კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა. ახლა რუსეთის მთავარი ამოცანა სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებაა. ამ ამოცანაში შედის ყარაბაღში სამშვიდობოების დაყენებაც, აფხაზეთის თემის მოგვარებაც, ე.წ სამხრეთ ოსეთის თემის მოგვარებაც და საქართველოს საკითხის გადაწყვეტაც. 

„აფხაზებს თურქებთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, რაც მოსკოვს ძალიან აღიზიანებს, ამიტომაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სხვადასხვა პროცესი დაიწყეს, რაც რუსულ სამართლებრივ სივრცეში აფხაზეთის ინტეგრირებას გულისხმობს. 

„პირველი, რაც რუსებმა მოიმოქმედეს, ეს ერთობლივი უსაფრთხოების სისტემის შექმნა იყო, მერე უკვე ერთობლივი ეკონომიკური და სოციალური სივრცის შექმნა დაიწყეს და ეს პროგრამაც ამის გაგრძელებაა. შესაძლოა აფხაზეთი ასე პირდაპირ, როგორც პოლიტიკური ერთეული, არ მიიერთოს, მაგრამ ისეთ დღეში ჩააგდებს, რომ კრემლის გარეშე ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამენ. მითუმეტეს, რომ ის დაფინანსება, რაც რუსეთიდან მოდის, აფხაზეთის ბიუჯეტის მკვებავია და მის გარეშე რეგიონი ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება“, - ამბობს არეშიძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
სიმართლე   (26.11.2020)
იმედია ჩვენც შეგვიერთებს რუსეთი. 30 წლის მანძილზე ამდენი ნაძირალა, ქლესა და გაიძვერა ღრუზინის ყურებას ისევ რუსის ჩექმა მირჩევნია. მალე ამას 99 პროცენტი მოითხოვთ ზამთარში.....

tatoo   (26.11.2020)
30 წელი ჩვენი უსუსურობის არადა იყო შანსი იგივე 90წლების ბოლოს ამ საკიტხის გადაწყვეტის....


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×